ევროლიგის მორიგ ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" რუსულ "ხიმკის" უმასპინძლა. წინასწარ იყო დაანონსებული, რომ ამ შეხვედრას ქართველ ცენტრზე დაკვირვების მიზნით NBA-ს სკაუტები უნდა დასწრებოდნენ.
გოგამ მათაც დაანახა, რომ ევროპაში ძალიან სასარგებლო ცენტრია. ეს მხოლოდ სტატისტიკით არ ჩანს, ვინც თამაშს მიადევნა თვალი, დაგვეთანხმება, რომ "ბუდუჩნოსტი" ბითაძით და მის გარეშე სხვადასხვა იყო. როდესაც იგი ისვენებდა, ხიმკელები თავისუფლად სეირნობდნენ მონტენეგროელთა ფარქვეშ.
ბითაძე მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით ნორის კოულთან ერთად მასპინძელთაგან საუკეთესო იყო - 25. აი, მისი სრული სტატისტიკა: 27 წუთი, 17 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება, 1 პასი. მან 6 ორქულიანი და 8 საჯარიმო სტყორცნა, საიდანაც მხოლოდ თითო გააცუდა. კოულმა 20 ქულას 11 პასი მიამატა, ხოლო მატჩის ბომბარდირი ხიმკელი ჯორდან მიკი გახდა - 25 ქულა.
მართალია, საბოლოოდ 8-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, მაგრამ გამარჯვებასთან არც "ბუდუჩნოსტი" იყო შორს, რომელიც ბოლო წუთს ერთქულიანი უპირატესობით შეხვდა - 88:87. ამის შემდეგ ბითაძის თამნაგუნდელებმა შეცდომას შეცდომა მიაყოლეს და გამარჯვება რიმას კურტინაიტისის გუნდს პოდმოსკოვიეში გაატანეს.
გოგას გუნდს 6 მოგება, 16 წაგება აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ევროლიგაზე კაუნასში "ჟალგირისის" წინააღმდეგ გამართავს (22 თებერვალს).