"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, NDI-ს კვლევის მთავარი მიგნება არის ის, რომ არნახულად მაღალი და გამჯდარია კორუფციის ინდექსი.
ამის შესახებ უგულავამ ჟურნალისტებს "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შეფასებისას განუცხადა.
უგულავას განცხადებით, საქართველო ჩამოყალიბდა ოლიგარქიულ ქვეყანად და ეს NDI -ს კვლევაში ძალიან კარგად ჩანს.
"როგორც ცნობილია, ეს კვლევა ჩატარებულია უშუალოდ არჩევნების შემდეგ. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი არის ის, რაც პარტიებმა მიიღეს არჩევნებზე. ამ კონკრეტულ არჩევნებზე საზომად ალბათ უფრო გამოდგება პორველი ტურის შედეგები, სადაც "ევროპული საქართველო" დაფიქსირდა, როგორც მესამე პოზიციაზე მყოფი პარტია და ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ბევრი გვექნება სამუშაო იმისთვის, რომ ეს დისპოზიცია შეიცვალოს და ჩვენი ამომრჩეველი დავარწმუნოთ.
ამიტომ, ამ კვლევის მთავარი მიგნება და უბედურება არის ის, რომ არნახულად მაღალი და გამჯდარია კორუფციის ინდექსი. უწყებების, თვითმმართველობების მიხედვით კი - უკვე კატასტროფამდეა მისული. თუ დავაკვირდებით დინამიკას კორუფციის აღქმის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში 2003 წლის შემდეგ. ასევე ძალიან საგანგაშოა დემოკრატიის სრული ეროზია. მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს არის პირდაპირი შედეგი არაფორმალური მმართველობის, სადაც ყველაზე გავლენიან ადამიანს არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აქვს არც პარლამენტის მიმართ და არც საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ჩვენ ჩამოვყალიბდით და სამწუხაროდ, ჩვენმა მოსახლეობამ გვითხრა, რომ საქართველო ჩამოყალიბდა ოლიგარქიულ ქვეყანად და ეს NDI -ს კვლევაში ძალიან კარგად ჩანს, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის ეროზიაზე",- განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, დღეს NDI-მ მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.