28 იანვარს ჯანლუიჯი ბუფონი 41 წლის გახდა. ლეგენდარული მეკარე, ვინც ამჟამად „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავს, მანამდე „იუვენტუსის“ სიმბოლო გახლდათ. ჯიჯის კარიერა ფრაზებში - ვფიქრობთ, ჩვენს წერილს ინტერესი არ მოაკლდება...
„მაშინ, როცა ბავშვი ხარ, სიამოვნებას განიჭებს გოლების გატანა. მერე იზრდები, დგები კარში და ხდები ბრიყვი. ესაა მთელი არსი. მეტი არაფერი“.
„ვერ იქნები მეკარე, თუ შენში მცირე დოზით მაინც არ ცოცხლობს მაზოხიზმი. ეს შეუძლებელია“.
„არ ვემზადები წინასწარ თერთმეტმეტრიანების სერიისთვის სასტუმროს ნომერში. როგორც წესი, ამ დროს პორნოს ვუყურებ“.
„რა არის ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა? თავშეკავება ჭამისგან. კვირაში ერთხელ ვხდები ნამდვილი ღორი, ისე ვჭამ. კვირის დანარჩენ დღეებში კი მე ისეთი ვარ, როგორიც - ნამდვილი სპორტსმენი უნდა იყოს“.
„სერია B-ში თამაშისას ძალიან იშვიათად ვიყავი დაკავებული სექსით. ამის დრო აღარ იყო. საქმე სხვაც ბევრი მქონდა“.
„უზომოდ ზარმაცი ვარ. ზოგადად, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, ასეთი მოკლე სამუშაო დღე რომ მარგუნა ღმერთმა“.
„ადრე ფსიქოლოგებზე სხვა აზრი მქონდა. ვფიქრობდი, რომ ეს არის ხალხი, ვინც შენ გმარხავს. ახლა სულ სხვანაირად ვფიქრობ. ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის წინ დეპრესია მქონდა. ფსიქოლოგის დახმარება დამჭირდა. როცა ჩვენ დანიელებთან და პორტუგალიელებთან ვწვალობდით, ერთადერთი ვიყავი, ვინც პოზიტივს ინარჩუნებდა“.
ბუფონმა წერილი მისწერა... საფეხბურთო კარს, რომელსაც თითქმის სამი ათეული წელია იცავს...
„12 წლის ვიყავი, როცა პირველად შემოვტრიალდი თქვენკენ ზურგით. მოვწყდი ჩემს წარსულს, რათა უზრუნველმეყო საკუთარი ნათელი მომავალი, გულის არჩევანი, გადაწყვეტილება, რომელიც სადღაც შიგნიდან მოდის...
მე თქვენ იმ დღესვე შემიყვარდით, როგორც კი ზურგით დავდექი და თვალით ვეღარ გხედავდით. მე დავიწყე თქვენი დაცვა. მე გავხდი თქვენი პირველი და ბოლო მცველი. თქვენ იმ დღიდან ჩემი ცხოვრების სიყვარული ხართ...
მე დაგპირდით, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა თვალით პირდაპირ არ შემეხედა თქვენთვის. ან, რაც შეიძლება, იშვიათად გამეკეთებინა ეს. ყოველთვის, როცა ასეთი რამ ხდება, ძალიან მტკივა. მე ვტრიალდები თქვენკენ, გიყურებთ და ვაღიარებ, რომ ვერ შევძელი, გადამერჩინეთ... ასე მეორდება სულ.
წლების განმავლობაში ჩვენ ერთმანეთის დამატებებად ვიქეცით. ხშირად ჩნდებოდა წინააღმდეგობის შეგრძნება, მაგრამ ჩვენ ვერ მივატოვეთ ერთმანეთი. მზესა და მთვარეს შორის წინააღმდეგობა დიდია, მაგრამ ისინი მაინც ახერხებენ და ერთად ცხოვრობენ...
ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. დავიფიცე, რომ მოგივლიდით, ვიზრუნებდი თქვენზე, სანამ ამის ძალა მექნებოდა. მე ვარ თქვენი ფარი და მახვილი მტრებთან ბრძოლაში.
მე მინდა, რომ სულ კარგად გრძნობდეთ თავს, როცა თქვენკენ ვტრიალდები, ვგრძნობ თქვენს იმედგაცრუებულ მზერას, მაგრამ თავს ძირს არ ვხრი, რადგან ვიცი, რომ ჯარისკაცი შეიძლება დამარცხდეს ერთ კონკრეტულ ბრძოლაში, მაგრამ მერე ომი მოიგოს.
12 წლიდან ვაკეთებ ამას და გავაკეთებ სულ, სანამ შემეძლება. სანამ გული გამიშვებს და სანამ არ შევამჩნევ, რომ თქვენ ჩემი მზერა, როგორც დამარცხებული ჯარისკაცის ნაღვლიანი გამოხედვა, ძალიან ხშირად გაწუხებთ“.