„უსუფაშვილი გაკეთებული საქმეების მიხედვით, ახლოსაც ვერ მივა ირაკლი კობახიძესთან“

„უსუფაშვილი გაკეთებული საქმეების მიხედვით, ახლოსაც ვერ მივა ირაკლი კობახიძესთან“

„ოცნებაში“ სკანდალური წმენდა დაიწყო. იმთავითვე არსებობდა მოლოდინი, რომ მმართველი გუნდის შიგნით არსებული განხეთქილება სერიოზული რყევებით დასრულდებოდა. სავარაუდოდ, დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები ახალი წლიდან განხორციელდება. კულუარული ინფორმაციით, ცვლილებებს შეეწირება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლის პოსტიც შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ დაიკავოს.

ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები განხორციელდება პარტიის შიგნითაც. ირაკლი კობახიძე თანამდებობას პარტიის შიგნითაც დაემშვიდობება, რადგან მის მიმართ ბიძინა ივანიშვილის განაწყენების საბაბი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებია. ამას ემატება ისიც, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში „ქართული ოცნების“ შიგნით ირაკლი კობახიძის ფრთასთან დაპირისპირებამ პარტიაში სრული ქაოსი გამოიწვია, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის შესაძლო დაკავებას არ ადასტურებს გია ვოლსკი, თუმცა საპარლამენტო ცვლილებებს არ გამორიცხავს.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო სტანდარტი დაცემულია, ამიტომ სულ ერთია, ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, რადგან არც ერთი დეპუტატი არ არის ჟვანიასა და უსუფაშვილის დონის.

პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე კი მიიჩნევს, რომ რადიკალური ცვლილებები ეკა ბესელიათი არ უნდა დაწყებულიყო, არამედ ცვლილებები უნდა დაწყებულიყო პორტირებულების „ნაჩალნიკით“, ანუ ირაკლი კობახიძით, რადგან ხალხი ამას ელოდა.

ცხადია, ირაკლი კობახიძე დავით უსუფაშვილივით გაწონასწორებული და დინჯი პარლამენტის თავმჯდომარე არ ყოფილა, მაგრამ როგორი პიროვნული თვისებები გამოავლინა მან ამ პოსტზე ყოფნისას?!

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის წარუმატებელი თავმჯდომარე იყო. უბრალოდ, მოტყუვდა ბიძინა ივანიშვილი, რადგან, ერთი შეხედვით, ირაკლი კობახიძე გამოიყურებოდა აუღელვებელ, მშვიდ, წყნარ, უემოციო ადამიანად. თითქოს ასეთი თავმჯდომარეც უნდა ჰყოლოდა პარლამენტს, რომელსაც არ ახასიათებდა ყვირილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ირაკლი კობახიძეს არ ჰქონია მთავარი თვისება - ელასტიურობა.

„ირაკლი კობახიძე ძალიან ხისტია, დიპლომატიის ნასახი არ აქვს. არ შეუძლია, ნორმალურ ენაზე ესაუბროს ოპოზიციას. ივანიშვილი ამას ხედავს, მაგრამ თვითონაც არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, რადგან აღარ შეუძლია ხელთათმანებივით ცვალოს კადრები. ერთმა კადრმა არ გაუმართლა, არ გაუმართლა მეორემ, მესამემ. ჯერ იყო ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი, შემდეგ-ერთი პრემიერი, მეორე პრემიერი, ახლა კიდევ ეს პრემიერიც ცალი ფეხით არის საკუთარ კაბინეტში. რაც შეეხება ბესელიას, იგი დიპლომატი არ არის, თორემ მიხვდებოდა, პირველ ოთხ წელიწადში რაც კი იყო ცოტა სარისკო საქმე, ყველაფერი ბესელიას გააკეთებინეს. ამიტომ ბესელია, რუსები რომ იტყვიან, უკვე „ატრაბოტანნი მატერიალ“-ია. შემთხვევითი არ იყო, რომ ბესელია პოლიტბიუროდანაც გაიყვანეს. ეს არავის ახსოვს, არადა, სულ ახლახანს მოხდა ეს ამბავიც“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და გია ვოლსკის შესაძლებლობებზეც საუბრობს.

მისი განმარტებით, გია ვოლსკი უმრავლესობის ლიდერი იყო, უმრავლესობის ლიდერობა ძალიან დიდი თანამდებობა გახლდათ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ისიც უცებ დააქვეითა და ვიცე-სპიკერობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ვოლსკი მანამდე წარმოადგენდა. გია ვოლსკი დღეს არ არის გადაწყვეტილების მიმღები გუნდში და ბიძინას შეცდომა ის იყო, რომ უსუფაშვილის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარედ მაშინვე ვოლსკი არ დანიშნა, რადგან ვოლსკის ძალიან კარგი სკოლა აქვს გავლილი, ის ყველაზე ელასტიური, მოქნილი, ფრთხილია, მეტ-ნაკლები წარმატებით ცდილობს არც მწვადი დაწვას, არც შამფური.

