ბითაძე სათასო მატჩებსაც დააკლდება

ბითაძე სათასო მატჩებსაც დააკლდება

“ბუდუჩნოსტის” 19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ჯერაც ტრავმირებულია და მონაწილეობას ვერ მიიღებს მონტენეგროს თასის გადამწყვეტ მატჩებში, რომელსაც 15-16 თებერვალს პოდგორიცა უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ბითაძემ კოჭი 10 თებერვალს ადრიატიკის ლიგის ეგიდით დაგეგმილ შეხვედრაში დაიშავა. ბელგრადის “პარტიზანთან” ჯახის პირველი მეოთხედი მიდიოდა, როდესაც გოგა უხერხულად დახტა და მოედანი კოჭლობით დატოვა.

“ბუდუჩნოსტის” მთავარი მწვრთნელის იასმინ რეპეშას თქმით, ქართველ ლეგიონერს დაახლოებით 20 დღე გაუცდება, ამდენად, უდიდესი ალბათობით, ევროლიგის მორიგ შეხვედრასაც დააკლდება.

საუბარია 22 თებერვალს ლიტვაში დაგეგმილ მატჩზე, რომელშიც პოდგორიცელები კაუნასის “ჟალგირისს” უნდა გაეჯიბრნონ. თუკი ყველაფერი გეგმისამებრ წარიმართა, ბითაძეს საქმეში 1 მარტს, მიუნხენის “ბაიერნთან” საშინაო თამაშში ვიხილავთ.

რაც შეეხება მონტენეგროსს თასს: ტურნირს 4 გუნდიღაა შემორჩენილი. 15 თებერვალს დაგეგმილ ნახევარფინალებში “ბუდუჩნოსტი” “მორნარს” ეთამაშება, “ლოვჩენი” კი – “სუტიესკას”. ფინალი 16-შია დაგეგმილი.