11 წლის წინ განხორციელებულ ტრანსაქციებზე ხაზარაძე პარლამენტში ისაუბრებს

11 წლის წინ განხორციელებულ ტრანსაქციებზე ხაზარაძე პარლამენტში ისაუბრებს

ანაკლიის პორტი იქნება მთავარი საკითხი, რაზეც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დეპუტატებთან მოუწევს საუბარი. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ მაია ცქიტიშვილთან კითხვები სწორედ პორტის მშენებლობის მიმდინარეობაზე ექნებათ, რადგან სამუშაოების გარკვეულ ნაწილს სამინისტროც ასრულებდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კითხვები იყოს აქტუალური. გზებთან, აუთვისებელი თანხების მიზეზებთან დაკავშირებული კითხვები გვექნება. რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებული კითხვებიც იქნება. ეს თემა აქტუალურია. პორტთან მიმართებაში გარკვეულ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასრულებდა და მისი მიმდინარეობის შესახებ იქნება შეკითხვები. დეპუტატებს, ცხადია, რეგიონულ ჭრილშიც ალბათ ბევრი კითხვა ექნებათ“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ევროპული საქართველო“ მამუკა ხაზარაძეს გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენის ჩატარებას სთავაზობს. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მზად არიან, ბანკის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე მსჯელობისთვის პარლამენტის შესაბამის კომიტეტში მივიდნენ და შესაბამის კომიტეტებში მოსმენილ იქნას ინფორმაცია 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანსაქციებთან დაკავშირებით.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან პარლამენტში უნდა გაეცეს პასუხები ყველა იმ კითხვას, რომელიც ამ საქმეზე დაგროვდა.  

„ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ პარლამენტში გაეცეს პასუხი იმ კითხვებს, რაც დაგროვდა ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ცალკე აღებული მამუკა ხაზარაძის პრობლემა. ეს არის სისტემის პრობლემა. ერთის მხრივ, ინსტიტუციების გამოყენების, კონკრეტული ადამიანების, თუ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით და მეორე, ეს თავისთავად ძალიან საფრთხის შემცველია ყველა მოქალაქისთვის. ამიტომ პარლამენტი არის სწორედ ის ადგილი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ხელისუფლებას ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდების მიზნით დაწყებული პროცესების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.  დეპუტატი ამბობს, რომ ივანიშვილის პირადი შეტევა „თიბისი ბანკზე“ მიზნად ისახავს წარმატებული ბანკისა და ანაკლიის პორტის პროექტის ხელში ჩაგდებას.

„სწორედ ხელისუფლება იბრძვის ივანიშვილის დაკვეთით. ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეეშვას სახიფათო თამაშს. ის, ვინც ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს, ხალხი დაახრჩობს ანაკლიის ღრმაწყლოვან ზღვაში, გინდ სიმბოლურად გაიგეთ ეს სიტყვები და გინდ - სხვა მნიშვნელობით. არავის არ ეპატიება ამ პროექტის ჩაძირვა. კეთილი ინებეთ და გამოფხიზლდით უმრავლესობა და ეს საკითხი განვიხილოთ პარლამენტში ყველამ ერთად“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

ოპოზიციის ბრალდებას უარყოფს ეკონომიკის მინისტრი, რომლის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ სიტუაცია და ანაკლიის პორტის დაფინანსება პრაქტიკულად არანაირ კავშირში არ არის ერთმანეთთან. გიორგი ქობულია ამტკიცებს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული პროცესები ანაკლიის პროექტზე უარყოფითად არ აისახება.

„ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესებს ანაკლიის პროექტზე ძალიან დიდი გავლენა არ მოუხდენია. ჩვენ, როგორც მთავრობა მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს. ჩვენი მხარდაჭერა გამოიხატება იმ დაფინანსებაში, რომელსაც ვაძლევთ ამ პროექტს. ეს ეხება მიწების გამოსყიდვას, ინფრასტრუქტურის მშენებლობას, 100 მილიონ დოლარამდე პირდაპირ ინვესტიციას პროექტის კაპიტალში.

