"თითქმის ყველა ერთმანეთის ნათესავი იყო და ერთადაც წავიდნენ ამ ქვეყნიდან" - ახალი დეტალები":

საზარელი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც, სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ხელსაწყოს ნამწვით დაგროვილი CO-თი 7 ადამიანი გარდაიცვალა.

მათგან ყველაზე უფროსი, ბათო სუთიძე 54 წლის არის, ყველაზე უმცროსი, ლაშა კობახიძე კი - 20-ის. გარდაცვლილები არიან ასევე ბათო სუთიძის შვილი 29 წლის ანზორ (კუსა) სუთიძე, მისი დისშვილი 28  წლის ნიკა კაპანაძე, ძმები - 32 წლის ვახტანგ და 39 წლის ჯონდო ყაზიშვილები, ასევე 24 წლის ნუკრი ჩუბინიძე.

ბათუ სუთიძის ახლობელი "კვირის პალიტრას" ოჯახის ტრაგედიის შესახებ გვესაუბრება:

"ბათუ ტრაგიკული ბედის კაცი გამოდგა. ის თერჯოლაში ცხოვრობს, სხვა სახლ-კარი მას არ ჰქონია და ვერც ექნებოდა, - მისი მეუღლე წლებია მძიმე დაავადებას ებრძვის, ამას იმდენი ფინანსები სჭირდებოდა, იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი და სამუშაო ეძებნა.

პირველად ცოლის ნათესავებთან ცხოვრობდა თეთრიწყაროში, მაგრამ იქედან რომ ვერ იარა, თბილისში ნაქირავებ ბინაში გადავიდა. მშენებლობაზე მუშაობა წამოიწყო, თან თავისი ერთადერთი შვილი, ანზორიც აიყოლია. ისიც მამასავით შრომისმოყვარე იყო. თბილისში ხან რომელ მშენებლობაზე მუშაობდნენ, ხან რომელზე. ბოლოს ყაზბეგში იყვნენ, თბილისის ობიექტი სულ ერთი თვის ნაშოვნი ჰქონდათ. ბათუ სანდო კაცი იყო, ამიტომ ყველგან ეძახოდნენ. ბოლოს სამშენებლო ბრიგადაც შექმნა, - ამბობდა, სანდო ბიჭები მყავს, უსაქმურ კაცს არ მივიღებ, რომ შემარცხვინოსო. ამ ბრიგადაში ყველა ერთმანეთის ნათესავი იყო და ერთადაც წავიდნენ ამ ქვეყნიდან… უდიდესი ტრაგედია მოხდა, არ ვიცი, ამ უბედურებას როგორ გავუძლებთ...

ბათოს თან დისშვილიც ახლდა, ნიკა კაპანაძე. ის ასპინძაში ცხოვრობდა და ბიძამ წამოიყვანა სამუშაოდ თბილისში. დალხინებით არც ბათოს და ცხოვრობდა ასპინძაში.

მათ ოჯახებში რა ტრიალებს ენა ვერ აღწერს. ბიჭებს შორის ყველაზე პატარა, ლაშა კობახიძე სულ 20 წლის არის. და იცით რატომ იყო წასული სამუშაოდ? - ფულს აგროვებდა, რომ უცხოეთში წასულიყო, იქედან დაეხმარებოდა ოჯახს და უნდოდა აეწყო ცხოვრება. ლაშას 8 წლის უმცროსი და ჰყავს, გიჟდებოდა მასზე, ამბობდა, ჩემ დას არაფერი უნდა ეკლდესო...

განადგურდა ბათო სუთიძის ოჯახი ბოლომდე, დახოცილი არიან მწუხარებისაგან მისი ძმები, ყველანი დახოცილები ვართ..."