„სააკაშვილი და მედვედევი შეხვედრას თავს შეგნებულად არიდებენ“

„სააკაშვილი და მედვედევი შეხვედრას თავს შეგნებულად არიდებენ“

სააკაშვილი მედვედევთან შესახვედრად მზად არის „მიუხედვად იმისა, რომ რუსები თავად არიან ოკუპანტები და ეთნიკური წმენდა მოაწყვეს“. პრეზიდენტი მედვედევი კი სადავო საკითხებზე დისკუსიას არა საქართველოსთან, არამედ ნატოსთან იწყებს. თან - იმ პირობით, რომ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების გადათქმას არ აპირებს.  

ექსპერტები თბილისი–მოსკოვის პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობას სკეპტიკურად აფასებენ. ნიკა ჩიტიძე აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგის დაწყება აუცილებელია იმის მიუხედავად, რომ მას დეოკუპაცია მალე არ მოყვება. ირაკლი სესიაშვილის შეფასებით კი, სააკაშვილი და მედვედევი ერთმანეთთან შეხვედრას თავს შეგნებულად არიდებენ. 

პრეზიდენტი სააკაშვილი მზადაა რუს კოლეგა დიმიტრი მედვედევს „ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“ შეხვდეს. 

„ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე, ყოველგავრი წინაპირობების გარეშე, შევხვდეთ და ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, მე გავესაუბრებოდი პრეზიდენტ მედვედევს მისთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე. ამ მხრივ, ჩვენ ძალიან მოქნილი პოლიტიკა გვაქვს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „BBC“-სთან საუბარში. 

ამასთან, საქართველოს პირველი პირის განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად მას რუსები ემალებიან. „ისინი გვემალებიან, მიუხედვად იმისა, რომ თავად არიან ოკუპანტები და ეთნიკური წმენდა მოაწყვეს“, - დასძინა მან. გარდა ამისა, სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მოსკოვის დამოკიდებულება უფრო ცივილური გახდება და ის მეზობლებთან საუბარს ისწავლის. 

„იმედია, მოსკოვის დამოკიდებულება უფრო ცივილური გახდება. ჩვენ ახალი ურთიერთობების მომხრე ვართ ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით. თქვენ იცით, რომ საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია. ჩვენ ნახევარი მილიონი იძულებით გადაადგილებული გვყავს და ეს 5-მილიონიანი ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი რიცხვია. სწორედ ესაა ჩვენი წუხილის მიზეზი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ოდესმე დადგება დრო, როცა რუსეთი თავის მეზობლებს ცივილურად მოექცევა. მას არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ მთელ რიგ ქვეყნებთან აქვს პრობლემები. ვფიქრობ, ეს გადატვირთვის პოლიტიკაზეც აისახება“, - განმარტავს სააკაშვილი. 

ნიკა ჩიტიძე თბილისის მიერ მოსკოვთან დიალოგის დაწყების თაობაზე მზადყოფნას მიესალმება, თუმცა ეჭვობს, რომ რუსეთი მოლაპარაკებებზე არ წამოვა.

„თავისთავად, ის, რომ საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის და შესაბამისად, ჩრდილოეთიდან მოსალოდნელი საფრთხეების შემცირება სურს, მისასალმებელია. დიალოგს მართლაც არ აქვს ალტერნატივა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის დეოკუპაცია, მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა მივიღოთ ამის შედეგად“, - განუცხადა ჩიტაძემ „ჯი-ეიჩ-ენს“ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ლისაბონში გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას.

ამასთან, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ დიალოგზე რუსული მხარე არ წამოვა, რითაც 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული აგრესიის გამართლებას შეეცდება. 

„მოსკოვი „გაღმა შეტევის“ პრინციპით მოქმედებს და საქართველოს აქეთ ადანაშაულებს იმ აგრესიაში, რომელიც ცხინვალში თვითონ განახორციელა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის ამ აგრესიის გამართლებას და საკუთარი, ვითომდა, სიმართლის დამტკიცებას, თუნდაც იმ ფორმით შეეცდება, რომ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად არ დაჯდება“, - განმარტავს ექსპერტი. 