მე მგონი, ეჭვი არ უნდა შეეპაროს არავის, რომ მთავრობა გვერდში უდგას ამ პროექტს და ეხმარება. რაც შეეხება პროექტზე მიმდინარე პროცესის ზემოქმედებას, ამ პროექტში ჩართულია მთელი კონსორციუმი. ეს არ არის მხოლოდ ცალკეული პიროვნებების პროექტი, ამიტომ ვერ ვხედავ ისეთ ძალიან დიდ გავლენას ამ პროექტზე. რაც შეეხება ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას, რაღაც გავლენა აქვს“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

„თიბისი ბანკის“ საქმის პარლამენტში განხილვის მომხრეა ვიცე–სპიკერი. როგორც თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ კონკრეტულ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და კარგი იქნება თუ დეპუტატები მიიღებენ მამუკა ხაზარაძისა და პროცესში ჩართული სხვა პირებისგან ინფორმაციას. რაც შეეხება საქმის პოლიტიკურ შეფასებას, ამბობს ვერ გააკეთებს, თუმცა, მისი თქმით, სახელმწიფოს ინტერესი არის გამოკვეთილი, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს და მას სახელმწიფო ხელს უწყობს.

„აშშ–ში ვიზიტის დროს ერთ–ერთი მთავარი თემა, რაც მქონდა სასაუბრო იყო ის, რომ ამ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მე როგორც ვხვდები, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ გამოთქვეს სხვადასხვა აქტორებთან და მათ შორის პარლამენტთან შეხვედრის სურვილი.

ვერ ვხვდები რა შეიძლება გვქონდეს იმის საწინააღმდეგო, რომ მოვუსმინოთ ამ ადამიანებს, იმიტომ, რომ ფაქტია, მნიშვნელოვანი საქმეა და საზოგადოებრივი ინტერესი ახლავს. ბუნებრივია, გამოძიება როგორ წარიმართება, ეს შეხვედრა გავლენას ვერ იქონიებს, მაგრამ იმისთვის, რომ პარლამენტის წევრები იყვნენ ინფორმირებული, შესაძლებელია ეს ცუდი არ იყოს. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

განსხვავებულია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია. რომან კაკულია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ შექმნილი ვითარება ქვეყანას ურტყამს და გამოძიების შედეგებით უნდა გაირკვეს, ღირდა თუ არა ეს მსგავს რისკად. დეპუტატი ელოდება, რომ პროკურატურა და გამოძიება ყველა ლეგიტიმურ კითხვას უპასუხებს. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მისმა კომიტეტმა გამოძიებისგან ინფორმაციის მოსმენა მოითხოვოს.

„ეს სიტუაცია ყველა ჩვენგანს ურტყამს, ქვეყანასაც ურტყამს და ყველაფერს, თუ რამეზე დარტყმა შეიძლება, მაგრამ ამას პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ, როდესაც ჩვენ გავიგებთ, რასთან გვაქვს საქმე. იმდენად გონივრული უნდა იყოს, უნდა მივხვდეთ, რომ ღირდა ამ რისკად და ამის უკან იდგა ნამდვილად ისეთი საქმე, რომელზეც თვალს ვერ დახუჭავდა ვერც პროკურატურა და ვერც სახელმწიფო.

ასეთ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება და ქვეყანა, განსაკუთრებით ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას. მაგრამ, თუ  დავინახავთ სიტუაციას, რომ არაადეკვატურობასთან გვაქვს საქმე, მაშინ ყველა  რისკი და მსგავსი კრიტიკული შენიშვნა ობიექტური იქნება.

წინასწარ არ შევაფასებდი, თუმცა მოლოდინი მაქვს, რომ ლეგიტიმურ შეკითხვებს უპასუხებს თავისი გონივრულობითა და ადეკვატურობით პროკურატურა და გამოძიება. დეტალებში ჯერ არ შევალ, იმედი მაქვს, უფრო ზურგგამაგრებული ვიქნები არგუმენტებით, რომელსაც პროკურატურა მოგვცემს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

„თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა. დიპლომატი ამბობს, რომ ევროკავშირისთვის ეს ვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან „თიბისი ბანკი“ ქვეყნის სისტემური ბანკია და ისეთ საკითხები, როგორიცაა საქართველოს მაკროფინანსური სტაბილურობა, სერიოზულად გათვალისწინებული უნდა იყოს.

„რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ, ვინაიდან ჩემი მხრიდან არაკეთილგონივრული იქნება კომენტარის გაკეთება გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებული იყო ეროვნული ბანკის ზედამხედველობითი უფლებამოსილების ფარგლებში. ჩვენ განვაგრძობთ მოვლენების დაკვირვებას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

 

 

leviko რაც კი პროექტები განხორციელდა საქართველოში იყო მიზან მიმართული მხოლოდ იმისთვის რომ ავუაროთ გზა რუსეთს, და არც ეს პორტია ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი, მე ეჭვიც არ მეპარება რომ მალე ამას მიხვდება ყველა, ახალქალაქის რკინიგზაც გაიყვანეს მაგრამ რაღაც გრანიოზული მოგება ჯერ არ ჩანს საქართველოსთვის, ისეთუ უარგისი გზაა
5 წლის უკან