„ხელისუფლება იძულებული იქნება წავიდეს რიგგარეშე არჩევნებზე, ვიდრე მაჟორიტარული სისტემის დათმობაზე“

„ხელისუფლება იძულებული იქნება წავიდეს რიგგარეშე არჩევნებზე, ვიდრე მაჟორიტარული სისტემის დათმობაზე“

მმართველი გუნდი 2020 წელს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს. ამ საკითხზე მსჯელობას „ქართული ოცნება“ 2024 წელს გეგმავს. თუმცა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარედგინა საკითხი, რომელიც საარჩევნო სისტემის მიმართულებით კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით ხელმოწერების შეგროვების დაწყებას და ამისათვის საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარებას ითვალისწინებს.

ვიცე–სპიკერი, „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე პარლამენტის თავმჯდომარესა და მმართველ გუნდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხზე პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციის დაწყების წინადადებით მიმართავს. ეს საკითხი კაპანაძემ ბიუროს სხდომაზე დააყენა.

„საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არსებული სისტემით ჩატარებამ. დღეს იმგვარი საარჩევნო მოდელი მოქმედებს, როცა მმართველი პარტია არჩევნების ხმათა 48 პროცენტს იღებს, მაგრამ პარლამენტში მანდატების სამ მეოთხედს ფლობს“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ოპოზიციის მოთხოვნა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. დეპუტატი, სოფო კილაძე ფიქრობს, რომ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნა ხელოვნურად არის წამოჭრილი და ძალიან არასერიოზული დისკუსია მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, ძალიან არასერიოზული დისკუსიაა, რომელიც ხელოვნურადაა წამოჭრილი. ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, უამრავი დისკუსიის შემდეგ, კონკრეტულად მივიღეთ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო უმრავლესობით და ვფიქრობ, ეს საკითხი დამატებით კითხვის ნიშნებს აღარ საჭიროებს, რადგან ჩვენ გვქონდა შესაბამისი არგუმენტები, თუ რატომ უნდა შენარჩუნებულიყო მაჟორიტარული სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა კილაძემ.

20 პოლიტიკური ორგანიზაცია მაჟორიტარული სისტემის დაუყოვნებლივ გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. „ახალი მემარჯვენეების“ წევრის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, ოპოზიცია მილიონი ხელმოწერის შეგროვებასა და საკონსტიტუციო ცვლილების მოთხოვნას გეგმავს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით გაიმართოს.

„საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა და ჰორიზონტზე საპარლამენტო არჩევნები 2020 გამოჩნდა, მახინჯი საარჩევნო კანონმდებლობით და საარჩევნო სისტემით. დღეს საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება მოხდება, რომელთა უკანაც 20 ორგანიზაციაა. რაც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას.

„ქართულმა ოცნებამ“ არ შეისმინა 200 ათასი ადამიანისა და პოლიტიკური სპექტრის ხმა. ამჯერად ჩვენი კამპანია ასეთ სახელწოდებას იძენს – „მილიონი ხელმოწერა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად“. 73–ვე მუნიციპალიტეტიდან „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტს ჩვენი ამომრჩევლების ხმას გავაგონებთ. გვაინტერესებს მათი პასუხი როგორი იქნება“, – აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რა მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებზე, ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ პროპორციული არჩევნების ჩატარება ნიშნავს იმას, რომ ხელი მოაწეროს ძალა–უფლების დათმობას. მისი შეფასებით, ამ ორი წლის განმავლობაში შესაძლებელია ამომრჩეველის მობრუნება, მაგრამ ჯერ–ჯერობით პროცესი როგორც მიდის, სხვაგვარი განვითარება ამ პოლიტიკურ პროცესს არ ექნება.

„შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნება“ პროპორციულ არჩევნებს წააგებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ამ შეთავაზებას არ დათანხმდება. არც ვიცი კილაძემ საიდან მოიტანა, მაგრამ წლებია ოპოზიცია ითხოვს პროპორციულ არჩევნებს. არა მარტო დღევანდელი ოპოზიცია, არამედ „ქართული ოცნებაც“ ითხოვდა ამას, როცა ოპოზიციაში იყო. მაგრამ ხელისუფლებაში მყოფი არც ერთი პოლიტიკური ძალა, ამ გადაწყვტილებას არ ღებულობს“, – აღნიშნა ძაბირაძემ.