გარდა ამისა, ნიკა ჩიტაძემ ისიც დააკონკრეტა, რომ ის რუსეთთან მხოლოდ საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მოლაპარაკებების დაწყებას უჭერს მხარს, რიგი პარტიების „ყოველგვარ ამდაგვარ მცდელობას კი უარყოფითად აფასებს“.

პოლიტოლოგ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, სააკაშვილი და მედვედევი ერთმანეთთან შეხვედრას თავს შეგნებულად არიდებენ. 

„მეჩვენება, რომ სააკაშვილი შეგნებულად არიდებს თავს მედვედევთან შეხვედრას, ისე, როგორც – მედვედევი სააკაშვილთან, რადგან ორივე დარწმუნებულია, რომ არც ერთი წავა კომპრომისზე (ჩვენ კომპრომისზე წასვლის საშუალება არც გვაქვს). ამიტომაც ქმნიან ისინი ისეთ გარემოს, თითქოს დიალოგისთვის მზად არიან და ამას საჯარო გამოსვლებშიც აცხადებენ, თუმცა ეს განცხადებები მხოლოდ არარეალობის გამომხატველია“, - განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს“ საკითხის კომენტირებისას. 

ამასთან, პოლიტოლოგის განმარტებით, თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების შესაძლო დაწყებას წინამოსამზადებელი სამუშაოებიც სჭირდება და ეს იმ ფონზე, როცა მიხეილ სააკაშვილი რუსეთის სპეცსამსახურების უსუსურობაზე საუბრობს და პრეზიდენტ მედვედევის მისამართით ცინიკურ განცხადებებს აკეთებს, შეუძლებელი ხდება. „ასეთი წინაპირობები ვერ იქნება კარგი საფუძველი იმისა, რომ დიალოგი დაიწყოს“, - განმარტა პოლიტოლოგმა. 

სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური არა სააკაშვილი–მედვედევის შესაძლო დიალოგზე, არამედ „რუსეთისგან საქართველოს მისამართით მოსალოდნელ არაპირდაპირ, მაგრამ ირიბ დარტყმებზე“ საუბრობს.

როგორც „პირWელს“ სამხედრო ექსპერტმა განუცხადა, „საერთაშორისო ზეწოლიდან გამომდინარე მოსკოვისგან 2008 წლის მასშტაბების აგრესია მოსალოდნელი არაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მის მიერ კონტროლირებადი რეგიონები, რომელთა მხიდანაც საქართველოს მისამართით აგრესიული განცხადებები ხშირად კეთდება“:

„რუსეთი საქართველოზე პირდაპირ დარტყმებს ვერ განახორციელებს, რადგან ეს საერთაშორისო არენაზე მისი იმიჯისთვის წამგებიანი იქნება და სირიის, პალესტინის და ერაყის დონის ქვეყნად გამოცხადდება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მოსკოვმა საქართველოში ჯაშუშური ქსელი კიდევ უფრო გააძლიეროს და აამოქმედოს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მისამართით ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მიერ წაყენებული ბრალდებები, რომლის თანახმად, საქართველოში „ბოევიკთა“ ჯგუფები მზადდება. ასე, რომ, მოსკოვისგან მის მიერ კონტროლირებად რეგიონებზე გავლით დარტყმების შანსი მიზერულია, მაგრამ მაინც არსებობს“, - განაცხადა მელითაურმა და დასძინა, რომ შს სამინისტროს მისი ბიუჯეტითა და ტექნიკური აღჭურვილობით აღნიშნული აგრესიის მოსაგერიებლად ყველანაირი საშუალება გააჩნია, თუმცა ქართული მხარე არა აგრესიის მოგერიებაზე, არამედ პრევენციაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ამასთან, მისივე შეფასებით, საქართველოს ძალოვან უწყებაში ამ დროისთვის პროფესიული კადრების პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს და ამ კუთხით მუშაობის გაგრძელება აქტუალურია.