საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს იწურება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია იმედს გამოთქვამს, რომ საქმეზე გამოძიება გაგრძელდება.
"პრეზიდენტის განცხადება არის პასუხისმგებლიანი. მე ვთვლი, რომ საქართველოსნაირ მძიმე გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის აუცილებელია ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს ან იყოს უვადო და ეს უნდა შეეხოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის, ვთქვათ, სამ პირს. ეს არის იყოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თუკი მოხდება მათი მკვლელობა.
ძალიან დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ გამოძიება გაგრძელდება", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ „რეზონანსთან" საუბრისას.
სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე იმუშავებენ და შესაძლოა, ვადამ 5 წლით გადაიწიოს.
„პრეზიდენტის ინიციატივას მხარს ვუჭერ და შესაძლებელია, სამართლებრივი გზით ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გავზარდოთ, რითაც შესაძლებელი იქნება, რომ გამოძიება არ შეწყდეს," - განაცხადა ეკა ბესელიამ.