„მე არ მინახავს, რა თავის მართლებაა, რომ ენახა რა?!“

„მე არ მინახავს, რა თავის მართლებაა, რომ ენახა რა?!“

ვახტანგ ძაბირაძეს შეფასებით, რეჟიმის თავლსაზრისით დღევანდელი ხელისუფლება უფრო ლიბერალურია, მაგრამ სისტემური თვალსაზრისით ზუსტად ისეთივეა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“. კონსტიტუციონალისტის განცხადებით, ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც ყველა სტრუქტურა დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, იმის მიუხედავად რომელი პოლიტიკურ ძალა არის ხელისუფლებაში, ასეთი რამ არ ხდება.

For.Ge ვახგანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არალეგალური გზებით ვრცელდება და სხვადასხვა პირებს არალეგალურად ჰქონდა შენახული. მეტიც, ამბობს, რომ ამგვარი ტიპის მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო და დასაშვებია, რომ დღესაც არიან ადამიანები, ვინც უკანონო ჩანაწერებს ინახავს. როდესაც ამგვარ განცხადებას ვისმენთ დეპუტატისგან, თავისთავად ჩნდება დაუცველობის გრძობა, გვაქვს კი სახელმწიფო, სად ვართ და სად მივდივართ?

ვახტანგ ძაბირაძე: სამწუხაროდ, არ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურა. სისტემა, რომელსაც სახელმწიფ ეფუძნება, მორგებული არის მმართველი პოლიტიკური პარტიის ძალის ინტერესებს. ასე არის დღეს, ასე იყო გუშინ. ამიტომ, თუ ლაპარაკია ზოგადად სახელმწიფოზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო და მით უმეტეს დემოკრატიული სახელმწიფო არ გვაქვს.

არ გვაქვს სახელმწიფო იმიტომ, რომ დემოკრატიული ინსტუტუტები არ მუშაობენ?

– რა თქმა უნდა, და ამას ადასტურებს სხვა ფაქტებიც. პირველი შემთხვევა ხომ არ არის ასეთი კადრების გავრცელება?! არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა გამოძიებული. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი და სრულიად ლეგიტიმური, რომ თუ წინა ხელისუფლებას ვადანაშულებდით, რომ ამ კადრებს იღებდა, დღევანდელი ხელისუფლება პასუხისმგებელია ამ კადრების გავრცელებაზე. სახელმწიფო სისტემა არ გვაქვს ისე მოწყობილი, რომ სისტემა წავიდეს ამის წინააღმდეგ, იმუშაოს დამოუკიდებლად, პოლიტიკური ნებისა და გაყოფის გარეშე. ეს არის ჩვენი პრობლემა.

სისტემა ასრულებს მმართველი გუნდის პოლიტიკურ დაკვეთას?

– ასე იყო ადრე და ასე არის დღესაც. რეალურად, ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც ყველა სტრუქტურა დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, იმის მიუხედავად რომელი პოლიტიკურ ძალა არის ხელისუფლებაში, ასეთი რამ არ ხდება. ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი სტრუქტურა და ამიტომაც ვართ ასეთი სახელმწიფო. სამწუხაროდ, საზოგადოებას არ აქვს ხელისუფლებაზე კონტროლის განხორციელების ეფექტური საშუალება, რაც ასევე არის პრობლემა.

მიუხედავად იმისა, რომ 16–ვე დაკავებულინაციონალური მოძრაობისმხარდამჭერია, ბრალდებული მაინც ხელისუფლება არის. ეკა ბესელიას განცხადებით, კადრების გავრცელება ორგანიზებულია იმ ჯგუფის მიერ, ვისაც დაუპირისპირდა და გულისხმობდა მოსამართლეთა კორპუსს, მათ შორის პარლამენტის ახალგაზრდულ ფრთას, რომელიც ამ მოსამართლეებს ლობირებენ. ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ექსპერტმა, გია აბაშიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ინფორმაციის წყარო თვად ეკა ბესელია იყო, რაცმესიჯბოქსი“ გახდა უმრავლესობისთვის და ყველა ერთხმად ამტკიცებდა, რომ კადრები არ უნახავთ. დღეს, როცა საქმეზე ბრალდებულები გამოჩნდნენ, ამმესიჯოქსებით“ საუბარი რამდენად წამგებიან როლში ჩააყენებს იმ უმრავლესობას, რომელიც ამტკიცება, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა?

