ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოში NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლებები კლავდნენ ეკონომიკურად თუ ფიზიკურად, დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ ყარს, მაგრამ არ კლავს. „2020NEWS" -სთან საუბარში ხუხაშვილმა განაცხადა, რომ დემოკრატიისადმი ნდობა ქვეყანაში დაიკარგა, რადგან ხელისუფლებამ მოსახლეობის დაკვეთა არ შეასრულა.
"კვლევების ტენდენციები შემაშფოთებელია. დღევადელი ხელისუფლება არც ისეთი სასტიკია, როგორც წინა ხელისუფლება და არც ისეთი კორუმპირებულია, როგორც იმის წინა ხელისუფლება იყო. დღევანდელი ხელისუფლების უნიკალურობა იმაშია, რომ ყველა ის მანკიერებები, რაც დამახასიათებელი იყო წინა ხელისუფლებებისთვის შედარებით ნაკლები დოზით, მაგრამ მთელი ბუკეტი მოიცვა. ბუნებრივია, ერთი რეგისტრით დაბალი დონის პრობლემებია. საქმე იმდენად დრამატულად არ არის, როგორც წინა ხელისუფლებების შემთხვევაში, მაგრამ რაოდენობა და სისტემური პრობლემები გაიზარდა. ანუ ხარისხი ისეთი შემაშფოთებელი არ არის, მაგრამ რაოდენობა არის ძალიან დიდი. ეს ხელისუფლება ყარს (ბოდიში ამ სიტყვისთვის), მაგრამ არ კლავს. წინა ხელისუფლებები კლავდნენ ეკონომიკურად თუ ფიზიკურად, დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ ყარს, მაგრამ არ კლავს.
ექსპერტის აზრით, დემოკრატიისადმი ნდობა ხალხმა დაკარგა, რადგან ხელისუფლებას რაც დავუკვეთეთ, იმის საწინააღმდეგო ცვლილება მივიღეთ.
"ხალხის დაკვეთა არის სამართლიანობა, ღირსეული დასაქმება და ინსტიტუციური წესრიგი და ამ შეკვეთის საწინააღმდეგო ცვლილება მივიღეთ. მზარდი კორუფცია, გაკოტრებული მართლმსაჯულება და ინსტიტუციური დომხალი ქვეყანაში, როდესაც ვინ ვინ არის, ვერ გაიგებ და ვერც იმას გაიგებ, ვინ რაზეა პასუხისმგებელი. ფაქტობრივად, ტენდენციები არის იმის საპირისპირო, ვიდრე ითხოვს საზოგადოება. მათ შორის დემოკრატიის მხრივ. იმედგაცრუების დროს ადამიანებს ახასიათებთ უფრო რადიკალურად თავისი ემოციების გამოხატვა. ხუხაშვილის თქმით, შესაძლოა, კითხვები გაგვიჩნდეს NDI-ის კვლევების სანდოობასთან დაკავშირებით. "
პროცენტებთან დაკავშირებით შეიძლება კითხვები გაგვიჩნდეს, ისევე როგორც ზოგიერთ კითხვასთან დაკავშირებით, მაგალითად რა შუაში იყო კობახიძის რეიტინგის გაზომვა მაშინ, როდესაც არ იზომება პრემიერ- მინისტრის რეიტინგი. მიმაჩნია, რომ აქ რაღაც სუბიექტურ დაკვეთას აქვს ადგილი, რაც ჩემში არ იწვევს მთლად კარგ ასოციაციას. ტენდენციებს მე დავეთანხმებოდი. შეიძლება, ვიკამათოთ იმაზე ვიღაცას ხუთი პროცენტი აქვს, თუ 25, მაგრამ ის, რომ ტენდენციები სწორად არის ასახული, ეს სამწუხარო რეალობაა. შეიძლება, კორუფციასთან დაკავშირებით ამდენი პროცენტი არ იყოს, მაგრამ ამით ზოგადი სურათი ხომ არ იცვლება", - აცხადებს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მეორე - პოლიტიკური ნაწილი გამოქვეყნდა. NDI-ის გამოკითხულთა 30% ფიქრობს, რომ საქართველოში კორუფცია ძალიან გავრცელებულია. კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.