კრიმინალი - ტოლერანტობა თუ განუკითხაობა?

კრიმინალი - ტოლერანტობა თუ განუკითხაობა?

„ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა ციხეში!“, – პარლამენტის ტრიბუნიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმატებით შეასრულა, რასაც შედეგად მოჰყვა ქუჩაში ადამიანების ჩაცხრილვა, უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება და ცემა–წამება.

მიუხედავად ამისა, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ არის სწორი პოლიტიკა და ამან გამოიყვანა ქვეყანა იმ ჭაობიდან. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლო, რათა სწორად მოხდეს პირთა ბრალეულობის ან უდანაშაულობის შეფასება.

„ხელისუფლება, რომლის წევრიც მე ვიყავი, რეალურად ებრძოდა კრიმინალს, მაგრამ არ იყო გაკონტროლებული დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ. ეს სერიოზული პრობლემა იყო. წარსულის არანაირ ნოსტალგიაზე საუბარი არ ყოფილა. დღეს პრობლემა ისაა, რომ არც დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს, კორუფცია იზრდება და არც კრიმინალთან მიდის რეალური ბრძოლა.

მომავალმა ხელისუფლებამ ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს დღევანდელი ვითარება და ჩვენი წარსულის ჩავარდნებიც გაითვალისწინოს. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე ძლიერი ხელისუფლება თავად იქცევა საფრთხედ მოქალაქეებისათვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის ვიცე–სპიკერის განცხადებით, ოპოზიციისგან ნულოვანი ტოლერანტობის დაკავშირება შექმნილ ვითარებასთან, ემსახურება მიზანს, „გაათეთრონ“ ის პერიოდი, როდესაც სააკაშვილი და ბოკერია იყვნენ ხელისუფლებაში. გია ვოლსკის განცხადებით, ნულოვანი ტოლერანტობის იდეა და პრაქტიკული გამოხატულება ამ იდეის ბოკერია-სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში იყო განუკითხაობა.

„მაქსიმალური სიმკაცრეა საჭირო, გამკაცრებაა საჭირო კანონების, თუმცა, როგორც კი კანონს გადაუხვევ დანაშაულთან ბრძოლაში, იმ წუთში გამოჩნდება უდანაშაულო მსხვერპლის დიდი რაოდენობა და იმ წუთში გამოჩნდება, რომ ის მეთოდი, რომელსაც მიმართავდა სააკაშვილი, არის არაადამიანური და არ არის კავშირში დანაშაულთან ბრძოლაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს გაამართლოს ნულოვანი ტოლერანტობა და ის შედეგები, რაც ქვეყანამ მიიღო. ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ შეიყვანა ქვეყანა ჭაობში, რადგანაც სამართალდამცავი სისტემა გახდა რეპრესიული მანქანა.

„გააჩნია როგორ არის გაგებული ნულოვანი ტოლერანტობა. როგორც სააკაშვილისგან იყო მოწოდებული, ეს ნიშნავდა სისხლის სამართლებრივ რეპრესიულ პოლიტიკას. ამან რა შედეგები მოიტანა ვნახეთ. ყველაფერი კონტროლს გარეთ გავიდა, ვნახეთ რა ხდებოდა ციხეებში და როგორი დამსჯელი იყო სამართალდამცავი სისტემა. აბსოლუტურად ყველა მოქალაქე იყო დაუცველი. რევანშისტების ძალა ცდილობს ეს 9 წელიწადი გაამართლოს ვითომ კარგი დრო იყო, მაგრამ რომ არა 2012 წელი, ძალიან ცუდად დამთავრდებოდა ყველაფერი“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, რასაკვირველია, სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა ადეკვატური უნდა იყოს, არ შეიძლება დანაშაულთან შეგუება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზღვარს გადავიდეს პოლიტიკა და გახდეს რეპრესიული.

