ვინ შეცვლის იზორიას – ჩიქოვანი თუ ტაბატაძე?

ვინ შეცვლის იზორიას – ჩიქოვანი თუ ტაბატაძე?

აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილების სავარაუდო დროს ასახელებენ. საუბარია მარტში რამდენიმე მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების აუცილებლობაზე. ყველაზე აქტუალურია თავდაცვის მინისტრის საკითხი. ლევან იზორია, რომლის მმართველობაც ბევრ კითხვის ნიშნებს შეიცავს, თანამდებობას დატოვებს. იზორიას შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, მათ შორის იყო იმერეთის გუბერნატორი ალეკო ტაბატაძე, რომელიც წოდებით გენერალია და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 18 წელი მსახურობდა. ასევე განიხილება სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში პრემიერ–მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა და არსებული ინფორმაციით არჩევანი სწორედ ჩიქოვანზე შეჩერდება.

ექსერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ნებისმიერი ადამიანის განთავისუფლებასთან დაკავშირებით შეიძლება მოიძებნოს არგუმენტები და მათ შორის ლევან იზორიას შემთხვევაშიც. როგორც აქუბარდია ამბობს, აუდიტის კრიტიკული დასკვნა ახალი ინფორმაცია არ არის. ის, რომ ჯარში პრობლემა იყო როგორც ფეხსაცმელების, ასევე ფორმის, ეს ყველამ იცოდა, აუდიტის სამსახურმა ეს უბრალოდ დაადასტურა.

„უნდა იყოს კონკრეტული გარემოებები დადასტურებული, რის გამო შეიძლება მინისტრი შეიცვალოს. დაახლოებით ორი წელია ამბობენ, რომ შეიძლება მინისტრი იზორია შეიცვალოს და ამის უკან რა დგას, სიმართლე გითხრათ, ვერ გეტვით. ობიექტური მიზეზი როგორც ყოველთვის არ არის მთავარი მიზეზი, რომ მინისტრი შეიცვალოს. ფაქტია, რომ თავდაცვის სისტემა მუშაობს ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით, ასევე თავდაცვის რეფორმის კუთხით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სიფრთხილით მოვეკიდოთ მინისტრების დანიშვნა განთავისუფლებას, თუ ამის რეალური არგუმენტები არ არსებობს.

თითოეული მინისტრის შეცვლა ნიშნავს ახალი პოლიტიკის და ახალი კადრების ცვლილებას, რაც საკამოდ მძიმედ აღიქმება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. აუცილებელია გადაწყვეტილება ისე იქნას მიღებული, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ინტერესები და თავდაცვის სისტემის რეფორმირება, რომელიც აუცილებელია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას თეონა აქუბარდია.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, თუნდაც თვითგადარჩენის კუთხით და თავისთავად სახელმწიფოებრივად, რომ ინსტიტუციური წესრიგი დაბრუნდეს ქვეყანაში, რაც პოლიტოლოგის შეფასებით ნიშნავს ინსტიტუციური და ძალის ცენტრების თანხვედრაში ერთმანეთთან დაახლოებას, რაც გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებას.

„უნდა მოხდეს მისი როლის ფორმალიზება. ეს მართლაც გააჩენს შანს, რომ რეალური სახელისუფლებო რეფორმირება დაიწყოს. სისტემა შექმნის ეფექტურობას და პოზიტიური ცვლილების გაჩენის თეორიული შანსი გაჩნდება. ყველა სხვა შემთხვევაში სახელმწიფო მანქანა არ მუშაობს“, – მიიჩნევს ხუხაშვილი.

რაც შეეხება ლევან იზორიას, ამბობს, რომ იზორია არც არასოდეს არ მიაჩნდა განსაკუთრებულ მინისტრად, ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც არც არაფერს აფუჭებს და არც არაფერს აკეთებს. პოლიტოლოგის განცხადებით, ასეთები მრავლად არიან დღევანდელ ხელისუფლებაში და თუნდაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

„როგორც ჩანს, „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტა არის თავდაცვის მინისტრობა. არ ვიცი, მე არ მგონია, რომ ეს რაიმენაირად მნიშვნელოვანი საკითხი იყოს. ირაკლი ჩიქოვანი იგივე პარტიიდან არის გამოსული, იგივე საძმაკაცოს წარმომადგენელია. დღეს „ქართულ ოცნებაში“ პრემიერ–მინისტრიც რომ გამოცვალონ, ამით ხომ არაფერი არ იცვლება.

