კონტროლის პალატას ყველაფერი საეჭვოდ მიაჩნია - მოყოლებული ბიუჯეტის შესრულებიდან, პრივატიზების გეგმით დასრულებული. მის ყოველი დასკვნა, შეშფოთების საფუძველს იძლევა. ქვეყნის მთავარი მაკონტროლებელი ორგანო ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულებაზე ხმაურიან დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პირველ ექვს თვეში, თვეების მიხედვით მიღებული შემოსავლების საშუალო მოცულობა 419,5 მილიონი ლარია, ხოლო წლიური გეგმა 5 მილიარდ 412 მილიონი.
წლის მეორე ნახევარში მისაღები თანხის მოცულობა 2 მილიარდ 895 მილიონი ლარია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ყველა თვეში ბიუჯეტში მინიმუმ 482 მილიონი ლარი უნდა შევიდეს, რაც 63 მილიონით მეტია იანვარ-ივნისის საშუალო თვიურ მონაცემზე.
ეს გარემოება კონტროლის პალატის დასკვნით, საეჭვოს ხდის წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული პარამეტრების შესრულებას. მთავარი მაკონტროლებლის გათვლებითვე, აღნიშნული რეალურს ხდის გასულ წლებში არსებული პრაქტიკის განმეორებას, როდესაც ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული პარამეტრების კორექტირება ხდებოდა წლის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე.
კონტროლის პალატამ სახელმწიფო ობიექტების პრივატიზაციაც ეჭვქვეშ დააყენა. 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის ამჟამინდელი ვარიანტით, პრივატიზაციიდან მისაღები თანხების მოცულობა თავდაპირველ პროექტთან შედარებით 80 მილიონი ლარითაა გაზრდილი. კონტროლის პალატაში აცხადებენ, რომ არ არსებობს ინფორმაცია რა რესურსით უნდა მოხდეს ეს ზრდა.
გაისად ეკონომიკის სამინისტრო პრივატიზაციიდან 150 მილიონ ლარს ელის. ამ ეტაპზე არ არსებობს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელსაც მთავრობა 2011 წელს გაასხვისებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, წლევანდელი საპრივატიზაციო გეგმა - 250 მილიონი ლარი - უკვე შესრულებულია.
ეკონომიკის სამინისტროს სოლიდური თანხების მიღებას ფინანსთა სამინისტრო ფოსტისა და „სამშობლოს“ შენობების პრივატიზაციიდან ელის. ამ ნუსხაში თბილისში, პეკინზე მდებარე „საქსტატის“ შენობაც შევიდა. გარდა ამისა, მთავრობამ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესიც გაამარტივა. ასეთი ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის და მის საფუძვლად არსებული ბრძანების გამოცემა აუცილებელი არ იქნება. აუქციონში გამარჯვებულ მყიდველთან ან პრეზიდენტის აქტში მითითებულ პირთან საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოხდება.
პრივატიზების გეგმა ბოლო რამდენიმე წელია სრულება. ასე რომ, გასაკვირი ის უფრო იქნებოდა თუკი ვინმე მის შესრულებაზე თავს გამოიდებდა. წლევანდელი გეგმაც, სავარაუდოდ, ჩასავარდნადდა განწირული. მით უმეტეს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთის პრივატიზება მომავალი წლისთვის გადაიდო. თავისთავად წელს ბიუჯეტი აქედან ვერაფრით იხეირებს.
ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ჩამოთვალა დედაქალაქში არსებული ის ობიექტები, რომელთა პროვატიზებისას, სახელმწიფო წელს 20 მილიონ ლარს მიიღებდა. მისი განცხადებით, თუ სახელმწიფო ამ ობიექტების გაყიდვას მომავალი წლისთვის გადადებს, უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს.
„გაჩნდა შეკითხვები პრივატიზებასთან დაკავშირებით და იყო შეფასება რომ თითქოს პროცესი ჩავარდა, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ობიექტები მომავალ წელს გაგვეყიდა“, - განაცხადა ბაინდურაშილმა, თუმცა ამ არგუმენტით ვერც დეპუტეტაების და ვერც კონტროლის პალატის დარწმუნებას ვერ მოახერხებს.