„ამაზე ხშირად საუბრობს შს მინისტრი და ამბობს, რომ მკაცრდება დანაშაულთან ბრძოლა, მაგრამ მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვა. სამართლებრივი სახელმწიფო ეს არის. არ შეიძლება კანონის მიღმა სახელმწიფო ორგანოებმა და მით უმეტეს ძალოვანმა უწყებებმა რამე გააკეთონ“, – აღნიშნა For.Ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ნულოვანი ტოლერანტობა, რომელსაც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ახორციელებდა, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს განცხადებით, იყო არა დანაშულისადმი შეურიგებლობა, არამედ განუკითხაობა.

„პრობლემა ეს იყო. ნულოვანი ტოლერანტობა ნიშნავს იმას, რომ დანაშაულს არ მისცე განვითარების საშუალება და მოახდინო პრევენცია. ეს ყველაზე კარგი და სწორია, მაგრამ როდესაც ეს განცხადება აღქმული იქნა როგორც განუკითხაობა, ყველა მეთოდი იქნა გამართლებული, ამან შექმნა პრობლემები და ეს იყო მძიმე. ნულოვანი ტოლერანტობა, რა კონტექსტშიც მაშინ ეს ითქვა, სწორად განუკითხაობას გულისხმობდა და არა შეურიგებლობას დანაშაულთან. ნულოვანი ტოლერანტობა – ყველანი ციხეში, ასე იყო ნათქვამი, ძალოვან სტრუქტურას მიეცა ყველაფრის კეთების უფლება, რამაც შექმნა ის საზიზღარი სიტუაცია, რაც იყო“, – აღნიშნა For.Ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ემხრობა იმ აზრს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა მოცემულობას იყენებს იმისათვის, რომ მაშინდელი ნაბიჯები გამართლდეს. მისი თქმით, ბოკერიას პოზიციის მეორე ნაწილი, რომ საჭიროა სასამართლო იყოს დამოუკიდებელი... სწორედ მათ ხელში მიიღო სასამართლომ ის სახე, რომ ძალადობა ყოფილიყო კანონი.

„ამაზე რატომ არაფერს არ ამბობს. სალაპარაკოს მარტო იმას ხდის, რაც დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოდგება და მაშინდელი ხელისუფლების გამართლებისთვის. მაგრამ მისივე ნათქვამში არის ფრაგმენტი, რომელიც პრაქტიკულად, მაშინდელი ხელისუფლების მეორე ხარვეზია, კერძოდ, სასამართლო ხელისუფლების ტენდენციურობა, ამაზე უკვე ჩუმად არის. სამწუხაროა, რომ მოვლენებმა სიმართლის თქმის სურვილი არ გაუჩინა ადამიანებს და პრაქტიკულად, პოლიტიკური მანევრების ფარგლებში მოქმედებენ. მიზნად არ აქვთ დასახული ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას.

შეიძლება ნაწილობრივ წამგებიანი არ იყოს ნულოვან ტოლერანტობაზე საუბარი, რადგან გახშირდა დაუდევარი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულის მიმართ. სიმკაცრე შემცირდა იქ, სადაც დანაშაულია. სააკაშვილის დროს პრობლემა იყო ის, რომ სიმკაცრე იყო იქაც, სადაც დანაშაული არ იყო. მოტივი იყო ან პოლიტიკა, ან ქონება და არა იუირიდიული მოტივი. იქ მეორე უკიდურესობა იყო პრობლემა. ახლა ჯოხის სხვა ბოლოსთან გვაქვს საქმე, დანაშაულთან არცთუ ისე მკაცრი დამოკიდებულება ზრდის დანაშაულის მაჩვენებელს, ხან უბედურ შემთხვევებს. ამიტომ, ამ ჯოხის ორივე ბოლო უკიდურესად მიუღებელია“, – აცხადებს For.Ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

asdf961 მეგობრებო! მოგილოცავთ კომენტარების მოდულის ჩართვას!
1 თვის უკან