მაია ნადირაძე - „ერთგულება მხოლოდ ძაღლს შეუძლია“

მაია ნადირაძე - „ერთგულება მხოლოდ ძაღლს შეუძლია“

(იბეჭდება შემოკლებით)

ტრადიციონალისტთა ქერათმიანი ფავორიტი ტრადიციული ორიენტაციის ჩარჩოებს დაეხსნა და ნაციონალურ მორევში გადაეშვა. გაუღიმებს თუ არა მას ბედი და საერთოდ, რას აპირებს მაია ნადირაძე, „ალიასთან“ ინტერვიუში შეიტყობთ.

ხალხს ელდა ეცა, როცა სააკაშვილის გვერდით გიხილათ. ამ დროს, თქვენ ტრადიციონალისტების ძალზე აქტიური წევრი იყავით და ხალხი გხედავდათ ნინო ბურჯანაძის გარემოცვაში. ქალბატონ ნინოსთან მეგობრობდით კიდეც, ყველას ეგონა, რომ მისი გუნდის წევრი გახდებოდით, თქვენ კი უცებ ნაციონალებში აღმოჩნდით.

- რა ვალდებულება მაქვს აღებული, რომ საზოგადოება რასაც ელის ჩემგან, ის გავაკეთო.

როცა  პოლიტიკოსზე და ხალხის მიერ ასარჩევ ადამიანზეა საუბარი, მე მგონი, რომ საზოგადოების აზრი უნდა იქნეს გათვალისწინებული.

- ხომ არიან მატყუარა პოლიტიკოსები. საზოგადოებას უნდა ყველაფერი უფასოდ. ამას რომ ელოდებიან, იმიტომ ატყუებენ წარამარა.

უფასოდ რას ნიშნავს?

- აი, ვთქვათ, უფასო განათლება, მედიცინა...

ნაციონალებიც ხომ იმავეს ქადაგებენ?

- ატყობთ, რომ არცერთ წინადადებას არ მამთავრებინებთ? მე მესმის თქვენი ინტერვიუს მიზანი, ძალიან კარგად მესმის... მე მგონია, რომ ადამიანის ერთგულება - ეს არ არის ერთგულება, ეს მხოლოდ ძაღლს შეუძლია.

ადამიანი არ შეიძლება ერთგული იყოს?

- ძაღლივით ერთგული არა... მე ამ საქმეში იმიტომ კი არა ვარ, რომ რომელიღაც ადამიანის ან ერთი სახელწოდების გუნდის ერთგულება ჩავიტანო საფლავში. რაც შეეხება ჩემსა და ტრადიციონალისტების ურთიერთობას, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას როგორც უნდა, ისე აღიქვას. არა ვარ დარწმუნებული იმაში, რასაც თქვენ ამბობთ, ის განწყობაა საზოგადოებაში. ტრადიციონალისტების იდეოლოგია ჩემთვის მისაღები იყო და იქ სადაც ვიყავი, მაგრამ ხდება ხანდახან, როცა ფიქრობ, რომ ზედმეტი ხარ.

ნაციონალები სოციალურად აქტიურები არიან, ასეთი გინდათ გახდეთ? სოციალური ლიდერი გინდათ გახდეთ? ქალი სოციალური ლიდერი საქართველოს არ ჰყავს. ნაციონალები იქნებიან პიონერები, მათ ეყოლებათ სიმპათიური ქალი, თანაც სოციალური ლიდერი...

- ამაზე არ დავფიქრებულვარ, იცით? არ მიფიქრია.

აი, თქვენ არ დაფიქრებულხართ და მან კი იფიქრა, ვისთანაც მიხვედით, თუ მიგიწვიათ. ვაკუუმი ჰქონდა, ამოავსო. მისთვის ხართ მომგებიანი, ერთი სიტყვით, ორივემ მოიგეთ.

- გამომადგა, რომ ქალი ვარ.

ნინო ბურჯანაძესაც გამოადგა...

- ჰო, უფრო კარგია...

დიდი ხანია, რაც სააკაშვილი გესიმპათიურებათ?

- იცით რა, ცოტა უხერხულია პოლიტიკაში სიმპათიები...

ლიდერის ტიპზე გეკითხებით.

- გასაგებია, თქვენ ხომ თქვით, რომ ფსიქოლოგი ვარ. მინდა თუ არა, ეს მექანიზმი ავტომატურად ირთვება. ვიცი ყველა ლიდერის პლუსიც და მინუსიც. ძალიან დიდხანს ვიფიქრე, თითქმის ორი კვირა, რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, ბურჯანაძესთან უფრო კომფორტული იქნებოდა, მაგრამ...

მაგრამ თქვენ  მაინც ქ-ნი ნინოს ჩრდილქვეშ იქნებოდით...

- მე არ მიფიქრია ამაზე...

სააკაშვილის სიის სათავეში იქნებით ალბათ...

- არ ვიცი, იცით.

რომ შემოგთავაზონ?

- უარს ვიტყვი.

რატომ, რომ არ გაეჯიბროთ ნინო ბურჯანაძეს?

- აი, თუნდაც... ცუდი ტონია.

რატომ არ შეუერთდა ოპოზიციის დიდ გაერთიანებას სააკაშვილი?

- ახლა ვეღარ ვიტყვი... მოკლედ რომ გითხრათ, პრეზიდენტობის ამბიციების ადამიანებს ძალიან უჭირთ ამის გაკეთება და ეს ბუნებრივია კიდეც.

სააკაშვილს გულისხმობთ პრეზიდენტობის ამბიციებში?

- სააკაშვილს და ბურჯანაძეს.

მეგობრებად თუ დარჩებით თქვენ და ტრადიციონალისტები?

- ვრჩებით მეგობრებად.