„ადეიშვილი დაბრუნდა? - „ოცნება“, გაიღვიძეთ, დეპოში ხართ!

„ადეიშვილი დაბრუნდა? - „ოცნება“, გაიღვიძეთ, დეპოში ხართ!

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი 10 მოსამართლის კანდიდატურა დაასახელა. წარდგენილ კანდიდატებს შორის არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, ნინო სანდოძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და თავად საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. აღნიშნულ კანდიდატებს საბჭო დასამტკიცებლად საქარათველოს პარლამენტს წარუდგენს. ახლა საქართველოს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს ვის მიანიჭებს ქვეყნის პირველი მოსამართლის სტატუსს.

იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ ორგანული კანონი აწესებს კრიტერიუმებს და პრინციპებს, რომლის მიხედვით შეირჩევიან მოსამართლეები სასამართლოში. კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა – ამ ფაქტორის გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება და შეჯერდნენ გარკვეულ კანდიდატებზე.

არაოფიციალურად უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის პირველი მოსამართლე შეასაძლოა, მიხეილ ჩინჩალაძე გახდეს, რომელიც სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის სათავედ სახელდება. ჩინჩალაძის კანდიდატის დასახელება იუსტიციის საბჭოს სხდომაზე ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა.

საბჭოს არამოსამართლე წევრებმა წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს და განაცხადეს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხელიდან გაუშვა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების უკანასკნელი შანსი. როგორ ანა დოლიძე აცხადებს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პროფესიულად და შინაარსობრივადაც, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი სუიციდი ჩაიდინა. დოლიძე ამბობს, რომ საბჭომ ამ გადაწყვეტილებით სასამართლო სისტემის გაჯანსაღების ბოლო შანსი გაუშვა ხელიდან.

„მიუხედავად მთელი ჩემი კრიტიკისა, ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ დონემდე დაეცემოდნენ და იმ ტოტს გადახერხავდნენ, რომელზეც სასამართლო ხელისუფლება კიდია. საკუთარი კარიერების გადასარჩენად იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, საბჭოს შეესრულებინა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს აღმატებული ფუნქცია, უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელიც კონსტიტუციამ დააკისრა, რომლის მიმართაც თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი.

მადლობა ღმერთს, შეგვიძლია ჩინჩალაძე დავიმახსოვროთ, რომელმაც ისე განვლო თავისი პერიოდი უზენაეს სასამართლოში, რომ ერთეულები აქვს საქმე განხილული და რატომ უნდა წავიდეს უზენაესში, უდიდესი სამოსამართლეო გამოცდილება აქვს? დისციპლინური საჩივარია მასზე შემოტანილი, როგორც ადამიანზე, რომელიც საქმეებს არ იხილავდა და მილიონზე მეტი ლარი აქვს ხელფასის სახით აღებული. ასეთი ადამიანი გინდათ თქვენ სასამართლოში? ეს ნამდვილად იყო ბოლო, საკონტროლო ტყვია, რომელიც თქვენ დაასვით თქვენ თავს და ამ ნაბიჯით დაასვით სასამართლო სისტემას“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურა მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილისთვის, რომლის განცხადებით, ჰქონდა იმედი, რომ საბჭოს შერცხვებოდა, მაგრამ არ შერცხვათ.

„უზენაესი სასამართლოც შეიძლება აღმოჩნდეს ჩინჩალაძის კლანის ხელში. არ მსურს მომავალმა თაობამ არსებული სასამართლო სისტემის პირობებში იცხოვროს. დახურული მმართველობის სისტემა უნდა შეიცვალოს. თუ საბჭომ დახურული მმართველობის სისტემა არ შეცვალა, 25 წლის შემდეგ ჩვენი შვილების თაობასაც ისევ სასამართლო რეფორმაზე მოუწევს მუშაობა და ისევ იმავე კლანს დაუპირისპირდებიან, რომლიც დღეს სისტემას მართავს“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

კრიტიკა მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისთვის. გიორგი მიქაუტაძე განმარტავს, რომ სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურებზე მას შემდეგ იმსჯელეს, რაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში შევიდა. საბჭოს მდივნის განმარტებით, უზენაეს სასამართლოში წლებია, რაც მოსამართლეთა სიმცირის პრობლემაა, რის გამოც დიდი რაოდენობით საქმე დაგროვდა, რამაც თავისთავად, მოქალაქეთა უკმაყოფილება წარმოშვა.

„უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების დასახელება განპირობებულია იმ სიტუაციით, რომელიც შექმნილია უზენაეს სასამართლოში. არის 11 მოსამართლე, სისხლის პალატაში ერთი შემადგენლობაც კი არ არის, რომ საქმეები განიხილონ. ეს არის შეფერხებული პროცესი, ან შეიძლება ითქვას, უფრო უარესი, უზენაესი სასამართლო თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს, თუ ჩვენ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ და არ იქნებიან მოსამართლეები წარდგენილები.

ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, ეს პასუხისმგებლობა გადმოვიდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. ვფიქრობ, რომ სწორად მოქმედების და იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის დროა, რომელიც უნდა გადაიდგას, ვინაიდან უზენას სასამართლოში არ შეფერხდეს სამართალწარმოების პროცესი. ნაბიჯი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გადადგას. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვაცნობიერებთ და ვფიქრობთ, რომ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილ კანდიდატურებს აკრიტიკებს ოპოზიცია. დასახელებულმა კანდიდატებმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგი უგულავას ზურაბ ადეიშვილი გაახსენა. როგორც უგულავა აცხადებს, წარდგენილ კანდიდატებს შორის არიან პირები, რომლებიც იყვნენ წინა ხელისუფლების საყრდენები სასამართლო სისტემაში.

„ადეიშვილი დაბრუნდა მთავრობაში? რამე გამომრჩა? თუ ეს ხალხი დაამტკიცა პარლამენტმა, თანაც უვადოდ, სასამართლო მონსტრების კორპორაციად საბოლოოდ გაფორმდება. აღარც ბიძინა იქნება, აღარც მიშა, არც გრიშა და არც გიგი. ეს მონსტრები კი შთამომავლობას გააწამებენ. ამისთვის ითხოვა ივანიშვილმა ერთი წელი!?

„ოცნება“, ძველი გვარდია, გაიღვიძეთ, დეპოში ხართ!

პერსონალურად, ცხადია ადეიშვილის მმართველობა არ ბრუნდება, მაგრამ ეს ადამიანები იყვნენ მაშინაც სასამართლოს სისტემაში ხელისუფლების დასაყრდენი. ეს ხო არავისთვის დასამალი არ არის. პერსონალიებზე არ ვლაპარაკობ, ამ შემთხვევაში. ვინ გადაიბარებს, მაგას რა მნიშვნელობა აქვს.

მაშინ წულუკიანი რით არის ადეიშვილზე უკეთესი? ადეიშვილმა უამრავი სხვა რამე გააკეთა, რომელიც ამ ქვეყანას დღეს არგია. რით არის დღეს უკეთესი ივანიშვილი წინა ხელისუფლებაზე? რანაირად არის ჩინჩალაძე და მურუსიძე მსხვერპლი რომელიმე სისტემის, ისინი თვითონ არიან სისტემის ნაწილი, ისინი თვითონ არიან ამ სისტემის შემოქმედი და მეტიც, ამ სისტემას აბეტონებენ როგორც მონსტრების კორპორაციას“, – აცხადებს გიგი უგულავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ სასამართლო არის ფეხქვეშ გათელილი. დეპუტატი კლანურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დასახელებული კანდიდატურები დღემდე მართავდნენ სასამართლო სისტემას.

„იუსტიციის საბჭომ წარმოადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები 10 კაცის შემადგენლობით, რომლებიც ფაქტობრივად, არის ის ძველი კლანი, რომელიც დღემდე მართავდა სასამართლო სისტემას და რომელიც გამოირჩეოდა ძალადობის დაკანონებით, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული და სასამართლო, ფაქტობრივად, საქართველოში არის ფეხქვეშ გათელილი და ის არ ემორჩილება კანონებს და კონსტიტუციას. ის ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით იმსჯელეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. უმრავლესობის რამდენიმე წევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პროცედურა უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა არ გაჩნდეს დამატებითი კითხვები. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ გუნდის შიგნით კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა. როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, მათი პოზიცია მას შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, რაც ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება.

„იქედან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით გუნდის შიგნით ამასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა და დღეს გახდა მათი ვინაობის შესახებ ცნობილი, ამიტომ, ბუნებრივად შეუძლებელია პოზიცია იყოს ჩამოყალიბებული. ჩვენ ამასთან დაკავშირებით, დავუჭერთ თუ არა მხარს, გუნდის პოზიციას გავახმოვანებთ მსჯელობის შემდეგ. ჩემი მხრიდან არასწორი იქნება რაიმე პოზიციის დაფიქსირება, რადგან ასეთი საკითხები ხმოვანდება მხოლოდ და მხოლოდ გუნდის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე თვლის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში სასამართლო სისტემას აქვს სერიოზული წინსვლა, რასაც საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ.

„რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა, ზოგადად, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ და უნდა ავირჩიოთ უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლე. ბუნებრივია, პარლამენტს საყვედური არ ეთქმის და ის არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში.

თუმცა „ევროპულ საქართველოს“ ერთი რამ უნდა შევახსენო – სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემას აქვს სერიოზული წინსვლა. ამას აღიარებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ამას მოწმობს საერთაშორისო რეიტინგები, სადაც ჩვენ სერიოზული წინსვლა გვაქვს და ეს პირდაპირ ციფრებში არის გამოხატული. ეს არის ფაქტი - სასამართლო არის დეპოლიტიზებული და სასამართლომ ხარისხობრივად გააუმჯობესა თავისი მუშაობა. თუმცა გვაქვს უამრავი გამოწვევა, წილად გვერგო უმძიმესი მემკვიდრეობა და ახლა გვჭირდება დრო, რომ ეს ყველაფერი გავაუმჯობესოთ. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნა სოფიო კილაძემ.