"ვინც გადაწყვიტა ჩემთან ასეთი ფორმით ბრძოლა, უკვე დამარცხებულია“

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გამოეხმაურა. ბესელია თქმით, მსგავსი მეთოდები მას ვერ შეაშინებს და პოზიციებს ვერ შეაცვლევინებს:

„გავიღიმე ამ ყველაფერზე და მინდა ვუთხრა იმათ, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან. თქვენ ეტყობა მე არ მიცნობთ კარგად, ასეთ მდაბიო, საცოდავ მეთოდებს მიმარტავენ ადამიანები, რომლებიც არიან უკვე უფრო დაბლა, ვიდრე არის ჭაობი. ამიტომ, ეს ყველაფერი ახლა რაც ხდება, მე შინაგანად უფრო მამყარებს, უფრო მაძლიერებს და განმაწყობს ამ პროცესში, რომ ეს უბედურება დამთავრდეს ამ ქვეყანაში, ამაში ძალიან დიდ წვლილს შევიტან.

მიმაჩნია, იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანები ასეთი მორალური ტერორისგან საჭიროა, მე და იმ ადამაინებმა ვინც საკუთრივ იწვნია ეს მეთოდები, მივეხმაროთ სხვებს, რომ ავარიდოთ მსგავსი რამ, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის არის დიდი გამოცდა.

პირადად ჩემთვის არის ის ახალი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც მე მხდის კიდევ უფრო შეუვალს. ველოდი ამას, ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ამისთვის მზად ვიყავი. არ არსებობს არანაირი ძალა რომელიც მე შემაშინებს, გამაჩერებს, არ არსებობს ვიდრე ცოცხალი ვარ, ამიტომ ვინც გადაწყვიტა ასეთი ფორმით ჩემთან ანგარიშსწორება, უკვე დამარცხებულია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.