მიხეილ სააკაშვილი - „სახელმწიფო რეკეტთან ბრძოლა ჩემი პრესტიჟის საქმეა“

მიხეილ სააკაშვილი - „სახელმწიფო რეკეტთან ბრძოლა ჩემი პრესტიჟის საქმეა“

პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კორუფციის საკითხი საზოგადოებაში ძალზე მწვავედ დგას.

არსებული კანონმდებლობით მასზე კონტროლის მექანიზმებში სერიოზული ხარვეზები არსებობს და არის ისეთი „ხვრელები“, რომელსაც კორუფციისთვის ძალზე აქტიურად იყენებენ.

ბევრი რამ ხშირ შემთხვევაში კანონების გვერდის ავლით, მაღალი თანამდებობის პირთა ბრძანებებით და ინსტრუქციებით ხორციელდება.

არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, თანამდებობის პირების გათავისუფლება ფერხდება. უპატრონობის გამო გათავისუფლებული სხვა ხალხი, ხშირად სხვა თანამდებობაზე ინიშნება. ყველა ეს პრობლემა მოსაგვარებელია.

„როგორც მეწარმეები ამბობენ, ისეთ დღეში არიან „მხედრიონი“ სანატრელი გაუხდათ. რა თქმა უნდა, ეს რამდენადმე გაზვიადებული ფრაზაა და პირობითად არის ნათქვამი, მაგრამ თავად სიტუაცია ნამდვილად საგანგაშოა. როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა ორგანოების თანამშრომელთა ნაწილი რეკეტში პირდაპირაა ჩარეული.

ამის გამომწვევი მიზეზი მეწარმეთა საქმიანობის ხშირი შემოწმებებია, რაც, თავის მხრივ, ზოგიერთი არასწორი დადგენილების ბრალია.

უნდა ამოქმედდეს სასამართლო სისტემა და იგი წინასწარი გამოძიების მიმართ უფრო კრიტიკული უნდა გახდეს. გამოძიება ბოლო ინსტანციად არ უნდა ჩაითვალოს, ხოლო ადვოკატურა სულ სხვა პრინციპებზე უნდა მოქმედებდეს.

იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც ერთ-ერთი ბიზნესმენი ცხრა თვე ჰყავდათ დაპატიმრებული და დანაშაულის დაუმტკიცებლობის გამო გამოუშვეს. გამომძიებელმა კი მხოლოდ საყვედური მიიღო.

კორუფციასთან და რეკეტთან ბრძოლა ჩემი პოლიტიკური პრესტიჟის საკითხია...“