"თუ ხელისუფლება ფეხებს გააფიჩინებს, მოენატრება ის პრობლემები, რაც არჩევნების დროს ჰქონდა"

"ხელისუფლებას მოუწევს ოპოზიციურ სპექტრს დაელაპარაკოს, თუ ფეხებს გააფიჩინებს, მოენატრება ის პრობლემები, რაც საარჩევნო პერიოდში ჰქონდა და უფრო დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს," - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

"პარტიამ, რომელსაც ეგონა, რომ ჩამოშორდა პროცესებს, დღეს აქტიური პოლიტიკური მოქმედება დაიწყო, ეს არის ხელისუფლების შეცდომებიდან გამომდინარე, ამან გაიმოწვია ის ესკალაცია, რომელმაც დღეს საშიში ფორმები მიიღო. "ნაციონალური მოძრაობა" მისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, ცდილობს მუდმივად შეინარჩუნოს პოლიტიკური დინამიკა და ის 800 ათასი ამომრჩეველი, რომელიც მას "ქართულმა ოცნებამ" აჩუქა.

ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანა ქაოსში არ გადავიდეს. პრევენციის როლი უნდა ითამაშოს. პრეტენზიები არა მაქვს იმისთან დაკავშირებით, რომ კირკიტაძე დააკავეს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ წითელი ხაზების გადაკვეთა არ შეიძლება, მაგრამ სწორი არ იქნება თუ ძალიან დიდ სასჯელს მიუსჯიან, რაღაც შუალედი უნდა მოიძებნოს გადაწყვტილების მისაღებად. ვფიქრობ, ვითარება უფრო დაწყნარდება. ისე, "ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევნია, კირკიტაძეს დიდი სასჯელი მიუსაჯონ, ეს გახდება მათთვის უფრო დიდი საპროტეტსო მუხტის საფუძველი, ამიტომ სჯობს ხელისუფლებამ ზედმეტი პედალირებისგან თავი შეიკავოს.

რაც შეეხება ხელისუთფლებისა და ოპოზიციის სამომავლო ურთიერთობებს, ხელისუფლებას მოუწევს დაელაპარაკოს ოპრზიციას, რადგან რეალობა დღეს სხვა არის. შეუძლია "ნაცმოძრაობას" წაუყრუოს, მაგრამ რას უშვება იმ ადამიანებს, ვინც არჩევანი მის წინააღმდეგ გააკეთა? მარტო "ნაცმოძრაობა" ხომ არ მოითხოვს საარჩევნო სისტემის შეცვლას და პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას, ამის მოითხოვს მთელი ოპოზიციური სპექტრი. თუ ხელისუფლება ფეხებს გააფიჩინებს, მოენატრება ის პრობლემები, რომელიც ჰქონდა საარჩევნო პერიოდში და უფრო დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს" - განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.