დიმიტრი ქუმსიშვილის პირველი კომენტარი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ

დიმიტრი ქუმსიშვილის პირველი კომენტარი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ

დიდი ხნის პაუზის შემდეგ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.ქუმსიშვილი მედიასთან საუბარში არ აკონკრეტებს, რა კითხვები ჰქონდა მასთან პროკურატურას და რატომ მოუწია საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე მისვლა. მისი თქმით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება აღარ არის აქტუალური და მიიჩნევს, რომ არც მაშინ უნდა ყოფილიყო.

„ერთხელ მქონდა კომუნიკაცია და ამის შესახებ თქვენ ყველამ იცით. ეს იყოს ივნისის ბოლოს. დღეს არ არის თემა აქტუალური და ჩემი გადმოსახედიდან არც მაშინ არ უნდა ყოფილიყო აქტუალური.

პროგრამებთან დაკავშირებით, არც მაშინ არ ყოფილა კითხვები ჩემთან მიმართებაში, არც დღეს არ არის და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამები, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სწორი პროგრამა.მე მგონია, რომ უკვე სჯობია, რომ გადავიდეთ ჩვენ რაღაცა სხვა საკითხებზე. ამომწურავად გავეცი კითხვებს პასუხი. თქვენ ახლა პოლიტიკაში მაბრუნებთ, მე კიდევ პოლიტიკიდან წამოვედი.

ბატონი ბიძინას და ბატონი გიორგის (კვირიკაშვილი) ურთიერთობები, ეს არის მათი ურთიერთობები და მათ აქვთ თავიანთი ურთიერთობები, რაც ეხება თვითონ რეფორმას, მე მგონია, რომ რეფორმა წარმატებულია. მე მგონია, რომ არავინ არ მერჩის,“- აცხადებს ქუმსიშვილი.

გამოძიება ეკონომიკის სამინისტროსა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 182-ე მუხლებით.