სარი და გვარდიოლა - რა მოხდა მანჩესტერში?

სარი და გვარდიოლა - რა მოხდა მანჩესტერში?

მაურიციო სარი და პეპ გვარდიოლა მეგობრები არიან. ერთმანეთისადმი კომპლიმენტების თქმა არასდროს დავიწყებიათ და მოედანს მიღმაც არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს.

ორივე საჯაროდ ამბობს, რომ დიდი პატივისცემაც აკავშირებთ და მეგობრული ურთიერთობაც. სარიმ ამ ორი დღის წინ ისიც კი თქვა, რომ მე და პეპი არიგო საკის შვილები ვართო. ბუნებრივია, იტალიელმა საფეხბურთო ფილოსოფია იგულისხმა და სხვა განსაკუთრებული არაფერი.

მაგრამ, საფეხბურთო მოედანმა მეგობრობა არ იცის. გვარდიოლას „სიტიმ“ სარის „ჩელსი“ საქვეყნოდ შეარცხვინა და ვინძლო, იტალიელი უსამსახუროდაც დატოვოს. დიახ, უკვე დაიწყო საუბარი, რომ რომან აბრამოვიჩი სულ მალე სარის კარისკენ მიუთითებს. ასეც რომ მოხდეს, ვის გაუკვირდება? – „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ზონასაც ჩამოსცილდა და ბოლო ოთხი გასვლითი მატჩი წააგო. თან ისე, რომ გოლი არ გაუტანია. რაღა შორს გავიხედოთ, უკანასკნელ ორ საგარეო შეხვედრას გაგახსენებთ - ჯერ „ბორნმუთთან“ 0:4, ახლა „სიტისთან“ 0:6.

„ქალაქელებთან“ თავის მოჭრის შემდეგ ერთი საინტერესო შემთხვევა მოხდა. გვარდიოლას დიპლომატობა არ ეშლება და სულ მთლად უცნობი რომ დაემარცხებინა 6:0, მატჩის შემდეგ გაამხნევებდა მაინც, მით უფრო მეგობარ (ან ახლობელ) სარის. ესპანელმა მასთან ხელის ჩამორთმევა დააპირა, მაგრამ ნურას უკაცრავად, სარიმ არც შეიმჩნია და გასახდელში შევიდა. სამაგიეროდ, გვარდიოლა უყურადღებოდ არ დაუტოვებია მაურიციოს ასისტენტ ჯანფრანკო ძოლას.

როგორც სარიმ პრესკონფერენციაზე თქვა, ესპანელი კოლეგა უბრალოდ ვერ დაინახა და ეს განზრახ არ გაუკეთებია. იქამდე, თამაშიც შეაფასა:

„რა მოხდა? განმარტებები მომდევნო რამდენიმე საათში უნდა მოიძებნოს. თამაშამდე ჩემი მოლოდინი დადებითი იყო, ისევე, როგორც მთელი კვირის განმავლობაში. საწყის წუთებში სულელური გოლი გავუშვით, რომელმაც მთელი თამაში შეცვალა.

ისინი საოცარ ფეხბურთს თამაშობენ, ბრწყინვალე გუნდი ვნახე.

რატომ არ ჩამოვართვი ხელი გვარდიოლას? პეპი არ დამინახავს, იმ მომენტში მხოლოდ გასახდელში შესვლაზე ვფიქრობდი“, - განაცხადა სარიმ.

ნამატჩევს კომენტარი გვარდიოლამაც გააკეთა. მისი თქმით, „სიტიმ“ არანორმალური გამარჯვება მოიპოვა. იქვე დასძინა, სარისთან დიდებული ურთიერთობა მაქვს და ეს არაფერს შეცვლისო:

„ნორმალური არაა, როდესაც „ჩელსის“ წინააღმდეგ 6:0 იმარჯვებ. საწყისი ოთხი დარტყმიდან ოთხი გოლი გავიტანეთ. დიდი გამარჯვება იყო, დიდი სიხარულით. ვიცი, როგორ თამაშობს სარი, მან ბევრი პრობლემა შემიქმნა, როდესაც „ნაპოლის“ ვეთამაშეთ.

ხელის ჩამორთმევის ეპიზოდი? - ძოლას ვესაუბრე და მითხრა, რომ ვერ დამინახა. მესმის სიტუაცია, მაურიციოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და არანაირი პრობლემა მასთან არ არსებობს“, - აღნიშნა გვარდიოლამ.

მოკლედ, ნებსით თუ უნებლიედ, სარის ჟესტი მაინც არასასიამოვნოდ გამოჩნდა. წაგებასაც ხომ სწორად შეხვედრა უნდა. ალბათ, გვარდიოლა და იტალიელი მალე მორიგდებიან, მაგრამ ეს წაგება მაურიციოს გველის ნაკბენივით მთელი ცხოვრება ემახსოვრება...