გაქნილობის ფორმულა: დასანიშნთა არჩევა და ასარჩევთა დანიშვნა

გაქნილობის ფორმულა: დასანიშნთა არჩევა და ასარჩევთა დანიშვნა

თანამდებობაზე გამწესების ორი იდეალური გზა არსებობს: არჩევა და დანიშვნა. არჩევის დროს, იდეალურ შემთხვევაში კანდიდატთაგან უნდა ირჩევდნენ იმას, ვისაც ყველაზე მეტად ენდობიან. გამწესების ამ იდეალურ შემთხვევას ყველაზე უკეთ გამოხატავს პოლიტიკურ თანამდებობაზე პირის არჩევა: პოლიტიკოსს სწორედაც დაინტერესებულნი ირჩევენ და იმიტომაც ირჩევენ, რომ მას ყველაზე მეტად ენდობიან; ენდობიან კი იმაში, რომ იგი ყველაზე უკეთ გაატარებს ამ დაინტერესებულთა, ე.ი. თავის ამომრჩეველთა ინტერესებს.

დანიშვნის დროს კი, ასევე იდეალურ შემთხვევაში, კანდიდატთაგან გამოარჩევენ იმას, ვისაც ამ თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება ყველაზე უკეთ შეუძლია. ასეთ იდეალურ შემთხვევას ყველაზე უკეთ გამოხატავს პროფესიული მოხელე. ინტერესების თვალსაზრისით იგი პოლიტიკოსების საპირისპიროდ, სწორედაც რომ მიუკერძოებელი უნდა იყოს, გადაწყვეტილებათა მიღებისას მხოლოდ კანონითა და პროფესიული სტანდარტებით უნდა ხელმძღვანელობდეს და თანამდებობისათვის რომ შეარჩიონ, ყველაზე უკეთ უნდა შეეძლოს ამ თანამდებობრივ მოვალეობათა და ფუნქციათა პროფესიულად შესრულება.

რასაკვირველია, ეს როდი ნიშნავს, რომ იდეალურ პოლიტიკოსს საერთოდ არ მოეთხოვება არანაირი „საქმის ცოდნა“, ხოლო იდეალურ მოხელეს არ უნდა გააჩნდეს საკმარისი რეპუტაცია. მაგრამ აქ მთავარი სწორედ ეს არის: პოლიტიკოსისათვის რეპუტაციაცა და „საქმის ცოდნაც“ იმას ნიშნავს, რომ მან ზედმიწევნით იცის, როგორ გაატაროს მათი, ვინც ენდობა, ე.ი. მისი ამომრჩევლის ინტერესები, ხოლო მოხელის პროფესიული რეპუტაცია კი ისაა, რომ მას, როგორც განსწავლულსა და გამოცდილ პროფესიონალს, საუკეთესოდ შეუძლია თავისი საქმის გაკეთება.

მართალია, იდეალურისგან რეალობა ყოველთვის, ასე თუ ისე, მაინც დაშორებულია, მაგრამ ჩვენში ეს დაშორება იმდენად კატასტროფულია, რომ იდეალურის საპირისპირო ვითარებას ვიღებთ: ვირჩევთ ხოლმე მაშინ, როცა დასანიშნია და პირიქით - ვნიშნავთ მაშინ, როცა ასარჩევია.

მაგალითები გნებავთ? რამდენიც გენებოთ! აგერ ახლა, თუნდაც პროპორციულ არჩევნებზე ატეხილი აჟიოტაჟი ავიღოთ. ეს პარტიები თავს იკლავენ, არიქა, ვისაც ჩვენ თავად ჩავწერთ პარტიულ სიაში, ისინი, საერთოდ იცნობთ თუ არა, აირჩიეთ და დასვით პარლამენტშიცაო. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ამ სიის შემდგენელ-პატრონები ჩვენგან დაუკითხავად სრულიად უცხო „პოლიტიკოსებს“ გვინიშნავენ ხოლმე. შედეგი ცხადია - ეს დანიშნული „პოლიტიკოსიც“ პატრონის ინტერესს გაატარებს და არა ამომრჩევლისას!

ხოლო იმის მაგალითი, როცა პროფესიული მოხელე კერძო ინტერესების, ნათესაობა-ძმაკაცობა-ნათელ-მირონობის საფუძველზე, ძირითადად, პოლიტიკური ერთგულების მიხედვით გამოირჩევა, იმდენად ჩვეული და გავრცელებულია, ყველამ ისედაც იცის და სალაპარაკოდაც არა ღირს!

