„გაზპრომთან“ ბრძოლის ახალი ეტაპი დადგა - როგორ კონტრაქტს მიიღებს საქართველო?

„გაზპრომთან“ ბრძოლის ახალი ეტაპი დადგა - როგორ კონტრაქტს მიიღებს საქართველო?

„გაზპრომთან“ ახალი დიდ მოლაპარეკება დაიწყო. შარშანწინ საქართველომ რუსულ გიგანტთან დათმობით საკმაოდ იზარალა, რა იქნება წელს ჯერ ცნობილი არ არის. ეკონომიკის მინისტრი იმედიანადაა, ხოლო მისი მოადგილე უფრო მეტად რეალურად უყურებს ვითარებას.

შარშანწინ საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის პირობები შეიცვალა და ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად, საქართველო მონეტარული ანაზღაურების რეჟიმზე გადავიდა. მანამდე კი საქართველო სომხეთისაკენ გატარებული ბუნებრივი აირის საფასურს ნატურით იტოვებდა და ქვეყანას უფასო გაზი რჩებოდა. ბოლო 2 წელია ქვეყანა სატრანზიტო მომსახურებისთვის განსაზღვრულ თანხას იღებს. ამ ხელშეკრულების კომერციული პირობები გასაიდუმლოებულია. კონტრაქტს მოქმედების ვადა 2018 წლის 31დეკემბერს ამოეწურა.

როგორც ჩანს, პირობების მომზადებისთვის პროცესი უკვე დაიწყო. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, „გაზპრომ-ექსპორტთან“ ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს მოკლე ვადაში დაასრულებს.

„მოლაპარაკებებს ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს. დაველოდოთ მის შედეგებს. ვფიქრობ, ეს პროცესი მალე დასრულდება. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა არის ის, რომ საქართველომ გაიუმჯობესოს თავისი პოზიციები ხელშეკრულებაში და ამოსავალი წერტილი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერს, მოლაპარაკების დეტალებზე და მოლაპარაკების დასრულების ზუსტ ვადებზე მედიასთან არ უსაუბრია, შესაბამისად, ბევრი რამ გაურკვეველი დარჩა.

უფრო კონკრეტული ინფორმაცია გაახმოვანა დეპუტატების პირისპირ მყოფმა ეკონომიკის მინისტრმა. გიორგი ქობულიას განცხადებით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები 2-3 კვირაში დასრულდება. საკითხი კი ეხება გაზის შესყიდვისა და ტრანსპორტირების ტარიფებს.

„რა რეჟიმიც იყო „გაზპრომთან“ კონტრაქტის მიხედვით, ისაა ახლაც. მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმაზე, რომ ჩვენი პირობები საგრძნობლად გავაუმჯობესოთ. ეს მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, 2-3 კვირაში დასრულდება. ლაპარაკია გაზის შესყიდვის ტარიფებზე, ტრანსპორტირების ტარიფებზე“, - განაცხადა პარლამენტში ქობულიამ.

საერთოდ კი მინისტრი ბუნებრივი აირის მიწოდების სფეროში კონკურენციის გაჩენას პროგნოზირებს, რაც გაზის ტარიფების შემცირებასაც შეუწყობს ხელს.

„მაისის თვიდან დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე მსხვილი საწარმოს გამოყვანა ბაზარზე. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ შევქმნათ კონკურენცია. ჩვენ ვაპირებთ გაზის შესყიდვების სისტემის ოპტიმიზირებას, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ გაზის შესყიდვების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ.

უნდა იყოს მეტი კონკურენცია გაზის ბაზარზე, რაც ერთ-ერთი პრობლემაა. დარწმუნებულები ვართ, რომ ხელს შევუწყობთ ტარიფების შემცირებას“, - დასძინა ქობულიამ.

შედარებით რეალურად უყურებს მოვლენებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა. მისი თქმით, არ უნდა იყოს მოლოდინი იმისა, რომ „გაზპრომი“ საქართველოსთვის საშეღავათო პირობებს დააწესებს.

„ჩვენ „გაზპრომთან“ გადავედით მონეტარულ გადახდაზე, მაგრამ „გაზპრომმა“ ეს გადახდა დაიწყო თითქმის ყველა თავის სატრანზიტო პარტნიორთან. იგივე ფორმის მონეტარული გადასახადი აქვს მას ევროპის ქვეყნებთან, თურქეთთან, არ უნდა ვიყოთ მიამიტები და მე არ ვიცი, რატომ გვაქვს ჩვენ მოლოდინი, რომ საქართველოს მიმართ „გაზპრომი“ რამე უფრო შეღავათიან ტაქტიკას გამოიყენებს. ეს არის ზოგადი გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული მათ შორის ჩვენს მიმართაც“, - განუცხადა ოპოზიციონერ დეპუტატებს თურნავამ.