მილანის „ინტერის“ თავდამსხმელ მაურო იკარდის მეუღლეს, ვანდა ნარას თავს დაესხნენ. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ნარა მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მის ავტომობილს ქვები დაუშინეს.
აღსანიშნავია, რომ მანქანაში ვანდასთან ერთად მისი შვილებიც იმყოფებოდნენ. როგორც გამოცემა წერს, არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია ვინ დაესხა თავს იკარდის მეუღლეს, მაგრამ ძნელი მისახვედრი არაა, რომ „ინტერის“ ქომაგები იქნებოდნენ. არგენტინელმა მომხდარზე საჩივარი უკვე შეიტანა.
საინტერესოა, რომ ვანდა ნარას, რომელიც იკარდის მეუღლეცაა და საფეხბურთო აგენტიც, სოციალურ ქსელში ბოლო დღეებშიც აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
საქმე უკავშირდება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. იკარდის „ინტერთან“ ახალი კონტრაქტის გამო პრობლემები აქვს და კაპიტნის სამკლავურიც ჩამოართვეს. რიგი იტალიური გამოცემების ცნობით კი, მაურო ტურინის „იუვენტუსთან“ შეთანხმებულია და ზაფხულში „ბებერი სინიორას“ მაისურს მოირგებს. "ინტერის" ქომაგებისთვის მომხდარში მთავარი დამნაშავე სწორედ ვანდა ნარაა, რომელიც მისი მეუღლის "ინტერში" დარჩენის წინააღმდეგია.