„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (ენდიაი) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 36 პროცენტი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 36 პროცენტი პასუხობს, რომ „არც ერთი“, 27 პროცენტი ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას პარტია „ქართული ოცნება“, 12 პროცენტი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 3 პროცენტი – „ევროპული საქართველო“, 3 პროცენტი – „პატრიოტთა ალიანსი“. ამასთან, „უარი პასუხზე“ – 9 პროცენტი, „არ ვიცი“ – 5 პროცენტი.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (ენდიაი) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას დღეს წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.