“მოუჯოკრეს უმცირესობას!” – ელისო კილაძე “ქართული ოცნების” დეპუტატებზე

“მოუჯოკრეს უმცირესობას!” – ელისო კილაძე “ქართული ოცნების” დეპუტატებზე

 “არ ვიცი პარლამენტის სხდომას უყურებთ თუ არა,მაგრამ უმრავლესობის ყველა წევრმა ვინც გამოვიდა, ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე დასვა კითხვა… ენძელა მაჭავარიანი ეკითხება შს მინისტრს, დათუნა სარალიძის მკვლელი რომ დაკავებული არაა,ზაზა სარალიძის დაკავება რამდენად მიზანშეწონილი იყოო… აშკარად მოუჯოკრეს უმცირესობას!,” –  ამის შესახებ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ  სოციალურ ქსელში “ფეისბუქი” დაწერა, რომელიც პლენარულ სხდომაზე ესწრება.

ამ წუთებში დეპუტატები კითხვებით  შს მინისტრს მიმართავენ. „ქართული ოცნების“ წევრების უმეტესობა გიორგი გახარიასგან ელის პასუხს, რა ეტაპზეა ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება და გამოიკვეთა თუ არა ახალი პირები, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

როგორც დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა სესიაზე განაცხადა, საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ მიიღო პასუხი თუ ვინ მოკლა დავით სარალიძე.

“როგორც ცნობილია, დადგენილი არ არის, ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი, ანუ ეს არის გაურკვეველი. აგრეთვე გასარკვევია ის გარემოება, ჰქონდა თუ არა ადგილი მოხელეთა მხრიდან დანაშაულის ჩადენას. ბატონო მინისტრო, ამ ფონზე რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ზაზა სარალიძის დაკავება და სისხლის სამართლის პასუხიგებაში მიცემა?“ –  ამ კითხვის მიმართა  ენძელა მაჭავარიანმა შს მინისტრს.

“გთხოვთ გვიპასუხოთ როგორც პარლამენტის წევრებს, ისე ზაზა სარალიძეს: რა გამოიკვეთა დამატებითი გამოძიების ფარგლებში და შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი?, – ამ კითხვით პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე შს მინისტრს, გიორგი გახარიას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა მიმართა. მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარის საქმის ირგვლივ საზოგადოებას ჯერ კიდევ ბევრი კითხვა გააჩნია.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთ წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის კითხვა კი მირზა სუბელიანის საქმეს უკავშირდება. დეპუტატის თქმით, საინტერესოა რა ეტაპზეა გამოძიება ციხიდან გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით და თუ გამოიკვეთა ის პირები, ვინც ეს ჩანაწერი გააკეთეს და შემდეგ გაავრცელეს.

დიმიტრი ცქიტიშვილმა მინისტრს მოუწოდა გასცეს კითხვაზე პასუხი, რა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდიას.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, სადაც გაწეული მუშაობის ანგარიშით შს მინისტრი გიორგი გახარია გამოდის, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეს ესწრება. სარალიძესთან ერთად აღნიშნულ სხდომაზე ჟურნალისტი ელისო კილაძეც ესწრება.