პარადი იშტოიანებს მიყავთ

პარადი იშტოიანებს მიყავთ

(გიგი მესვეტე)

აი, რიჩარდ მაილსმაც შეასრულა თავისი ფუნქცია - ერთი რეჟიმი მეორე რეჟიმით შეცვალა, ახლა კი, დარბის და სუვენირებს ყიდულობს, ჩემოდნებს ალაგებს... თან, საქმეებს აწესრიგებს, უნდა გადააბაროს.

ამერიკის პირველი ელჩი კენტ ბრაუნი იყო, ორმეტრიანი და ორმოცდაათკილოიანი ვინმე, ტიპიური ამერიკული გამოხედვით. ისიც წავიდა. გერმანიის პირველი ელჩი იყო გიუნტერ დალჰოფი. ელჩობის ვადა რომ გაუვიდა, ქართველი შეირთო ცოლად და გაემგზავრა. მოდიან, მიდიან. ელჩთა ცვლის პროცესს, საერთოდ,როტაცია ეწოდება.

ამ სიტყვის მნიშვნელობა დიპკორპუსთან მიმართებაში თითქმის ყველა ძაღლმა და ღორმა იცის, მაგრამ ისე მოხდა, რომ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული ქართველი ელჩების როტაციის საკითხი სწორედ ისეთებს ჰქონდათ დავალებული, რომ არ ცნობენ როტაციას, საერთოდ, არავითარ ცვლილებებს რომ არ ცნობენ. ერთი-ორჯერ თუ გაისმა ადრე, დროა, ელჩები გამოვცვალოთო, მაგრამ...

მაშინ, მართლაც ანეკდოტური სიტუაცია შეიქმნა: ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ფესვგადგმულმა ელჩებმა მედიის პირით საქართველოს მოსახლეობას შემოუთვალეს - წამოვიდოდით, მაგრამ უკან დასაბრუნებელი ფული არ გვაქვსო. კი იცოდნენ, არავინ რომ არ დაუჯერებდათ, მაგრამ რაღაც ხომ უნდა ეთქვათ?

არწამოსვლის მიზეზი კი, რა თქმა უნდა, სულ სხვა იყო და ის საბაბ-მიზეზი დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. ვერაფრით ელევიან კოსმონავტებს, აკადემიკოსებს, იშტოიანებს... აკადემიკოსების მეტი რა გვყავს?! პარლამენტი და მთავრობა მხოლოდ იშტოიანებით კომპლექტდება და სასწორის თეფშებზე აქეთ-იქით რომ დავსვათ, ჩვენი რეზერვისტი აუცილებლად გადასწონის იმათ კოსმონავტს.

ამაშია საქმე - „კაბერნეს“ წრუპავენ და უცხოელ იშტოიანებთან ლაყბობაში ატარებენ დროს. პატარა არაყი „თეთრი“ და კობა ბექაური დაბალ დონედ მიაჩნიათ.

არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ საქართველოს ელჩი ევროსაბჭოში, ლანა ღოღობერიძე, ჯერ კიდევ შევარდნაძეზე ყოფილა ნაწყენი - ამდენი წელი ამ სოფელში დამაყუდაო. „ქადაგად დავარდა დაყუდებული ბერი ევდემონ...“ დაყუდებული მონაზვნებიც არსებობენ?

პარლამენტის თანხმობით მთავრობა ამა თუ იმ ქვეყანაში აგზავნის ელჩს, რათა ამ უკანასკნელმა იმ ქვეყანაში დაიცვას საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესები და იმ ქვეყნის მთავრობას შიგა და შიგ გააცნოს თავისი მთავრობის პოზიცია და კურსი, რომელსაც, რა თქმა უნდა, თვითონაც ეთანხმება. თუ არ ეთანხმება, შეუძლია დაწეროს განცხადება და გადადგეს.

შევარდნაძის საქართველოს შირაკის საფრანგეთში მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენდა გოჩა ჩოგოვაძე. წავიდა შევარდნაძე - წამოვიდა ჩოგოვაძე. იგივე შეიძლება ითქვას კოტე გაბაშვილზე, რუსუდან ლორთქიფანიძეზე, ვალერი ჩეჩელაშვილზე და სხვებზე. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძაანაც არ უნდოდათ წამოსვლა. გაბაშვილს და ლორთქიფანიძეს რომ ვუყურებ, ვგრძნობ, უკვე ყელში ამოუვიდათ ნაციონალური რეზერვისტები და ეროვნული იშტოიანები. ვგრძნობ, რომ არ იტყოდნენ უარს რომში და ბერლინში დაბრუნებაზე, თვითფრინავის ბილეთზე, თუნდაც ცალ მხარეს - „ვან ვეი თიქეთ“.

ეს რა უბედურებაა, იცავდე იმ ქვეყნის ღირსებას, რომელშიც დაბრუნება არ გინდა. თუ არ დაბრუნდი, ვერც ნახავ და ესე იგი, რა გამოდის, დასანახად ვერ იტან?! ქვეყნის არ ვიცი, მაგრამ მოქალაქეებზე კი მოგახსენებთ. წამიკითხავს, გამიგია და პირადადაც ვიცნობ ისეთ ადამიანებს, უცხოეთში გასაჭირში რომ მოხვდნენ, ხოლო საქართველოს საელჩომ თითიც კი არ გაანძრია მათ დასახმარებლად.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, საზღვარგარეთ ქართველი ელჩების ფუნქცია საკუთარი ბიზნეს-ინტერესებითა და თბილისიდან ჩასული ელიტარული იშტოიანების მიღება-გაცილებით შემოიფარგლება. აგრეთვე, წვეულებებზე სიარულით და წელიწადში ერთხელ, 26 მაისს საელჩოში წვეულების მოწყობით და იქაური იშტოიანების მასპინძლობით.

აი, რიჩარდ მაილსი ჩემოდნებს ალაგებს და მიდის. აი, ლანა ღოღობერიძესაც გაუვიდა ვადა, მაგრამ არ ჩქარობს დაბრუნებას. ჯერ კიდევ ბოლომდე არ დამტკბარა ნუშის ყვავილობით, ჯერ კიდევ შეუძლია გადაიღოს „რამდენიმე ინტერვიუ ნაციონალურ საკითხებზე“.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ აბსოლუტურად კანონიერი და ლოგიკური პროცესი, რასაც „ელჩების როტაცია“ ეწოდება, ქართულ პოლიტიკაში მორიგი სკანდალის მიზეზი ხდება. თითქოს, სხვა არაფერი იყოს სასკანდალო. ამ ბოლო დროს ხშირად ვახსენებ სიტყვა“პროვინციალიზმს“. თევზი თუ თავიდან ყროლდება, სახელმწიფო ხელისუფლებიდან პროვინციალდება. რაც ხელისუფლებაა, ისეთია კულტურაც, სპორტიც და მასმედიაც, განსაკუთრებით, ელექტრონული მედია.

პროვინციალიზმია, აბა რა არის - კამუფლირებულ სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა არასამხედრო იშტოიანებმა 26 მაისს მარშით უნდა ჩაუარონ პრეზიდენტს, ხოლო ქართველი ელჩები უცხოელ იშტოიანებთან საუბარში კლავენ დროს და სულაც არ ადარდებთ, რომ მათ ქვეყანაში პარადი იშტოიანებს მიყავთ.