გარდა ამისა, გია ვოლსკი არავის გულისთვის ბარიკადებზე არ ავა, თუმცა, სოსო ცინცაძის მოსაზრებით, დღეს უკვე ვოლსკი კი არა, ბისმარკიც რომ წამოაყენონ საფლავიდან, ჩვენს პარლამენტს ისიც ვერ უშველის. ეს იმას მსგავსია, ავთვისებიანი სიმსივნის მეოთხზე სტადიით დაავადებული ადამიანი გაუშვან მონტე-კარლოში, ან მსოფლიოს ნებისმიერ კურორტზე სამკურნალოდ და დიდი-დიდი, ერთი თვით გაუხანგრძლივონ სიცოცხლე. ამდენად, ეს პარლამენტი უკვე განწირულია. თანაც, ამას ემატება ისიც, რომ გია ვოლსკის ძალიან გაუჭირდება თავის ქორებთან ურთიერთობა.

„მე ვერ წარმომიდგენია ვოლსკის ურთიერთობა მათიკაშვილთან. ვოლსკი მასთან ვერ ითანამშრომლებს, ეს გამორიცხულია. ვოლსკი ბევრ სხვასთანაც ვერ ითანამშრომლებს. ის უფრო მშვიდი პარლამენტისთვის იქნებოდა იდეალური თავმჯდომარე, მაგრამ არა ამ პარლამენტისთვის. ამ პარლამენტის წირვა უკვე გამოყვანილია. თუ ჩვენ ვგულისხმობთ, რომ როგორმე ამ პარლამენტის ავტორიტეტი გაიზარდოს, ეს გამორიცხულია. აქ უკვე ვოლსკის დიპლომატობაც დაგვიანებულია“.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი არაფერს გამორიცხავს, მაგრამ ეეჭვება, ინფორმაცია ირაკლი კობახიძის გადადგომის შესახებ სიმართლეს შეესაბამებოდეს. For.ge-სთან საუბრისას იგი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის დამსახურებაა, რომ მან კონსტიტუციის ახალი რედაქცია მოამზადა, რაც ისტორიაში დარჩება, როგორც უმნიშვნელოვანესი მოვლენა.

დავით ზარდიაშვილის განმარტებით, ადამიანები განსხვავებულად აფასებენ ირაკლი კობახიძის პერსონას, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ იგი ზედმეტად ხისტია. ზოგჯერ მართლაც რჩება ასეთი შთაბეჭდილება, რომ მისი ნათქვამი ხანდახან აწონილ-დაწონილი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რაც დარჩება ირაკლი კობახიძის საპარლამენტო მოღვაწეობიდან. დარჩება სწორედ კონსტიტუციის ახალი რედაქცია და გარკვეული გეზი საკანონმდებლო საქმიანობისა.

„დღეს სწორედ იმ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გახლდით, სადაც დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დამუშავება მიმდინარეობს. ამას არანაკლები მნიშვნელობა აქვს. ეს არის ფუნდამენტური რეფორმა და ირაკლი კობახიძე ამის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელია. არის ისეთი საკითხები პოლიტიკაში, რასაც მეტი მოქნილობა სჭირდება, თუნდაც იმავე ოპონენტებთან ურთიერთობაში. აქ უკეთესი იქნებოდა, ირაკლი მეტად მოქნილი ყოფილიყო. შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ ირაკლი კობახიძე ვერ იყო ისეთი მოსაუბრე და ისეთი სპიკერი, როგორიც თუნდაც ზურაბ ჟვანია, ან დავით უსუფაშვილი. მაგალითად, ჟვანიას შეეძლო სრულიად განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა, სხვისთვის ყურის დაგდება. ეს არ ნიშნავდა, რომ ზურაბ ჟვანია საკუთარ პოზიციას შეცვლიდა, მაგრამ გაცილებით უფრო მოქნილი იყო. ვერ ვიტყვი, რომ გია ვოლსკიც მაინცდამაინც მოქნილია, მაგრამ ეს საკითხები გუნდის გადასაწყვეტია“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისივე აზრით, ირაკლი კობახიძე უდავოდ ლიდერია, მის დროს საკანონმდებლო პროცესმა ისეთი სახე და მიმართულება მიიღო, რაც უნდა მიეღო. მართალია, დავით უსუფაშვილის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ, რომ ის უკეთესი პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მაგრამ გაკეთებული საქმეების მიხედვით, ის ახლოსაც ვერ მივა ირაკლი კობახიძესთან. შეიძლება უსუფაშვილის ბევრ დადებით თვისებაზე ვისაუბროთ, მაგრამ მან ვერ მოახერხა მთავარი - ახალ სისტემაზე გადასვლა.

ეკა ზარდიაშვილი!პორტირებული ნაცი!კობახიძე-ძლაუფლებას მოწყურებული კომსომოლა!მდინარაძე-შემთხვევით მოხვედრილი გაუგებრობაში,რომელიც ცდილობს რაიმე ჩიტის დაჭერას! ესენი არიან პიკასოს ბიჭები?!
5 წლის უკან