ბასილაშვილი სეზონს რამოს-ვინოლასთან მატჩით იწყებს

ბასილაშვილი სეზონს რამოს-ვინოლასთან მატჩით იწყებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალი სეზონის პირველ მატჩს ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ტურნირზე ჩაატარებს, რომლის საპრიზო ფონდიც 1 313 215 დოლარია.

დღეს ჩატარებული წილისყრის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ QATAR EXXONMOBIL OPEN-ზე მე-5 ნომრად განთესილი ბასილაშვილი პირველ წრეში ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს გაეჯიბრება.
თუკი ნიკამ პირენეელს აჯობა, მერვედფინალში ტურნირის შარშანდელ ფინალისტ – რუს ანდრე რუბლიოვსა და იტალიელ ანდრეას სეპის შორის უმჯობესს შეხვდება, მეოთხედფინალში კი, დიდი ალბათობით, პირველ ნომრად მიჩნეულ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს უნდა ელოდეს.
შეგახსენებთ, რომ დოჰას ტურნირის შარშანდელ გათამაშებაში ბასილაშვილმა იტალიელ ტომას ფაბიანოს 6:4, 6:3 სძლია, შემდეგ კი, ხორვატ ბორნა ჩორიჩთან 1:6, 3:6 დამარცხდა, ამდენად, ყატარში მხოლოდ 20 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.
მიმდინარე კლასიფიკაციაში 26 წლის ბასილაშვილს 21-ე ადგილი უკავია, 30 წლის რამოს-ვინოლასი კი 65-ეა. ქართველი და ესპანელი ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 31 დეკემბერს გახლავთ დაგეგმილი.