ავტომობილების სავალდებულო დაზღევასთან დაკაშირებით ყოველდღე ახალ-ახალი ინფორმაციები ვრცელდება. ხარვეზებზე სპეციალისტები უკვე საუბრობენ. შესაძლოა, ერთი მხრივ საჭირო პროექტმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს.
საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისათვის 2019 წლის 1-ლი ივლისიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოდის. კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობას ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით.
ქვეყანაში ამ დროისათვის 1,2 მლნ მოქმედი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა. თითოეული მათგანის დაზღვევა, საშუალოდ 150 ლარი ეღირება. გამოდის, 1 წლის განმავლობაში დაახლოებით 180 მლნ ლარის მობილიზება მოხდება მხოლოდ ამ გზით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომფლობელებს, რომლებიც კერძო სადაზღვევო პაკეტით უკვე სარგებლობენ, მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ დამატებითი სადაზღვევო შენატანის გაკეთება მაინც მოუწევთ.
იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებიც წლის განმავლობაში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოიწვევენ, მესამე პირის სავალდებულო სადაზღვევო პაკეტის შეძენა გაცილებით ძვირი იქნება. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ირაკლი თუთარაშვილის ინფორმაციით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ამოქმედებიდან 3 წლის შემდეგ ე.წ. „ბონუს-მალუს“ სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.
„კანონით განსაზღვრულია, რომ ქვეყანაში სამი წლის შემდეგ შესაძლებელია „ბონუს-მალუს“ სისტემის შემოღება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მძღოლი რამდენიმე წლის განმავლობაში არ იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევას და არის ე.წ. კარგი მძღოლი, მას მოუწევს ბევრად ნაკლები სადაზღვევო პრემიის გადახდა, ვიდერე იმ მძღოლს, რომელიც ხშირად ხვდება ავტოავარიაში.
როგორც იცით, კანონპროექტით გათვალისწინებულია სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულების ქვედა და ზედა ზღვარი, რომელიც არ შეიცვლება. „ბონუს-მალუს“ სისტემის მიხედვით კი, თუ მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლისთვის სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულება 100-დან 150-ლარამდეა, კანონმორჩილმა მძღოლმა შესაძლოა, 100 ლარზე ბევრად ნაკლები გადაიხადოს, ე.წ. ცუდი მძღოლების სადაზღვევო პრემია კი 150 ლარზე ძვირი ეღირება“, - განაცხადა თუთარაშვილმა.
დაუზღვეველი ან დაუდგენელი ავტომობილების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება კი სპეციალურად შექმნილი ბიუროს ფონდიდან მოხდება. ბიურო ავტომობილის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებამდე ჩამოყალიბდება და მასში იქნება თავმოყრილი მთელი საინფორმაციო ბაზა დაზღვეული და ზოგადად საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების შესახებ.
სისტემის შემუშავების პროცესში არ იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სფეროს სპეციალისტები. ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დირექტორი ირაკლი იზორია „რეზონანსთან“ თავად სისტემის ამოქმედებას დადებითად კი აფასებს, თუმცა არაერთი კითხვა აქვს დეტალებთან დაკავშირებით.
„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა ისე, რომ არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროში მუშაობს, არ იყო ჩართული და მეტიც, ჩვენ არც კი ვიცოდით, რომ მსგავსი ინიციატივა მუშავდებოდა. არადა, დაახლოებით 7-8 წელია, ვითხოვთ მესამე პირის დაზღვევის ამოქმედებას, რომელიც ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებში აპრობირებული პრაქტიკაა და გამოცდილებამ აჩვენა, რომ კარგი ბენეფიტის მომტანია.
პირველი მოსმენის შემდეგ გამოჩნდა, რომ კანონპროექტი საკმაოდ კარგადაა მომზადებული, თუმცა გვაქვს შენიშვნები ტარიფებთან დაკავშირებით. თუ ძალიან კარგად არ აუხსნის მოსახლეობას სახელმწიფო აღნიშნული კანონის სიკეთეს, დიდი უკმაყოფილება მოჰყვება, რაც პროცესს დააზარალებს“, - აცხადებს იზორია.