ორი პრემიერ–მინისტრი გამოვიცვალეთ, რომლებიც საპნის ბუშტივით გასკდნენ. სამ დღეში არავის არ ახსოვდა. სისტემა ისე მანკიერად არის აშენებული, რომ არც ერთი გადაადგილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში არაფერს არ ცვლის. ალგორითმი არ იცვლება, არის ასეთი განცდა, რომ გადაწყვეტილების მიმღები არ იცვლება.

დაფაზე, რომელი ფიგურა სად იდგება და იმ ფიგურას რა ერქმევა, რა მნიშვნელობა აქვს, ისინი თავად არ აკეთებენ სვლებს, მათ სვლებს სხვა განსაზღვრავს. შესაბამისად, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება, რამე იცვლება? - არც არაფერი. ამ საკითხის კომენტირებით არ უნდა დავიღალოთ, იმიტომ, რომ არაფერს არ ნიშნავს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.

ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას შეფასებით, აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის სტილს თუ გავითვალისწინებთ, სრული უმრავლესობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს სხვადასხვა მოტივით. სავსებით ბუნებრივია, მათ შორის თავდაცვის მინისტრის ცვლილებაც. თუმცა, აქვე ამბობს, რომ ზოგადად, ძალოვანი უწყების პირველი პირის ხშირი ცვლა, განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ამ ძალოვან სისტემაზე.

„ჩვენ მოგვწონს გარედან, მაგრამ საერთო ჯამში უწყების პირველი პირების ასეთი ხშირი ცვლა არ აირეკლება დადებითად. თორემ, პირადად მე არაფერი გამიკვირდება და მათ შორის შეიძლება იზორიას განთავისუფლების მოტივიც არსებობდეს. იმიტომ, რომ ჯარში არსებულ ძალიან ბევრ პრობლემაზე საუბრობენ და აუდიტის დასკვნებიც ამაზე ლაპარაკობს. იზორიას შეცვლის საკითხზე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ უნდა გვითხრან რამდენად მართლზომიერია და საკმარისი მასალაა, რომ უწყების პირველი პირები ასე მარტივად ცვალონ“, – ამბობს არჩილ გამზარდია.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, მეორე და მნიშვნელოვანი საკითხია ამ ცვლილების უკან კიდევ რა დგას. არის თუ არა რომელიღაც ჯგუფის დაწინაურება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როგორც ადრე იყო ღარიბაშვილი–კვირიკაშვილის კადრები.

„ეს შეიძლება იყოს შიდა ბრძოლები და ინტრიგები ძალაუფლების გადანაწილებაში. შეიძლება ერთ–ერთი მათგანი იყოს იზორია. თორემ თითოეული მათგანისთვის დღესაც სავსებით საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ მთავრობა დავითხოვოთ. ჩიქოვანი ვისი კადრი შეიძლება იყოს და ამ დროს რა პოლიტიკური პროცესი არის ძალაუფლების გადანაწილებაში, მე ამაზე პასუხები არ მაქვს, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით, ცვლილებებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში სისტემური პროცესი არ მოჰყვება.

ამიტომ გამოდის, რომ ცვლილება პოლიტიკური მოტივით ხდება. მაჩვენეთ ერთი ცვლილება, რომელსაც მოჰყვა დადებითი შედეგი. თავის დროზე კახიშვილი რომ დანიშნეს, ეს ნამდვილად იყო დადებითი შედეგი და ისიც გადაიყვანეს ჩაკეტილ სივრცეში. დანარჩენ შემთხვევაში რომელი საკადრო ცვლილება გახსენდებათ, რომელიც იყო წარმატებული?“ – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას არჩილ გამზარდია.