„შეიძლება ძალიან მალე დადგეს ის დრო, როდესაც ისევ ჩემი დასაცავი გახდეს ივანიშვილი იმ ვირთხებისგან, რომლებიც ახლა ერთგულებას ეფიცებიან“

„შეიძლება ძალიან მალე დადგეს ის დრო, როდესაც ისევ ჩემი დასაცავი გახდეს ივანიშვილი იმ ვირთხებისგან, რომლებიც ახლა ერთგულებას ეფიცებიან“

როგორ გამოსდის ბიძინა ივანიშვილს სიტუაციის დალაგება „ქართულ ოცნებაში“, რომელიც თურმე ბიზნესზე რთული სამართავი აღმოჩნდა?

ფაქტია, ჯერჯერობით მოვლენების დალაგება რთულია, „ოცნებაში“ ნგრევის პროცესი გარდაუვალია და უნებურად ჩნდება კითხვა, ნებით თუ უნებლიეთ, ბიძინა ივანიშვილის მიერ აწყობილი სისტემა ხომ არ მიექანება თვითლიკვიდაციისკენ?

თავის დროზე, როცა სამართლიანობის აღდგენა შეჩერდა და ქართველი ერის უპირველესი დაკვეთა არ შესრულდა, გაჩნდა განცდა, ხომ არ ფიქრობდა ბიძინა ივანიშვილი პოსტივანიშვილისეულ პერიოდზე და ხომ არ ცდილობდა, მასობრივად არ მოემდურებინა ადამიანები, რომლებიც კანონთან და სამართალთან არც ისე პირნათელნი იყვნენ?! ამითაც ხომ არ აიხსნებოდა ის ფაქტი, რომ საკუთარ დანაშაულზე პასუხისგება მხოლოდ ერთეულებს მოუწიათ?!

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ აწყობილი სისტემა მართლაც მიექანება თვითლიკვიდაციისკენ, მაგრამ საეჭვოა, ივანიშვილი ამას შეგნებულად აკეთებდეს, რადგან მისი მთავარი ამოცანა დღეს ძალაუფლების შენარჩუნებაა.

„ძალაუფლება რისთვის სჭირდება, ეს სხვა საკითხია, შეიძლება, უსაფრთხოებისთვის სჭირდებოდეს. მისი მთავარი ამოცანაა ძალაუფლების ჩაბღაუჭება, რომ თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნოს. რისი იმედი აქვს, არ ვიცი. იგი პოლიტიკური სუიციდისკენ მიდრეკილი გახდა. მას სჯერა, რომ საკუთარი რესურსებით შეიძლება ნებისმიერი შედეგის მიღება, ანუ ფულითა და სპეცსამსახურებით. მე კი ჩვენს საზოგადოებასთან მიმართებით ცოტა უფრო მაღალი აზრის ვარ და არა მგონია, მხოლოდ ფული და სპეცმეთოდები წყვეტდეს ქვეყნის განვითარების ვექტორს. მოვა 2020 წელი და ვნახავთ, ვინ არის მართალი“, - აცხადებს გია ხუხაშვილი და განმარტავს, რომ, სამწუხაროდ, ეს არის ჩვენს ხელისუფალთა დაავადება, რომ თავი მუდმივი ჰგონიათ. სააკაშვილიც არ ფიქრობდა თავისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგზე. როგორც ჩანს, არც ივანიშვილი ფიქრობს, რომ ეს მანკიერი ბაბილონის გოდოლი, რომელიც მან ააშენა, დაემხობა, მას ჰგონია, რაღაც კარგი შექმნა.

გია ხუხაშვილი განმარტავს, რომ ეს არის ყველაზე სახიფათო სცენარი. როგორც წესი, ხელისუფლებიდან რბილად ჩამოშორება ხდება ნელ-ნელა ძალაუფლების გადაბარებით, საზოგადოების აზრის გათვალისწინებით, ივანიშვილი კი ძალაუფლებას ჩაებღაუჭა და თვითიზოლაციაში იქცევს თავს. ასეთი ისტორიული მაგალითები ძალიან ბევრია მსოფლიოში.

„ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, ამას რომ ვამბობ, რადგან მისდამი ადამიანური სენტიმენტები დღესაც მაქვს. სამწუხაროდ, მე ამ სცენარს ვერ ვუსურვებ, მაგრამ შეიძლება ძალიან მალე დადგეს ის დრო, როდესაც ისევ ჩემი დასაცავი გახდეს იმ ვირთხებისგან, რომლებიც ახლა ერთგულებას ეფიცებიან“, - განმარტავს გია ხუხაშვილი.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ისეთ ტვირთს შეეჭიდა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გასრესდა. იგი პოლიტიკაში დაბრუნდა, გახდა პარტიის თავმჯდომარე და ამხელა პასუხისმგებლობა წამოიკიდა ზურგზე. არადა, თუ პოლიტიკური დაპირისპირებისგან განრიდება სურდა, თავისუფლად შეეძლო გაეკეთებინა ეს გარედან, რაც მას არ გაუჭირდებოდა.

„არა მგონია, მას ხელოვნური სივრცე სჭირდებოდეს. ბოლოს და ბოლოს, მას ნებისმიერი ქვეყანა მიიღებს. უბრალოდ, ივანიშვილს რაღაც პოზიტიურის შექმნა უნდა და სურს, ამ პოლიტიკურ დაპირისპირებაში თავისი პარტია გადაარჩინოს, გამარჯვებულად დატოვოს. ამდენად, შესაძლოა, თქვენს მიერ ჩამოთვლილ არგუმენტებს რაღაც საფუძველი ჰქონდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარ თავზე აღებული ტვირთი გაცილებით მძიმეა. ის, რომ სამართლიანობის აღდგენა არ ჩანს, ესეც რთული საკითხია. ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით ორგვარი პოზიციაა, ერთნი ამბობენ, რომ უნდა გავუშვათ ეს მოსამართლეები სახლში (საუბარია იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის შეცვლაზე), ან სხვა მოსამართლეები მოვიყვანოთ. თუმცა, თუკი სხვა მოსამართლეებს მოვიყვანთ, მაშინ სასამართლო დამოუკიდებელი ვერ იქნება. ეს უკვე ჩვენ გავიარეთ, რაც სააკაშვილმა გააკეთა 2004-ში, როცა გამოცვალა მთელი სასამართლო კორპუსი. რა სასამართლოც მივიღეთ მაშინ, ეს ყველამ იცის. მეორე მხარეა, რომ მოსამართლეთა ეს კორპუსი რეპუტაციის თვალსაზრისით დანგრეულია. მათ არ აქვთ ავტორიტეტი, რაც უმთავრესია სასამართლო საქმიანობაში“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისივე განმარტებით, ამ კრიზისიდან ორგვარი გამოსავალია-ერთი მხრივ, უნდა შევეგუოთ ამ მოსამართლეებს, რადგან ყველას ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს იმ რეჟიმის გამო, სააკაშვილის რეჟიმი რომ თავზე დაგვასხდა და ეს არ არის მხოლოდ სააკაშვილის, როგორც დემონის „დამსახურება“. თუმცა მეორე გამოსავალია, რომ ეს მოსამართლეები უვადოდ არ ავიტანოთ, ნელ-ნელა უნდა შეიცვალოს ეს კორპუსი და არა ერთბაშად და ერთი ხელის დარტყმით. თორემ ეს იქნება სასამართლო ხელისუფლების მთლიანი დანგრევა.

დავით ზარდიაშვილის თქმით, სამართლიანობის აღდგენაც პროცესია. გასაგებია, რომ სამართლიანობის აღდგენის გზაზე ვადებში ვართ შეზღუდული, მაგრამ თავის დროზე ბევრი შეცდომა დავუშვით, როცა სააკაშვილის რეჟიმი მოვიყვანეთ და ახლა იძულებულნი ვართ, რაღაცები გადავიტანოთ.

 

ბ ა ტ ო ნ ი 420 დამცველიო?!! ვინც ეგ დაიცვას მე მის დედას ვთხარე!!!!!!!!!
5 წლის უკან