საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ცოტნე გამსახურდიას განცხადებით, ქვეყანა უმეცარმა მოხელეებმა მიწასთან გაასწორეს.
"გაასწორა მიწასთან ეს ქვეყანა უმეცრებამ, რა მოხელეების და რა - მოსახლეობის. რად უნდა ამათ ომი და ტყვია. კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა გაზის ნამწვით, ამჯერად რადგან თავად დაამონტაჟეს კუსტარულად მოწყობილობა და წარმოდგენა არ ჰქონდათ რას აკეთებდნენ. ამასობაში ვაუქმებთ გამოცდებს და ბავშვები სკოლებში ზეიმობენ და მიტინგებს მართავენ, რაც დარჩათ იმის გაუქმების მოთხოვნით. ამასობაში, ვიღაც ექსპერტები გვეუბნებიან, რომ სააზროვნო უნარების ფლობა და შემოწმება საჭირო არ არის.
ხოლო გამოცდების გაუქმება სწავლის ხარისხს აამაღლებს! მოკლედ, ისღა დაგვრჩენია, გავაძლიეროთ ლოცვები, ვწეროთ "უფალო, უფალო" კომენტარებში და ველოდოთ როდის გადავშენდებით აქედან ეგვიპტელებივით, თავის ქურუმებიანად“, - წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ქეთევან წამებულის გამზირზე 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, მათი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვა გახდა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ, ცხედრები ექსპერტიზაზე რამდენიმე წუთში უნდა გადაასვენონ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის პრიმა 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ექპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.