პატარა ავტომობილების დიდ მწარმოებელს Daihatsu-ს ეძახიან. ეს კომპანია ძირითადად კომპაქტური და ეკონომიური მოდელებითაა განთქმული. Daihatsu მთელი 91 წლის განმავლობაში დამოუკიდებლად მოღვაწეობდა, უკანასკნელი 12 წელი კი იგი მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლის Toyota-ს შვილობილი კომპანია გახლავთ.
პირველი იაპონური ავტომობილი
Daihatsu-ს ისტორია სათავეს 1907 წლიდან იღებს, როცა ოსაკის უნივერსიტეტის პროფესორებმა იოშინკიმ და ტურუმიმ საწარმოო დანიშნულების შიდაწვის ძრავების მწარმოებელი კომპანია Hatsudoki Seizo Co დააარსეს. აქვე უნდა ითქვას, რომ კომპანიას Daihatsu საკმაოდ გვიან, 1951 წელს დაერქვა.
თავდაპირველად კომპანია ძირითადად ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავებს უშვებდა. შემდეგ, თანდათანობით ბენზინის ძრავებზე გადავიდა, რომლებსაც საზღვაო, სამთო-მომპოვებელ და ენერგეტიკულ მრეწველობაში იყენებდნენ. მსოფლიოში საავტომობილო წარმოების განვითარებასთან ერთად Hatsudoki-ში მათი შექმნის ამბიცია გაუჩნდათ და 1919 წელს სატვირთო ავტომობილის ორი პროტოტიპი გამოუშვეს.
ეს ცდა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რამაც კომპანიის ხელმძღვანელობას გადააწყვეტინა მომავალში ყურადღების კონცენტრირება სწორედ ავტომობილების წარმოებაზე მოეხდინა. თუმცა, პირველი სერიული მოდელის გამოშვება მხოლოდ 1930 წელს მოხერხდა. ეს სამთვლიანი სატვირთო ავტომობილი HA გახლდათ, რომელიც 500 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავით იყო აღჭურვილი. თუმცა, იმდროინდელი სტანდარტებით ეს უფრო მოზრდილი მოტოციკლი იყო, ვიდრე ავტომობილი. ასე იყო თუ ისე, HA პირველი იაპონური ავტომობილი გახლდათ.
შემდგომი 8 წლის განმავლობაში გამოშვებულ იქნა კიდევ 4 მოდელი, მათ შორის პირველი იაპონური ოთხთვლიანი ავტომობილი. ეს მოდელიც ერთობ კომპაქტური იყო, რაც ნათლად მიუთითებდა, რომ კომპანია აქცენტს სწორედ ამ ტიპის ავტომობილების წარმოებაზე აკეთებდა. საერთოდ, ამ პერიოდში Hatsudoki-ის პროდუქციაზე მოთხოვნილება გამუდმებით იზრდებოდა, კომპანია სერიოზულ ფინანსურ მოგებას ნახულობდა და ფართოვდებოდა.
Toyota-ს შვილობილი
მეორე მსოფლიო ომისას, Hatsudoki გვარიანად დაზარალდა, ისევე, როგორც იაპონური კომპანიების უმრავლესობა. მის აღდგენას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა და 1951 წელს კომპანია ფეხზე უკვე Daihatsu Kogyo Co-ს სახელით დადგა. მის მიერ გამოშვებულ სამთვლიან ავტომობილებზე მოთხოვნილება დღითიდღე იზრდებოდა, განსაკუთრებით პოპულარული გახლდათ მოდელი Midget, რომლის ექსპორტირების გადაწყვეტილება კომპანიის ხელმძღვანელობამ
50-იანი წლების ბოლოს მიიღო.
1960 წელს კომპანიამ გამოუშვა კომპაქტური ორადგილიანი პიკაპი Hi-Jet, რასაც ერთი წლის შემდეგ ოდნავ დიდი New-Line მოჰყვა. 1966 წელს კი Daihatsu-მ გამოუშვა თავისი პირველი მსუბუქი ავტომობილები - ოთხკარიანი Fellow და კუპე Compagno. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი პირველი იაპონური ავტომობილი
გახლდათ, რომლის დიდ ბრიტანეთში ექსპორტი განხორციელდა.
1967 წელს Daihatsu-მ და Toyota-მ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გავფორმეს. ერთი წლის შემდეგ გამოშვებულ იქნა პირველი სპორტული მოდელი Fellow SS, რომელიც ასევე მცირელიტრაჟიანი ავტომობილი გახლდათ, მაგრამ ორი კარბურატორით იყო აღჭურვილი.
70-იან წლებში Daihatsu-მ თავისი ავტომობილების ექსპორტის გაფართოვება დაიწყო. 1976 წელს გამოშვებულ იქნა განთქმულ მოდელ Coure-ს პირველი სერია და პირველი ჯიპი Taft. აღსანიშნავია, რომ პირველი მოდელი, რომელიც 1983 წელს Daihatsu-მ ტურბინიანი ძრავით აღჭურვა, სწორედ ჩოურე იყო. ერთი წლის შემდეგ კი კომპანიამ თავისი პირველი უცხოური ქარხანა ჩინეთში გახსნა.
80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში Daihatsu-მ რამდენიმე საინტერესო მოდელი გამოუშვა, რომლებმაც მას დიდი წარმატება მოუტანა. მათ შორის გახლდათ სპეციალურად ევროპული ბაზრისათვის შექმნილი Move. 1997 წელს კომპანიის მიერ გამოშვებული ავტომობილების რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა. ამ პერიოდში შეიქმნა ახალი პოპულარული მოდელები: Terios, kid, Sirion და განახლდა ძველი სამოდელო რიგი.
1998 წელს Toyota-მ Daihatsu-ს აქციების 51 პროცენტი შეიძინა და იგი თავის შვილობილ კომპანიად აქცია. ამით Daihatsu-ს თვითმყობადობა არ შელახულა, იგი კვლავაც დარჩა კომპაქტური, მცირელიტრაჟიანი და ხელმისაწვდომი ავტომობილის სიმბოლოდ. Daihatsu კვლავაც ძალზე პოპულარული გახლავთ, რასაც გამუდმებით ახალი, საინტერესო მოდელების გამოშვება უწყობს.