ბოლო მაგალითი, როცა პროფესიონალთა შერჩევის საკითხი პოლიტიკურ სკანდალთა კასკადად იქცა, მოსამართლეთა საკითხია!

ეს კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ საერთოდაც ცუდად ვერკვევით, ვინ უნდა ავირჩიოთ და ვინ დავნიშნოთ. როცა ღირსეულ მოსამართლეების შერჩევა მთავარი პოლიტიკური საკითხი ხდება, რაც მმართველ პარტიას კრიზისიში შეიყვანს, იქ უკიდურესად ცუდადაა საქმე!

რა აღარ მოვისმინე ამ საკითხზე. ისიც კი, რომ მოსამართლეები თურმე საერთო სახალხო კენჭისყრით უნდა ავირჩიოთ. მოსამართლეების არჩევას მოითხოვს არა ცოტა, არამედ ბევრი. გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, ვგონებ - უმრავლესობაც! მოსამართლეთა პოლიტიკოსებივით არჩევა კი იმას ნიშნავს, რომ თურმე ისეთი მოსამართლე გვსურს, რომელიც ინტერესების მიხედვით განსჯის და არა კანონისა და სინდისის მიხედვით...

არადა, კანონისა და სინდისის მორგებას ინტერესებისადმი გაქნილობა ჰქვია. ვაი რომ, რაც უფრო გაქნილია, მაგალითად, თუნდაც იურისტი, საუბედუროდ, უფრო მეტი გასავალი აქვს და ძვიდაცა ფასობს იგი. ბოლოს მივდივართ იქამდეც, რომ გაქნილობაა გინდა დანიშვნისა და გინდაც არჩევის, ჩვენდა სავალალოდ, ძირითადი კრიტერიუმიც...

ეს ყოვლად სამარცხვინო, მოსამართლეთა „პოლიტიკური კრიზისი“ თუ ამბოხი, თავისთავად იმასაც ნიშნავს (ამის თაობაზე ბ-ნი პაატა ჩხეიძის ბლოგიც, „მოსამართლეთა ამბოხი“, შეგიძლიათ იხილოთ: https://for.ge/view/160329/mosamarTleTa-amboxi.html), რომ პროფესიულმა ეთიკამ საერთოდ დაკარგა ყოველგვარი აზრიცა და დანიშნულებაც. როცა მოსამართლეთა კორპორაციულ ინტერესებზე საუბრობენ, ჯერ არს - პროფესიული ეთიკიდან გამომდინარეობდეს ეს ე.წ. კორპორაციული ინტერესები და არა პირიქით. როგორც ჩვენშია: იმ ინტერესებიდან, ემანდ მდგომარეობა, ე.ი. დაკავებული ადგილი და ლუკმა არ დავკარგოთო, გამომდინარეობს გაქნილთა ქცევის განმსაზღვრელი თავკერძა და მე ვიტყოდი, სანიმუშოდ ანტი-პროფესიული ეთიკა. ეს უცნაური სულაც არ არის, რადგან განა მარტო მოსამართლეები იქცევიან ასე? ასევე იქცევა ყველა (გამონაკლის პიროვნებებს, ე.ი. „თეთრ ყვავებს“ არა ვგულისხმობ) - ექიმიდან დაწყებული მასწავლებლით დამთავრებული; ტაქსის „შოფრებზე“, გზა რომ წვალებ-წვალებით გზადაგზა უნდა ასწავლო, რომ აღარაფერი ვთქვათ.... პროფესიული ეთიკის ნაცვლად ახლა გაქნილობაა მოდაში უკლებლივ ყველა პროფესიაში და ისიც ბუნებრივია, გაქნილთა შორის გაქნილები პოლიტიკურ სარბიელს რომ ეპოტინებიან!

ასეა: პროფესიული ეთიკა სადაც არ არის, იქ ზედმეტია საუბარი „სოციალურ კაპიტალზე“. ხოლო სადაც „სოციალური კაპიტალი“ არ არის, ინვესტიცია რომ ციური მანანასავით ცვიოდეს, მხოლოდ გაქნილთათვის არის, თანაც მეტად ეფემერული, კეთილდღეობაცა და უსაფრთხოებაც!