უგულავას გაცემული რა ინსტრუქციების შესრულება დაიწყო

უგულავას გაცემული რა ინსტრუქციების შესრულება დაიწყო "ნაცმოძრაობამ"?

"ალიას" ესაუბრება ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გაგნიძე:

ბატონო ზურაბ, მითხრეს, თქვენს უნივერსიტეტში უცნაური მოძრაობები დაწყებულა. რა ხდება?

- ის, რომ სერგო რატიანს შემოუთვალა გიგი უგულავამ ციხიდან,  ახალგაზრდების გადმობირების საქმეს მიხედეო, არ ყოფილა ჩემთვის უცნაური, რადგანაც ადრეც ავალებდნენ მას ამდაგვარ რამეს. როცა თევზაძე ჯერ კიდევ უცხო ენათა ინსტიტუტში იყო, მაშინ რატიანი ხშირად ეკონტაქტებოდა აქტიურ სტუდენტებს, რომლებიც თავისი აქტიურობით გამოირჩეოდნენ და ამ სტუდენტებს მოიაზრებდა შემდგომში დასაყრდენად, ზოგს საზღვარგარეთ უშვებდა, ანუ თავისებურად კარიერას უწყობდა და აქედან გამომდინარე, იმის თქმა მინდა, რომ რატიანს საამისო გამოცდილება აქვს და გიგი უგულავამ ეს მშვენივრად იცოდა, როცა თავის წერილში სტუდენტების გააქტიურებისკენ მოუწოდა. ამიტომ ახლა ეს დავალება რომ მიიღო, ცხადია, ძველ მეთოდიკას გამოიყენებს რატიანი. კი ჰყავთ ისედაც თავისი მომხრეები, მაგრამ ახლა დაწყებულია, სტუდენტობის გადაბირების კიდევ ერთი ეტაპი და ეს ხდება ანგარებით. ამ ანგარებაში კი შედის არა მარტო თანხა, რაც არაა გამორიცხული, არამედ კურსიდან კურსზე გადაყვანა, ნიშნის დაწერა, გამოცდების ჩაწყობა, დამთავრება, სწავლის ფულის გადავადება, მერე უცხოეთში გაგზავნა, მაგისტრატურაში დატოვება, დოქტორანტობა და ყველაფერ ამას აკეთებენ სტუდენტების გადასაბირებლად. ასეთ კატეგორიაზე მუშაობენ და ნაწილი ახალგაზრდებისა გადაიბირეს კიდეც, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ამ ახალგაზრდებს სხვა აზრი აქვთ, და აშკარად ჩანს, რომ ისინი უფრო ანგარებით ემორჩილებიან. თუ ვინმე მათ გადასახადებს გადაუხდის, ან გაუნახევრებს, რატომაც არა? თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ დაპირების დონეზე ხდება საუბარი.

რატიანის გარდა ამ საქმეში ვინ არის ჩართული, კიდევ ვინ მონაწილეობს?

- ესაა მთელი ჯგუფი და ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, ძალიან. რატიანს ეხმარებიან მისი თანამოაზრეები: ახალი კანცლერი აფრასიძე, დღევანდელი აკადემიური საბჭო, ასევე რექტორი ზედანია, ემზარ ჯგერენაია, რომელსაც მნიშვნელოვანი თანამდებობა აქვს საჯარო ბიბლიოთეკაშიც და იქიდანაც კავშირები აქვს ახალგაზრდებთან, აქვთ საერთო მხარდაჭერა - ბოკერიასგან და ასევე "თავისუფლების ინსტიტუტისგან", რომლის თავკაციცაა რამიშვილი.

ამ აქციებით ეს ხალხი სადამდეა წამსვლელი? მხოლოდ აქციებში მიიღებენ მონაწილეობას, თუ ხელჩართულ ბრძოლამდეც მივლენ?

- მანდ ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ გაყოფა იქნება, პლაკატის გამშლელებიც იქნებიან, მაგისთვის გოგონებიც ჰყავთ ჩართული და ბიჭები უფრო მეტად საბრძოლოდ იქნებიან მომზადებულნი. მანდ, ჩემი ინფორმაციით, გაყოფილია თანხები, უბრალოდ აქციის მონაწილეებს მცირე თანხები აქვთ გამოყოფილი და ვინც მზად იქნება სხვადასხვა "კოქტეილების" სროლისთვის, ასევე ვიღაც საბურავებს დაწვავს, ან პროვოკაციას გამოწვევენ, მათ სხვა დაფინანსება ექნებათ. ჩემი ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, "კმარას" მსგავსი ორგანიზაციაც გამოჩნდეს, ლაპარაკი იყო, რომ ასეთ ჯგუფებს "თავისუფლება" დაერქვას. აქ ერთი რამეა გასათვალისწინებელი, სტუდენტებში გამყარებულია აზრი, რომ ამათ საზღვარგარეთიდან აშკარად დიდი მხარდაჭერა აქვთ და ეს მომენტი ძალიან მაშფოთებს, რადგანაც ამან შეიძლება ახალგაზრდობაში დიდი როლი ითამაშოს: მათ შეიძლება, იფიქრონ, რომ აქ კი გავაკეთებთ ცუდ საქმეს, მაგრამ უცხოეთში სასწავლებლად წავალთ და ამ უარყოფით საქციელს დადებითით შევცვლითო. ძალიან მცირე ნაწილია, რომელიც იდეოლოგიურად მართლა ემხრობა ამათ, ისინი ხედავენ, რომ სააკაშვილი ვერ ჩამოიყვანეს, ძველი პრეზიდენტი ცირკულარში ვერ ჩასვეს და ეს უქმნის ნოყიერ ნიადაგს სერგო რატიანს.

