ვინ უფრო ძლიერია, მოჭიდავე თუ მოკრივე? - ამის გარკვევას ჯერ კიდევ 1976 წელს ცდილობდნენ

ვინ უფრო ძლიერია, მოჭიდავე თუ მოკრივე? - ამის გარკვევას ჯერ კიდევ 1976 წელს ცდილობდნენ

ალბათ, იშვიათად მოიძებნება ისეთი ბიჭი, რომელსაც თანატოლებთან არ უდავია თემაზე - ვინ უფრო ძლიერია, მოჭიდავე თუ მოკრივე? რა უფრო ეფექტურია - ძლიერი დარტყმა თუ ჭიდაობის ტექნიკა? რა თქმა უნდა, ასეთ ბრძოლაში გამარჯვება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - სპორტსმენის მომზადების დონეზე, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და ა.შ.

ამ საკითხის გადაჭრას ყველაზე მაღალ დონეზე ცდილობდნენ 1976 წლის 26 ივნისს, როცა ტოკიოში რინგზე ერთმანეთს შეხვდნენ ორი ლეგენდარული სპორტსმენი - მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოკრივე მოჰამედ ალი და იაპონელი პროფესიონალი მოჭიდავე ანტონიო ინოკი.

მოლაპარაკება მოჰამედ ალისა და იაპონიის ჭიდაობის ასოციაციას შორის ერთი წლით ადრე დაიწყო. საბოლოოდ, როგორც იქნა, მოკრივეს მოწინააღმდეგედ მოჭიდავე მოუძებნეს - ანტონიო ინოკი, წარმოშობით იოკოჰამიდან. 1957 წელს, როცა ბიჭს 14 წელი შეუსრულდა, მისი ოჯახი ბრაზილიაში გადავიდა საცხოვრებლად. იმ დროისათვის ანტონიოს სიმაღლე უკვე 180 სანტიმეტრი იყო და გასაკვირი არაა, რომ იგი ჯერ კალათბურთით იყო გატაცებული, შემდეგ კი ბადროს ტყორცნით.

17 წლის ასაკში ინოკი ცნობილმა პრომოუტერმა რკიდოძანმა შენიშნა, რომელმაც მოახერხა ჭაბუკის დარწმუნება სამშობლოში დაბრუნებულიყო და ჭიდაობა დაეწყო. დროთა განმავლობაში ინოკი არამარტო ცნობილი რესტლერი გახდა, არამედ წარმატებული ბიზნესმენიც. მისი ინიციატივით დაარსდა აგრეთვე პროფესიული რესტლინგის ფედერაცია New Japan Pro-Wrestling.

მოჰამედ ალისა და ანტონიო ინოკის მოსალოდნელი ორთაბრძოლის რეკლამა გასაოცარი იყო: ჟურნალისტები და სპეციალისტები ერთმანეთს ასწრებდნენ შედეგის პროგნოზირებას. ზოგიერთები ირწმუნებოდნენ, რომ ბრძოლა მაგარი სანახაობა იქნებოდა - მოჰამედ ალი მძლავრი დარტყმით იაპონელს სახეს გაუხეთქავს, იაპონელი კი თავის საუკეთესო კარატეს ილეთს გამოიყენებს - ნახტომს გააკეთებს, მოკრივეს კისერში ფეხს უთავაზებს და ძირს დასცემსო.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ალი რინგზე მოკრივის მსუბუქი ხელთათმანებით უნდა გამოსულიყო, მისი მოწინააღმდეგე კი - შიშველი ხელებით. გარდა ამისა, იპონელს აუკრძალეს მაღალი დარტყმების მიყენება როგორც ფეხებით, ასევე მუხლებით და თავით. ბუნებრივია, ამ აკრძალვებმა ანტონიო ინოკის სერიოზულად შეუზღუდეს თავისუფალი მოქმედება, ამიტომაც მან თავისებური ტაქტიკა გამოიყენა.

არბიტრის სიგნალზე - ორთაბრძოლა დაიწყეთო, ანტონიო ზურგზე დაწვა და მუჰამედის შეტევის მოგერიებას ფეხებით შეეცადა. რადგანაც იაპონელს ფეხებით თავში დარტყმები აკრძალული ჰქონდა, მას მხოლოდ მოკრივის ფეხებში ცემა შეეძლო. თავის მხრივ, მუჰამედიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა - მისი მძლავრი დარტყმები ასეთ სიტუაციაში უშედეგო და არაეფექტური იყო, მოწინააღმდეგის ჩოქბჯენში აყვანას კი, ბუნებრივია, იგი ვერ ბედავდა.

მაყურებლები იმედგაცრუებულები დარჩნენ, რადგანაც რასაც ელოდნენ - ნამდვილ ბრძოლას - ვერ იხილეს. ზოგიერთები ფულის უკან დაბრუნებასაც კი ითხოვდნენ. თითქმის 15-ვე რაუნდის განმავლობაში ანტონიო ინოკი რინგზე გორავდა, მუჰამედ ალი კი უშედეგოდ ცდილობდა როგორმე მოწინააღმდეგე ფეხზე ააყენებინა და ისე ებრძოლა.

აბა, ასეთ დროს რა უნდა ექნათ მსაჯებს? ჰოდა, მათაც ფრე გამოაცხადეს.

მართალია, ბრძოლის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ მოჰამედ ალი უფრო მეტად დაზარალდა - მას ფეხები სულ დალურჯებული ჰქონდა. შერკინების ვიდეოჩანაწერის ნახვისას შეიძლება იმის დათვლა, რომ ანტონიომ მუჰამედს ფეხებში 60-ჯერ მაინც დაარტყა. სწორედ ამ მიზეზით მოკრივემ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე გამოსვლა ვერ შეძლო.

პრომოუტერი ბობ არუმი იხსენებდა, რომ მოჰამედ ალი შეიძლებოდა დაინვალიდებულიყო კიდეც, რადგან ფეხის კანში ინფექცია შეიჭრა და იგი სასწაულით გადაურჩა ამპუტაციას (კიდურის მოკვეთას).

როგორც ვხედავთ, ამ ორთაბრძოლამ ვერ გასცა საბოლოო პასუხი კითხვას, თუ ვინ უფრო ძლიერია - მოკრივე თუ მოჭიდავე. სხვათა შორის, მოჰამედ ალიმ ამ მატჩისათვის სამი მილიონი დოლარი მიიღო, თუმცა მოწინააღმდეგეს მხოლოდ ექვსი დარტყმა მიაყენა. გამოდის, რომ მისი ყოველი დარტყმა ნახევარ მილიონად შეფასდა...