მოსამართლეთა ამბოხი

მოსამართლეთა ამბოხი

სიტყვა “რეაქციას” უარყოფითი კონოტაცია ახლდა საბჭოთა ხანაში. რეაქცია რევოლუციისადმი დაპირისპირებად მოიაზრებოდა და ყველა რეაქციონერი მტრად იყო გამოცხადებული.

ლიბერალები და პროგრესისტები რეაქციონერებს იმათ უწოდებენ, ვინც მელიორიზმს, უსაზღვრო პროგრესსა და უნივერსალიზმს არ ადიდებენ.

რევოლუციები არ მიყვარს და არც დაუსაზღვრელ პროგრესს ვეტრფი, ამიტომ რეაქციონერობა ჩემი მსოფლმხედველობის განუყოფელი ნაწილია. 

ბევრნაირი რეაქციის შესახებ მსმენია და მოვსწრებივარ, მაგრამ მოსამართლეთა რეაქცია პირველად ვნახე. პირველად ვიხილე თუ როგორ გარდაიქმნა მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც მართლმსაჯულებაზე უნდა ემსჯელათ, პოლიტიკურ მიტინგად და პარტიულ ყრილობად.  

აი, კიდევ ერთი პარადოქსი ქართული პოლიტიკისა - მოსამართლეთა პარტია!

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხი ერთი ყველაზე საჭირბოროტო საკითხთაგანია ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში!

იუსტიციის საბჭოს წევრი უნდა იყოს პროფესიონალი, უმწიკვლო, მიუდგომელი და ობიექტური.

და სწორედ ამას ვუკიჟინებთ იუსტიციის საბჭოს რამდენიმე წევრს, ეს თვისებები გაკლიათო. თავის დროზე შედრკით და მოსამართლის ღირსება ვერ დაიცავითო, პირიქით, კოლაბორაციონისტები გახდით დამნაშავე რეჟიმისაო.

ისინი თითქოს ვერ იგებენ რას ვერჩით,  კონსტიტუციასა და კანონს იფარებენ და უზენაესი სასამართლოს უვადო თანამდებობას ეპოტინებიან. 

საზოგადოებას მათ მიმართ ზნეობრივი პრეტენზიები აქვს, ისინი კვლავ კანონსა და კონსტიტუციაზე აპელირებენ. მგლის თავზე სახარებას კითხულობენო,  ნათქვამია…

მაგრამ ისიც ხომ ნათქვამია, ერთი თხისკენო და ერთი მგლისკენო, და მეორე მხარესაც ხომ უნდა მოვუსმინოთ.

ჰოდა, ჩივიან მოსამართლეები, რა გვექნაო, მგლების ხელში ვიყავითო, ვერაფერს ვაწყობდითო და ახლა  როცა აღარავინ ძალადობს სასამართლოზე, გვსურს ქვეყანას ვემსახუროთო, გამოიყენეთ ჩვენი პროფესიონალიზმიო.

და, მართლაც, რატომ არ შეიძლება,  ვფიქრობდი ჩემთვის, ვინღა დარჩა უცოდველი ჩვენში, რომ ქვა და ჯოხი, მაინცა და მაინც, მოსამართლეებს დავუშინოთ-მეთქი და ისევ კანონისა და კონსტიტუციის დაცვა მერჩივნა, ზნეობრივი პრინციპის უპირატესობას.

მაგრამ ვინ გაცალა ასეთი მშვიდობიანი ფიქრები. ამ, ვითომდა, უსამართლოდ დევნილმა მოსამართლეებმა კანონიერად და კონსტიტუციურად მოიწვიეს მოსამართლეთა კონფერენცია, მოიხსნეს თმენის ვალდებულება, აღშფოთდნენ, დაახვავეს პოლიტიკური განცხდებები  და ”ნასკაკოიც” მოგვაძახეს, ეს არის ჩვენი რეაქციაო.

არა, ქალბატონებო - რეაქცია სწორედ ქალბატონმა ახსენა - და, ბატონებო, ეს რეაქცია არაა, ეს გახლავთ ამბოხი და რევოლუცია მოსამართლეთა პარტიისა! ან ეგებ სულაც სამართლო ხელისუფლებისა?!

სულ რამდენი ხელისუფლებაა საქართველოში? საკანონმდებლო,  აღმასრულებელი და სასამართლო! ამას დაუმატეთ ძალაუფლებათა ცენტრები: ეკლესია, მასმედია და არასამთავრობოები.

პარლამენტი დაგვიმხია არაერთხელ, მთავრობა დაგვირბევია და დაგვიხოცია. ჟურნალისტებიც არ დაგვინდია და არც მათ დაუნდიათ ვინმე. ეკლესიას ხომ, ვისაც არ ეზარება, შიგნიდან თუ გარედან, ყველა ხელს ახოცავს.

ახლა სასამართლოს ჯერიც დამდგარა.

დამხობა-დარბევას ყოველთვის გარედან ჰქონდა ხელშეწყობა, მაგრამ ყოველთვის ჩვენი ხელით კეთდებოდა და  ჩვენი უგუნურების შედეგი იყო, შედეგი შიდა არეულობისა და განხეთქილებისა.

ჰოდა, ვანგრევთ სასამართლოს, ჯერ არ აგვიშენებია და ვანგრევთ ჩვენი ხელით, გარედან პოლიტიკოსები და არასამთავრობოები და შიგნიდან თვითონ მოსამართლეები.