თქვენ სტუდენტთა კატეგორიები ჩამოთვალეთ და როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ ბევრი სტუდენტის აყოლიებას შეძლებენ?

- ცხადია, ვერა, რადგანაც მასა ვერ იტანს "ნაციონალურ მოძრაობას", ამიტომ ისინი მასობრივ გამოსვლებს ვერ მოახერხებენ, მაგრამ საშიშია, არეულობა არ მოჰყვეს ამას. აქ კიდევ ერთი რამაა გასათვალისწინებელი, სერგო რატიანს პირდაპირ დაევალა ერთი რამ და ეს გახმაურებული არაა, რომ განათლების მინისტრ სანიკიძის დახმარებით, რომელიც კარგადაა რატიანთან და საერთოდ, ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, ვისი დახმარებითაც უნივერსიტეტი კარგ დაფინანსებას იღებს, სწორედ ამ სანიკიძის დახმარებით მარგველაშვილის ხაზზე დამკვიდრდნენ. სანიკიძე, საყოველთაოდ ცნობილია, რომ დაახლოებულია პრეზიდენტ მარგველაშვილთან და ამიტომ სერგო რატიანი უპრობლემოდ ხვდება მარგველაშვილს და მიზანი ერთია, რასაც კურირებს თევზაძე, ბოკერია და უგულავა, - გადმოიბირონ პრეზიდენტი.

ნახეთ რა ხდება? თუ მარგველაშვილი ამ დაძაბულობის დროს მკვეთრად დადგება მათ მხარეს, შესაძლოა, უპირატესობა ამათ მხარეს გადაიწონოს. ამიტომ, როგორც გითხარით, რატიანი იოლად ხვდება მარგველაშვილს და არწმუნებს, რომ მათი ერთიანობა აუცილებელია, რომ მარგველაშვილსაც საფრთხე ემუქრება. ჩემი ინფორმაციით, დღეისთვის შეიქმნა კომისია, რომელიც გააკონტროლებს სტუდენტებთან ურთიერთობას და ამაში მარგველაშვილიც დაეხმარება მათ და ისინი ყოველმხრივ დაფინანსდებიან მომავალში. ანუ მიზანი ერთია, რომ ახალგაზრდობა აიყოლიონ ხელისუფლების წინააღმდეგ.

პირად საუბარში მითხარით, რომ რატიანი სხვა მოხელეებსაც დაუახლოვდა.

- დაუახლოვდა არა, დაახლოებულია და ეს გახლავთ კულტურის ახალი მინისტრი გიორგაძე. ფაქტია, რატიანმა ძალზე გაიხარა, როცა ის მინისტრად დანიშნეს.

და რაში გამოიყენებს გიორგაძის ახლობლობას?

- რაში და განათლების სამინისტრო ყველა უმაღლესს ვერ მოიცავს, სამი უმაღლესი სასწავლებელი სწორედ კულტურის სამინისტროს ეკუთვნის - სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია და თეატრალური უნივერსიტეტი, ამიტომ გიორგაძესთან რატიანის მეგობრობა ლოგიკურია.

რა, ამ სასწავლებლებშიც შეეცდება რატიანი, გავლენა იქონიოს?

- რა თქმა უნდა. ვიცი, რომ გიორგაძე მხარს უჭერს და პირადად იცნობს მას და ამ კავშირებს ეს ადამიანი იყენებს, რათა ამით უგულავასა და "ნაციონალების" დავალება შეასრულოს.

ისე, უკან დაბრუნების დიდი იმედი აქვთ?

- აბა, რაა, რადგანაც დარწმუნებულები არიან, რომ გარანტირებული აქვთ უცხოეთის მხარდაჭერა, გარდა ამისა, მერიდიან გამოყრილი ხალხი ჰყავთ დასასაქმებელი, თვითმმართველობის არჩევნების დროს ხომ ბევრი უმუშევარი დარჩათ "ნაციონალების" დროს დანიშნული და რატიანს ისიც დაევალა, რომ ეს ხალხიც გამოიყვანოს და მათაც ერთადერთი იმედი რატიანის აქვთ, რადგან ჰგონიათ, რომ თავის მსუყე ადგილებს ისევ დაიბრუნებენ.

ამის შემდეგ, წესით, კომენტარი სერგო რატიანისგან უნდა ავიღოთ, ამიტომ ვურეკავთ მას, თუმცა, წინასწარ ვიცით, რომ, ტრადიციულად, რატიანი არ პასუხობს ზურაბ გაგნიძის ბრალდებებს:

- (ეცინება) ზურაბ გაგნიძე? ეგ ადამიანი მიღმაა... მეტს არაფერს ვიტყვი.