„ახალგაზრდების გუნდი ივანიშვილს ემუქრება, რომ რაც შევარდნაძისთვის იყო რეფორმატორების გუნდი, იგივე იქნებიან“

„ახალგაზრდების გუნდი ივანიშვილს ემუქრება, რომ რაც შევარდნაძისთვის იყო რეფორმატორების გუნდი, იგივე იქნებიან“

მოსამართლეთა 10 კაციანი სია მმართველ გუნდში მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებამ უმრავლესობა სამ ნაწილად გაყო ე.წ. კობახიძემდინარაძეს გუნდი, ბესელიაგოგიჩაიშვილი და უმარვლესობის მესამე ფრთა, რომლებიც ამ ეტაპზე პოზიციის გახმოვანებისგან თავს იკავებს.

უმრავლესობის კულუარებში აცხადებენ, რომ „ამბოხებული“ ბესელია თანამოაზრეებთან ერთად ახალ პარტიას შექმნის, არსებული ინფორმაციით, კობახიძე–მდინარაძეს გუნდს უმრავლესობის მესამე ფრთა დაუპირსპირდება, ასეთ შემთხვევაში კი პარლამენტის თავმჯდომარე უმცირესობაში აღმოჩნდება. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ უმრავლესობაში მხარეები არ არიან, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ივანიშვილის „ქართული ოცნება“ სამ ნაწილად გაიყო.

უმრავლესობაში არსებული მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, იუსტიციის მინისტრი სპეციალურ ბრიფინგზე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ უმრავლესობაში არ არსებობენ მხარეები და დეპუტატებს ყველა საკითხზე ერთსულოვანი დამოკიდებულება აქვთ. მინისტრის განცხადებით, მმართველი გუნდის ყველა წევრი მოსამართლეთა 10-კაციან სადავო სიასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ შერჩევის კრიტერიუმებზე შეთანხმება უნდა მოხდეს.

„ყველა იმ აქტორთან მექნება სურვილი, ვინც უზენაესი სასამართლოს წევრების პროცესში ახალი კონსტიტუციით არის ჩართული, რომ ალბათ, დროა სიჩუმის, დროა მუშაობის, დროა კრიტერიუმებზე ჩამოყალიბების და დროა სიმშვიდის იმისთვის, რომ პოლიტიკური განცხადებების, ვნებათა ღელვისგან, ერთმანეთის შეურაცხყოფისგან თავისუფალ გარემოში ჩვენ ყველამ შევძლოთ ობიექტურ, სამართლიან კრიტერიუმებზე ჩამოყალიბება და პარლამენტმა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მშვიდ გარემოში შეძლოს გამჭვირვალე პროცესის შედეგად შედგენილ სიას უყაროს კენჭი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

აღსანიშნავია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით მწვავე კრიტიკა და დაპირისპირება მმართველ გუნდში დეკემბრიდან გრძელდება. პროცესი იქამდე მივიდა, რომ ეკა ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოუწია და საკუთარმა გუნდმა ამბოხების ორგანიზებაში დასდო ბრალი. უმრავლესობასთან ერთად, ბესელიას უპირისპირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი, რომელმაც ბესელიას დიქტატორი უწოდა.

„უბრალოდ წარმოიდგინეთ, ბესელიამ და მისნაირმა პოლიტიკოსებმა ბოლო დღეებში მიზანმიმართულად გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებით როგორი უზარმაზარი ზიანი მიაყენეს საკუთარი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების, ანუ საკუთარი ქვეყნის მესამე ხელისუფლების რეპუტაციას. ეკა ბესელია და სხვა პოლიტიკოსები დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან სასამართლო სისტემას, რაც სამარცხვინო ფაქტია“, – აცხადებს სერგო მეთოფიშვილი.

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ არ აპირებს დახარჯოს დრო ისეთი არასერიოზული და კომიკური პერსონების გამო, როგორიც არის მოსამართლე მეთოფიშვილი. ბესელიას განცხადებით, მეთოფიშვილი განეკუთვნება ისეთ მოსამართლეებს, რომელიც ანგრევს სასამართლო სისტემას. მეტიც, დეპუტატი მედიას მოუწოდებს, გადახედოს სერგო მეთოფიშვილის წარსულ სამოსამართლო საქმიანობას, სადაც მისი თქმით, კითხვის ნიშნები იკვეთება.

„ნუ დამახარჯინებთ დროს ისეთი არასერიოზული და კომიკური პერსონების გამო, როგორიც არის მოსამართლე მეთოფიშვილი, რომელიც ანგრევს სასამართლოს იმიჯს. კიდევ დიდხანს თუ ალაპარაკებენ, მეც და ჩემს კოლეგებსაც ძალიან ცოტა დრო დაგვჭირდება იმის დასამტკიცებლად, რისთვის ვიბრძვით. არავინ ისე არ ანგრევს სასამართლოს, როგორც ასეთი მოსამართლეები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მოსამართლე მეთოფიშვილის შეფასებას არ იზიარებს ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, რომლის შეფასებით, დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს და იმ ჩარჩოებს, რა ჩარჩოებშიც მოსამართლე შეიძლება პოზიციას აფიქსირებდეს.

„მინდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რჩევის სახით ვუთხრა, რომ ასეთი განცხადებები მათ დაზიანებულ რეპუტაციას დამატებით აზიანებს და მათ სახეს ძალიან ცუდად წარმოაჩენს. კარგად დაფიქრდნენ, ეს განცხადებები მათ ეხმარებათ თუ პირიქით – ხელს უშლის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან უშლის ხელს და დამატებით ზიანს აყენებს იუსტიციის საბჭოს. ამ ტონში საუბრის გაგრძელებას მათ არ ვურჩევდი“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერის განცხადებით, ძალიან ბევრი იდეა გაჩნდა როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, ასევე კანდიდატებთან მიმართებაში. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის მთავარი დანიშნულებაა, რომ იდეები გაფილტროს, გაანალიზოს და საუკეთესო ვერსია გამოიყვანოს, რათა ქვეყანას უზენაეს სასამართლოში პროფესიონალი და კეთილსინდისიერი მოსამართლეები ჰყავდეს.

როგორ განვითარდება პროცესები მმართველ გუნდში, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თუმცა, იურისტი, სამართლის ექსპერტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესები ასახავს ქვეყანაში მიმიდინარე პროცესებს. იურისტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი უზენაეს სასამართლოში მხოლოდ მისთვის სასურველი და საზოგადოებისათვის სრულიად მიუღებელი მოსამართლეების დანიშვნით აპირებს სრულად გააკონტროლოს ხელისუფლების სამივე შტო და მოახდინოს ხელისუფლების სრული უზურპაცია.

„ამ ვითარებაში იუსტიციის საბჭო დაუყოვნებლივ დასათხოვია და საჭიროა, გონიერებისა და სამართლიანი სასამართლო პრინციპებით ახალი წევრების შერჩევა. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ეს პროცესები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ყოველგვარი შეთანხმების და კონსულტაციების გარეშე მიიღება ბიძინა ივანიშვილის მიერ. გამოვლინდა ისიც, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დანიშვნებიც კი, მასთან არის დაკავშირებული. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ხელისუფლების მითვისების და მიტაცების სრული სურათი“, – ამბობს მუხაშავრია.

მისი თქმით, ამ ვითარებამ აჩვენა, რომ „ოცნების“ ხელისუფლების ძალიან მაღალი თანამდებობის პირები – პარლამენტის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი, ბიძინა ივანიშვილის განკარგულებების უსიტყვო შემსრულებლები არიან.

„ასე რომ, აქ უკვე სამართლებრივად რამდენად არის კანონი გამართლებული, კანონი რას ამბობს და წესით როგორ უნდა მოხდეს ყველაფერი, ეს არის შეუფერებელი და უადგილო. ერთი რამ ფაქტია, რომ შექმნილი ვითარება არამც და არამც პასუხისმგებლობისგან არ ანთავისუფლებს იუსტიციის მინისტრს, რომელიც პასუხისმგებელია ამ პროცესებზე“, – აღნიშნა For.Ge–სთან საუბრისას ლია მუხაშავრიამ.

პროცესები, რომელიც „ქართული ოცნების“ გარშემო მიმდინარეობს, ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძეს შეფასებით, არის სამართლებრივი მხარე, რომელიც გადაჯაჭვულია პოლიტიკასთან, მაგრამ ასევე, ეს არის ინტერესების და ღირებულებების კონფლიქტი „ქართულ ოცნებაში“, რომელსაც შეაძლოა, ცუდი განვითარებაც მოჰყვეს.

„თუ კომპრომისს მიაღწევენ ისე, რომ დეპუტატებს არ მოუწევთ საკუთარი სინდისის წინაშე კომპრომისსზე წასვლა ისე, რომ საზოგადოების წინაშე პირგატეხილი არ იყვნენ და დაეთანხმნენ იმ ვარიანტს, რა ვარიანტსაც შეიმუშავებენ, მაშინ შესაძლებელია მშვიდობიანად დამთავრდეს პროცესები. მაგრამ თუ ვერ მოხერხდა კომპრომისის მიღწევა, მაშინ, სავარაუდოდ სცენარი იქნება ცუდი“, – განაცხადა For.Ge–სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რომელიც შეიძლება ბევრისთვის თვალსაჩინო არ არის. მისი თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდების გუნდი ივანიშვილს ემუქრება, რომ რაც შევარდნაძისთვის იყო რეფორმატორების გუნდი, იგივე იქნებიან, თუ ისე არ გააკეთებს, როგორც მათ სურთ.

„არ ვიცი რამდენად რეალურა ეს ვერსია, მაგრამ ფაქტიურად ერთადერთი ვერსია არის, რატომ უწევს ასეთ ანგარიშს ივანიშვილი რაღაცა ჯგუფს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ გუშინ მოვიდა ქართულ პოლიტიკაში? შეიძლება აბსოლუტურად არ არის სწორი, მაგრამ ეს დაპირისპირება პროვოცირებას უკეთებს ასეთი ვერსიების გაჩენას.

ამიტომ, არა მგონია, რომ მხოლოდ გამჭვირვალეობამ უშველოს საქმეს. მე მგონია, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ივანიშვილის დაბალანსების უნარზე. მაგრამ, თუ აჩვენა, რომ იგი არ არის გადახრილი რომელიმე მხარისკენ, ასეთ შემთხვევაში, ეს უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება იმისთვის, რომ დაპირისპირებებმა არ მიიღოს ძალიან მძიმე სახე“, – აცხადებს For.Ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ეკა ამათ რომ ვუყურებ და ვუსმენ,სულ ერთი ანდაზა მადგას ენაზე:ყვავმა ყვავს უთხრა: შე ყვავოო! არ მინდა უფრო მწარედ ვთვა ის ანდაზა,ერთი ღორი მეორე ღორსო.....
3 თვის უკან