რატომ გაზომა NDI-იმ მხოლოდ კობახიძის რეიტინგი და რატომ არ აღმოჩნდა საინტერესო ხალხის აზრი პრემიერთან დაკავშირებით?

რატომ გაზომა NDI-იმ მხოლოდ კობახიძის რეიტინგი და რატომ არ აღმოჩნდა საინტერესო ხალხის აზრი პრემიერთან დაკავშირებით?

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში მხოლოდ ერთადერთი პოლიტიკოსის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის რეიტინგი გაიზომა.

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42 პროცენტი დადებითად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას. NDI არ დაინტერესებულა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის რეიტინგით. 

"2020NEWS“ დაინტერესდა, როგორ ხდება გამოკითხვისთვის კითხვების შერჩევა და რა კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა მხოლოდ ირაკლი კობახიძე.

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა თორნტონის განცხადებით,  კითხვები მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.

"NDI კვლევებს იმისთვის ატარებს, რათა ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. ამით ჩვენ ვეხმარებით დაინტერესებულ მხარეებს, ამოიცნონ და იზრუნონ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

კვლევის კითხვარის შემუშავების პროცესი ინკლუზიური ხასიათისაა. კითხვარის შემუშავებისას არაერთ სამუშაო შეხვედრას ვმართავთ, როგორც მმართველი პარტიის, პარლამენტის, ისე ოპოზიციის, სამინისტროებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებთან და მათთან ერთად განვსაზღვრავთ კვლევის თემებს. ასე იყო ამ ბოლო კვლევის კითხვარის შემუშავების დროსაც“, - აცხადებს ლორა თორნტონი.

კითხვაზე, რატომ გაიზომა ირაკლი კობახიძის რეიტინგი, მაშინ როდესაც  პრემიერ-მინისტრის რეიტინგით დაინტერესება არ მომხდარა, ლორა თორნტონი პასუხობს:

"ამ გამოკითხვის ერთ-ერთი ცენტრალური თემა პარლამენტის საქმიანობის შეფასება იყო. ამ საკითხზე არაერთი კითხვა დაისვა და მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანო სხვადასხვა კუთხით შევაფასებინეთ. პარლამენტის სპიკერის საქმიანობის შეფასება ამ ქვეთავის ერთ-ერთი კომპონენტი იყო“.

ცნობისათვის, "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას დღეს წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.