და სწორედ მოსამართლეები ანგრევენ გააფთრებით, თავის კოლეგებს იცავენ, საკუთარ სკამებს იცავენ და მთელი სისტემის დანგრევა ჩირადაც არ მიაჩნიათ.

ცხადია, მოსამართლეებიც დაიბნენ და ბრბოდ გადაიქცნენ, ძალის ჩვენება მოინდომეს და პოლიტპარტიული მიტინგი მოაწყვეს. ხმაც მისცეს რაღაცას, ერთხმად ასწიეს ხელი. არ ვიცი რას, განცხადებას თუ რეზოლუციას, თუ სხვა რაღაც უბედურებას, რადგან სწორედაც რომ  უბედურებაა ის, რასაც ისინი აკეთებენ, უბედურება ჩვენი ქვეყნისა.

უბედურებაა, როცა მოსამართლე სიდინჯეს დაჰკარგავს, მართლმსაჯულებაზე ფიქრისა და ზრუნვის ნაცვლად, პოლიტიკურ ტრიბუნას მოერგება და მგზნებარე ტირადებს დაახვავებს.

ერთხელ, ამერიკის ერთმა სენატორმა უილიამ ბატლერ იეიტსის ლექსის სტრიქონები მოიხმო, საკუთარი აზრის განსამტკიცებლად და, მერე, ალბათ, დიდხანს ნანობდა, კრიტიკისა და დაცინვის ისეთი ღვარცოფი დაატეხეს თავს.

ჩვენმა პრეზიდენტმა, ერთხელ, ”ვეფხისტყაოსნის” შაირის ზეპირად წარმოთქმა სცადა და, არ ვიცი ინანა თუ არა, მაგრამ დიდხანს კი დავცინოდით და დღესაც გავუხსენებთ ხოლმე.

ასეა - მეტაფორები, ლექსები და ციტატები, პოეტთა და ფილოსოფოსთა საქმეა. ყველამ თავისი საქმე უნდა იცოდეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს.

როცა  მოსამართლე მიგელ დე უნამუნოს ახსენებს და მის სიტყვებს დაიმოწმებს, - ვერ გავჩუმდებიო, - უნდა იცოდეს, რომ ჰკითხავენ, სად და რატომ წარმოთქვა ეს სიტყვები დიდმა ესპანელმა მწერალმა და მოაზროვნემო და თუ ვერ გაიხსენებს, შეახსენებენ.

და, შევახსენებ, რომ ეს სიტყვები,  მიგელ დე უნამუნომ 1936 წელს, სალამანკის უნივერსიტეტში წარმოთქვა, ნაციონალისტებით სავსე დარბაზში, როცა ფრანკისტმა გენერალმა, მილანო ასტრაიმ, ბასკეთი და კატალონია ერის სხეულზე არსებულ სიმსივნეებად მოიხსენია.

მიგელ დე უნამუნომ მშვიდად მოუსმინა, მერე წამოდგა და ბრძანა, შეგახსენებთ, რომ მე ბასკი ვარ, ხოლო აქ მყოფი სალამანკის არქიეპისკოპოსი კი კატალანელი გახლავთო!

შენ, ბატონო გენერალო, ომის ინვალიდი კი ხარ, მაგრამ  ომის სხვა ინვალიდივით, მიგელ დე სერვანტესივით,  კეთილშობილი და დიდსულოვანი არა ბრძანდებიო!

ამას რომ ამბობდა, მიგელ დე უნამუნოს სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა, შეიძლებოდა იქვე დაეხვრიტათ გააფთრებულ ფრანკისტებსა და ფალანგისტებს.

აქ კი, „რედისონის“ წინ, რამდენიმე ათეული ”ენჯიოშნიკი” შეყრილიყო და უსტვენდნენ.

ამ ჩვენს მოსამართლეს, ვინც თავისი სახელგატეხილი მეგობრების დასაცავად, ანუ მათთვის მუდმივი ადგილის დასაბევებლად გამოვიდა ტრიბუნაზე და ამაყად განაცხდა, ”ვერ გავჩუმდებიო”, საყვედურსაც კი არავინ შეჰკადრებს.

ეს ჩვენი მოსამართლე ეგებ სავსებით ღირსეული კაციც კია, მაგრამ როცა მიგელ დე უნამუნოს ზნეობრივ მაგალითს ედრები, შენც უნდა გქონდეს რაღაც სათქმელი, თუნდაც ის, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს გამოსულხარ ტრიბუნაზე და დაგიცავს სასამართლოს დამოუკიდებლობა! შენს კოლეგებს რომ ზნეობას უწუნებენ, სწორედ ის დეპუტატები და საზოგადო მოღვაწეები არიან, ვინც მაშინ არ შეშინდა და ხმა აიმაღლა, რისთვისაც დაიჭირეს, იმ შენმა კოლეგებმა ”გაასამართლეს” და მიუსაჯეს! მაშინ უნდა ამოგეღო ხმა.

და, თუ ასე არ მოქცეულხარ, ფუჭია შენი სიტყვები და დიდი ადამიანის მოწმედ მოყვანა.

აჰა, ამასაც მოვესწარით, მოსამართლეები დემოკრატიულ თავყრილობებს აწყობენ, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და ამ სამართლებრივ აბსურდს რეაქციას უწოდებენ. აშკარად იცვლება ამ სიტყვის კონოტაცია.