მინერალური წყალი „ბორჯომის“ საწარმოო წესით ჩამოსხმა 1890 წელს მოხდა, მას შემდეგ 120 წელი გავიდა, მაგრამ „ბორჯომი“ პრემიუმ სეგმენტში საკუთარ ნიშას კვლავ ღირსეულად ინარჩუნებს. 120 წლის იუბილე კი კომპანიამ 20 ნოემბერს ბორჯომსა და თბილისში საკმაოდ პომპეზურად აღნიშნა და საკუთარ მომხმარებელს, სპეიალურად ამ დღისთვის ახალი დიზაინის ბოთლში ჩამოსხმული „ბორჯომიც“ შესთავაზა.
ბორჯომში ამ პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საკანონმდებლო ორგანოს წევრები, ქართველი და უცხოუელი ბიზნესმენები. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.
„ბორჯომმა“ მისი არსებობის პერიოდში საკმაოდ რთული და მძიმე გზა განვლო. თავის არსებობის განმავლობაში მინერალური წყლების ბრენდმა „ბორჯომმა“ განვითარების სამი ეტაპი გამოიარა. პირველი ეტაპი რუსეთის იმპერიას უკავშირდება, პერიოდს, როდესაც მოხდა მინერალური წყლის ხელახალი აღმოჩენა და როცა დაიწყო ქალაქ ბორჯომის განვითარება. მეორე ეტაპი - კომუნისტური ეპოქა იყო, როცა საბჭოთა ჰიდროგეოლოგების მიერ მოხდა საბადოს საფუძვლიან
შესწავლა და როცა წარმოების მაჩვენებელმა პიკს მიაღწია. მესამე პერიოდი, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ამ პერიოდის განმავლობაში ბრენდმა არაერთი კრიზისული პერიოდი გამოიარა. მიუხედავად ამისა, არ შეჩერებულა „ბორჯომის“ განვითარების ტემპი. დღეს ბორჯომი მსოფლიოს 30 ქვეყანაში იყიდება. ამ დროისთვის კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ პორტფელში მინერალური წყლის ოთხი ბრენდი შედის: „ბორჯომი“,
„ლიკანი“, „ბორჯომის წყაროები“ და „ბაკურიანი“.
„დღევანდელი დღეს კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ განვლეთ რთული გზა, მაგრამ კომპანია დღეს ფეხზე დგას. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო 2006 წელი, რომელიც ჩვენი კომპანიისა და ბრენდისათვის ძალიან იყო. მაშინ „ბორჯომის“ რუსეთში იმპორტი ყოველგვარი მიზეზის გარეშე აიკრძალა. მას
შემდეგ ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ განვახორციელეთ დივერსიფიკაცია იმ დანაკარგების, რაც რუსეთის ბაზარზე გვქონდა. ჩვენ მოვიძიეთ სხვა ბაზრები.
ამ აკრძალვის გამო გარკვეუწილად მადლობაც შემიძლია ვთქვა, რადგან დღეს ჩვენ ფაქტობრივად, უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ვიყავით მაშინ. რატომ? იმიტომ, რომ მაშინ ჩვენ ერთ კონკრეტულ ბაზარზე ვიყავით დამოკიდებულნი, დღეს კი ეს ასე აღარაა. ჩვენი მთელი გაყიდვები გადანაწილებულია 30 ქვეყანაზე და „ბორჯომი“ დღეს გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე 4 წლის წინ, როცა ჩვენი პროდუქტი რუსეთის ბაზარზე იყიდებოდა. მეტიც, ჩვენ კიდევ უფრო დიდი ამბიციები გვაქვს, აუცილებლად გავალთ იმ მასშტაბებზე, რომელიც დაგეგმილია. შემიძლია გავახარო საქართველოს მოქალაქეები, წელს ამ 10 თვის მონაცემებით, „ბორჯომი“ უფრო მეტი გაიყიდა, ვიდრე ის იყიდებოდა მაშინ, როდესაც რუსეთის ბაზარზე გავდიოდით. წელს ექსპორტზე უკვე 80 მლნ ბოთლი გავიდა“, - განაცხადა კოკვაძემ.
რაც შეეხება ახალი ბოთლის დიზაინს, აღსანიშნავია, რომ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველომ“ მის დიზაინზე მუშაობა 2010 წლის დასაწყისში დაიწყო. ფორმა აშკარა შეცვლილია, თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, დიზაინერები შეეცადნენ, რომ
ტრადიციული შტრიხები სრულად შეენარჩუნებინათ. რამდენადაც, ბოთლი, რომელიც დღევანდელ დღემდე იყო ბაზარზე, ყველასათვის ნაცნობია და საკმაოდ დადებით ემოციებს აღძრავს მომხმარებელში.
განახლებული ტარა კვლავინდებურად ღია მწვანე ფერის მინა და პლასტმასია. ახალი დიზაინის მქონე ბოთლი გაცილებით დახვეწილი ფორმისაა და ოდნავ გამოყვანილია. აქცენტირებულია ირმის რელიეფური გამოსახულება, რომელიც ბორჯომის მწარმოებლის სამარკო ნიშანია. წარწერებისა და გამოსახულებების გეომეტრია ტრადიციულ ბოთლთან შედარებით გაცილებით მკვეთრად არის განსაზღვრული. გამოყენებულია ასევე ტრადიციული თეთრი და წითელი ფერების მქონე ეტიკეტი.
ახალი დიზაინის მქონე მინის ბოთლები საქართველოში, ქსნის მინის ქარხანაში, სააქციო საზოგადოება „მინა“-ში მზადდება. პლასტმასის ტარა კი ფრანგული და გერმანული მანქანა-დანადგარების მეშვეობით იბერება. „მომხმარებელი სიახლეს ითხვოდა და ჩვენც ეს მოთხოვნა შევასრულეთ. ახალი დიზაინის ბოთლის პრეზენტაციაც სპეციალურად იუბილეს დავამთხვიეთ“, - განაცხადა კიკვაძემ.
„ბორჯომის ბიზნესში 15 წელზე მეტია ჩართული ვარ და იმას, რასაც დღეს აქ ვხედავ, მართლაც არის ძალიან დიდი შრომის შედეგი. შედარებასაც ვერ ვაკეთებ დღევანდელ წარმოებასა და იმდროინდელ წარმოებას შორს, როდესაც ჩვენ აქ მოვედით. კომპანია გახდა მულტინაციონალური ბრენდი, მან დივერსიფიკაცია მოახდინა ახალ ბაზრებზე და მოცულობით ის არის დღეს იმაზე მეტი, ვიდრე რუსეთთან ერთად იყო რამდენიმე წლის წინ. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. თავად რუსეთის ბაზარი შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის არის ძალიან დიდი რეზერვი, იმედია, რომ იგი გაიხსნება და მაშინ ბორჯომი მართლა მიაღწევს თავისი წარმადობის და გაყიდვების
პიკს“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.