რაც შეეხება ამ პროცესში დასავლეთის ჩართულობას და ფორმულას „ბეიკერის ახალი ფორმულა“ , ძაბირაძე ამბობს, რომ დასავლეთმა შესაძლოა შესთავაზოს ხელისუფლებას ახალი ფორმულა.

„მაგრამ შეთავაზება შევარდნაძემ თუ არ მიიღო, რატომ მიიღებს დღევანდელი ხელისუფლება, არ მესმის. ამიტომ, არც დღევანდელი ხელისუფლება არ მიიღებს დასავლეთის შეთავაზებას. რეალობა ასეთია დღეს. ამ რეალობას ხედავს ყველა. ამიტომ, ხელისუფლება დათმობაზე არ წავა.

თუ ოპოზიცია აიძულებს ხელისუფლებას და იმდენად მასშტაბური იქნება საპროტესტო ტალღა და არა ხელმოწერა, თუ ხელისუფლება იძულებული იქნება წავიდეს დათმობაზე, მაშინ ხელისუფლება უფრო მეტად იძულებული იქნება წავიდეს რიგგარეშე არჩევნებზე, ვიდრე ამ დათმობაზე“, – განაცხადა For.Ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

ხელისუფლების მხრიდან დათმობის მოლოდი არ აქვს ექსპერტ გია ხუხაშვილს, რომლის განცხადებით, უნდა ვიფიქროთ არა „ქართული ოცნების“ წამალზე, არამედ სახელმწიფო განვითარების წამალზე. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ხელოვნურია მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება, არა იმიტომ, რომ მაჟორიტარული სისტემა ცუდია, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს ინსტიტუტი იქცა ძალიან დიდ სიმახინჯედ.

„ფაქტობრივად, ჩვენ მივიღეთ რაიონების ყალბი მაჟორიტარები, რომლებიც ერთადერთი მიზნით ჩნდებიან პარლამენტში, რომ მერე საკუთარი ბიზნესები კრიშონ. ვაკვირდებით ჩვენ მაჟორიტარების აქტივობას, რაც მხოლოდ საკუთარი ბიზნესის აქტივობაში გამოიხატება. ერთი მხრივ ხელისუფლება ამაზე გარკვეულ ეკონომიას აკეთებს ფინანსური თვალსაზრისით, მეორე მხრივ ჰყავს მორჩილი კორპუსი, გარიგებაში შედის ამ მანკიერ ჯგუფთან, რაც უნდა დასრულდეს“, – აცხადებს ხუხაშვილი.

როგორც ექსპერტი განმარტავს, გადაწყვეტილება, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით სისტემურად უკვე მიღებულია, მაგრამ ხელისუფლება ითხოვს 4 წელს, რაც მიუღებელია.

„ხელისუფლება გვეუბნება, მაცალე, 4 წელი ვიცხოვრებ ამ კომფორტში და მერე 2024 წლიდან დავიწყოთ პროცესი. ძალიან მარტივი კითხვა ისმის, რატომ? თუ პროპორციული სისტემა უფრო დემოკრატიულია, ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯია, რატომ უნდა გადავდოთ და რატომ უნდა გვყავდეს 4 წელი ამ ტიპის გაუგებარი ადამიანები პარლამენტში? იმიტომ, რომ ვიღაცა ხელისუფლებაში დარჩეს? ეს არ არის სახელმწიფოებრივი ამოცანა.

სოფო კილაძის განცხადება, რომ ხელოვნურია ეს თემა. ხელოვნურია მისი განცხადება. ოპოზიცია არაფერ შუაშია. ამ საკითხთან დაკავშირებით არის საერთო სახალხო კონსენსუსი. „ქართული ოცნების“ გარდა დამისახელოს სხვა პარტია, რომელიც ამას არ ემხრობა. ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება არის იზოლაციაში. კეთილი ინებოს „ქართულმა ოცნებამ“ და სერიოზულად შეხედოს ამ საკითხს და არა ის, რომ ნაციონალებისკენ გაიშვიროს ხელი“, – აცხადებს For.Ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.