– ძალიან სუსტი და არსწორი „მესიჯბოქსია“. იმის თქმა, რომ ბესელიას აწყობდა ამ კადრების გავრცელება, ჩემი აზრით სრულიად არსწორი მიდგომაა. არგუმენტი, რატომ უნდა აწყობდეს ბესელიას საკუთარი კადრების გავრცელება, უბრალოდ არ არსებობს. არ აკლია ცნობადობა მოსახლეობაში და ბესელიას აღებული აქვს თემა, რომელსაც მოსახლეობის აბსოლუტრი უმრავლესობა უჭერს მხარს და მის პოზიციას იზიარებს. ამ კადრებმა რა პოლიტიკური დივიდენდი მოუტანა? პირიქით, გარკვეული დროის შემდგე, პირიქით იმოქმედებს ბესელიას წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ პირადი ცხოვრება ხელშუხებელია, საქართველოს შემთხვევაში ადამიანის პირადი ცხოვრება აღიქმება, როგორც დანაშაული, სამწუხაროდ არის ეს მენტალიტეტი საზოგადოებაში...

– გეთანხმებით. ისეთი ტალღა წამოვიდა მედიის და საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც რეალურად აფასებს ვითარებას, მაგრამ ეს ტალღა რომ გადაივლის და ბესელია ისევ გააგრეძელებს პოლიტიკურ ცხოვრებას, ეს თემები აუცილებლად წამოყოფს თავს. ვინც ამბობს, რომ ბესელიას აწყობსო, მან ან საზოგადოების განწყობები არ იცის და არ იცის საზოგადოების დამოკიდებულება ასეთი თემების მიმართ. არაფერში არ სჭირდებოდა ბესელიას ამ კადრების გავრცელება. ვინც ეს „მესიჯბოქსი“ მოიგონა, ის ადამიანი უნდა ჩამოაშოროს ხელისუფლებამ პიარის საქმეს, თორემ ცუდად წავა საქმე.

არასწორიმესიჯბოქსი“ რამდენად პრობლემურია თვითონ ხელისუფლებისთვის?

– არის პრობლემა და 6 წელია ამაზე ვლაპრაკობთ, რომ პიარი არ უვარგათ, სიტუაციას არასწორად აანალიზებენ და ა.შ. მუდამ ექნებათ ეს პრობლემა, თუ არ მიხედეს პიარის ჯგუფს. უმრავლესობის ის წევრები, რომლებიც აცხადებდნენ, არ გვინახავსო, დღეს ხომ იძულებული არიან თქვან, რომ კი, თურმე ყოფილაო. არ მინახავს, მაგრამ ერთი წუთითაც არ დამიყენებია ეჭვის ქვეშ საკითხი, რომ ვიღაცა იგონებს. როდესაც უმრავლესობის წევრი ხარ, ის მინც ქენი, რომ მოსთხოვო შსს–ს ფაქტის დადასტურება, ან უარყოფა. მე არ მინახავს, რა თავის მართლებაა?! რომ ენახა რა?! აქ ლარაკი არ არის იმაზე, ვინ რა ნახა, ლაპარაკია იმაზე, რომ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება არის მიუღებელი.

დაკავებულებს ბრალი ედებათ კადრების გავრცელებაში, მაგრამ უცნობია, ეს არის თუ არა ორგანიზებული ჯგუფი და როგორ მოხვდა მათ ხელში ეს კადრები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია კადრების გამავრცელებლის პირველი წყაროს დადგენა, ეს რამდენად გაუჭირდება საგამოძიებო სტრუქტურას? ამ საქმეში მნიშვნელოვანია პირველადი წყარო, რადგან ბრალდების ტვირთი არის ხელისუფლებაზე და იმ მოსამართლეებზე, ვისაც ბესელია დაუპირისპირდა...

– ყველანაირი ვერსია არის დასაშვები, მაგრამ ამ ვერსიის დაშვებით არ შეიძლება დაარღვიო უდანაშაულობის პრეზუმფცია. ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, ეს კადრები თვითონ გაავრცელა, თუ ხელი შეუწყო მის გავრცელებას, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლებამ, უნდა იხელისუფლებოს და თუ რაიმე დანაშაული ხდება, უნდა გამოავლინოს.

