დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა თბილისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი წინასაახალწლოდ სატრასპორტო გაფიცვით იმუქრებიან, რაც სადღესასწაულო დღეებში კოლაფსს გამოიწვევს.
მძღოლების თქმით, საქართველოში მოქმედი თურქული სატრანსპორტო კომპანია „მეტრო“ ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პრივილეგიებით სარგებლობს და მათ მგზავრებს ართმევს. გარდა ამისა, მძღოლთა მტკიცებით, „მეტროს“ ავტობუსები ტექდათვალიერებას მარტივი წესით გადიან. ამიტომ ისინი მოითხოვენ სადგურის ტერიტორიიდან „მეტროს“ ჯიხურის აღებას და კომპანიის საქართველოდან გასვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლები ახალ წელს გაფიცვით იმუქრებიან. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი-ბათუმის მიმართულებით დასაქმებული ადამიანიები.
პროფკავშირები მძღოლების პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ. მათი განმარტებით, აქცია შედგება კომპანია „მეტრო პლუსის“ წინააღმდეგ, რომელმაც სრულიად უკანონოდ ზუგდიდის მიმართულებით რკინიგზის სადგურიდან დაიწყო მგზავრთა გადაყვანა. ადგილზე ჩადგეს ბორბლებიანი ჯიხური, რომელიც ვითომდა ავტოსადგურია.
„იმ შემთხვევაში, თუ მძღოლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ახალ წელს დასავლეთის მიმართულებით მძღოლები მგზავრებს არ მოემსახურებიან. კომპანია „მეტრო პლუსმა“ სრულიად უკანონოდ დაიწყო ზუგდიდის მიმართულებით რკინიგზის სადგურიდან მგზავრების გადაყვანა, რაც მძოლებისთვის მიუღებელია. დღესაა ზუგდიდი, მაგრამ ხვალ და ზეგ შესაძლოა, ქუთაისი, ზესტაფონი და სხვა ქალაქები დაემატოს, ამას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს. ფაქტია, კომპანია „მეტრომ“ უკვე დაიწყო მგზავრების გადაყვანა ზუგდიდის მიმართულებით“, - აცხადებს მძოლთა პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია.
მისივე თქმით, თუ ახალ წლამდე მძღოლების მოთხოვნის დაკმაყოფილება არ მოხდება, საპროტექსტო აქცია კვლავ განახლდება და მძღოლები გაიფიცებიან.
რაც შეეხება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პოზიციას, სამგზავრო გადაყვანების სამმართველოს უფროს ალექსანდრე იანორაშვილი აცხადებს, რომ პირდაპირი შემოწმების საშუალება არ აქვთ და როგორც კი მიიღებენ ნებართვას, საფუძვლიანად შეამოწმებენ „მეტროს“ საქმიანობას, თუ რამდენად არის ის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „მეტროს“ წარმომადგენლებმა მოაწყვეს ავტოსადგური და მგზავრთა გადაყვანებს ახორციელებენ. პირდაპირი შემოწმების უფლება არ გვაქვს, სასამართლოს უნდა მივმართოთ და მოგვცეს გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც შევამოწმებთ ავტოსადგომს, თუ რამდენად შესაბამისობაშია იგი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. სასამართლოს უკვე მივმართეთ კიდეც, თუმცა თვითონ ავტოსადგომის საქმიანობაზე ნებართვა, რაზეც მძღოლები კომპანიას ედავებიან, კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის“, - აცხადებს იანორაშვილი.