ბითაძე ევროლიგაში დებიუტისთვის ემზადება

ბითაძე ევროლიგაში დებიუტისთვის ემზადება

19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ევროლიგაში სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად ემზადება. შეგახსენებთ, რომ მონტენეგროს “ბუდუჩნოსტში” გადაბარგების შემდეგ, გოგამ ახალი გუნდის მაისურით უკვე ითამაშა ადრიატიკის ლიგაში, ახლა კი, ჯერი ევროპული კალათბურთის უმთავრეს ტურნირზეა.

პოდგორიცელები გერმანიაში არიან ჩასულნი და დღეს, თბილისის დროით 23:30 საათიდან ძალებს ადგილობრივ “ბაიერნთან” მოსინჯავენ, რომელსაც 7 მოგებითა და 7 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილი უკავია. თავად “ბუდუჩნოსტს” 14 ტურში 3 გამარჯვება გააჩნია და ბოლოსწინა მე-15 პოზიციაზეა.

ვთქვათ ისიც, რომ მიუნხენში გამგზავრებამდე, მონტენეგროს საუკეთესო კლუბის კალათბურთელები ბავშვთა კლინიკას ეწვივნენ და პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს. აქციაში, რომელსაც “ბუდუჩნოსტის” პრეზიდენტი დრაგან ბოკანი ხელმძღვანელობდა, მონაწილეობა ბითაძემაც მიიღო.