 თუ ვერ აკეთებს, მაშინ კეთილი ინებოს და წავიდეს სახლში. სხვა რაში გვჭირდება ხელისუფლება?! ამ შემთხვევაში მთავარი არის არა გამავრცელებელი, არამედ პირველადი წყარო, ვინც ატვირთა. ეს წყარო უნდა იქნას ნაპოვნი. თუ იმდენად რთულია, რომ მსოფლიოს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ახერხებს წყაროს დადგენას, მაშინ ესეც უნდა თქვას გამოძიებამ. მერამდენე ფაქტია, ჯერჯერობით არც ერთი არ გამოვლენილა.

კადრები იქმნებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მაგრამ ინტერნეტ სივრცეშიქართული ოცნებისხელისუფლების დროს გამოჩნდა. როგორ ფიქრობთ, ეს არის იმის ბრალი, რომ ამ კადრების შემქმნელები ისევ ხელისუფლებაში არიან, როდესაც ზარდიაშვილი გყავს უმრავლესობაში, ალბათ, რთულია ხელისუფლებამ ამტკიცოს, რომ მისთვის მიუღებელია ასეთი კადრების გავრცელება...

– საკმაოდ მძიმე თემას შეეხეთ. გამოდის, რომ ამ ხალხმა შექმნა რაღაცა პროდუქცია და ესენი იმდენად ძლიერები არიან, რომ შეუცვლელები აღმოჩნდნენ როგორც იმ ხელისუფლებისთვის, ასევე ამ ხელისუფლებისთვის. თავისთავად, არ არის ნორმალური ვითარება. თავი დავანებოთ იმას, ვინ შექმნა, დანაშაული ხდება დღეს და ეს დანაშაული უნდა იქნას გამოვლენილი. 7 წელია ხელისუფლებაში არის დღევანდელი პოლიტიკური ძალა და ლაპარაკი იმაზე, რომ ნაციონალებმა გააკეთეს, არასერიოზულია. ამის თქმა ხელისუფლებისთვის არაფრის მომტანია.

ხელისუფლებამ ეს პროცესი ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ფარესაშვილის, ფანჯიკიძის და იგივე ჰაკიმ ფაშას საქმე, რომ ბოლომდე მიეყვანათ, შესაძლოა, ეს პროცესი არ გაგრძელებულიყო. ამ შემთხვევაში, თუ საქმე არ იქნა გამოძიებული, პროცესი გაგრძელდება და, რა თქმა უნდა, დამნაშავე იქნება ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს დამნაშავის გამოვლენას.

როდესაც საუბარია კადრების შემქმნელებზე, ვიცით, რომ სწორედ მეგის ქარდავას ორგანიზებით ხდებოდა ფარული მიყუდარება, მაგრამ ქარდავა დღეს თავისუფლებაშია. მეტიც, უკრაინის პოლიციამ დააკავა, მაგრამ ქართულმა მხარემ საკმარისი მტკიცებულება ვერ წარუდგინა უკრაინის პროკურატურას რაც უზრუნველყოფდა მის ექსტრადირებას. ეს აძლევს ხელისუფლებას იმის მტკიცების საშუალებას, რომ დამნაშავე მე არ ვარ, არამედ წინა ხელისუფლება?

– სხვაგვარად არც გამოვა. როდესაც შენ არ ცვლი არაფერს, როდესაც სისტემა რჩება იგივე, როდესაც ვერ ახერხებ იმას, რომ საარჩევნო კოდექსი, რომელზეც 20 წელია მიდის ლაპარაკი შეცვალო, მაშინ უნდა იცოდე, რომ მიიღებ იგივე ხელისუფლებას, როგორიც იყო „მოქალაქეთა კავშირი“ და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“. მიიღებ იგივე პროცესს რაც იყო წინა ხელისუფლებაში. შეიძლება რეჟიმის თავლსაზრისით დღევანდელი ხელისუფლება უფრო ლიბერალურია, მაგრამ სისტემური თვალსაზრისით ზუსტად ისეთივეა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“.