გაერთიანებული ოპოზიცია იშლება? - მიზეზი: სააკაშვილის რადიკალიზმი

გაერთიანებული ოპოზიცია იშლება? - მიზეზი: სააკაშვილის რადიკალიზმი

პოლიტიკის სეზონი იხურება. ქართული ოპოზიცია გააქტიურებას უკვე ახალი წლების შემდეგ გეგმავს. ერთიანი დღის წესრიგი ტრადიციულად არ არსებობს.

ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელმაც მესამე ძალის შექმნის სურვილი უკვე დააანონსა, „პრაიმტაიმთან" საუბარში აცხადებს, რომ „მესამე ძალა, განზე უნდა გადგეს და პროცესებს უყუროს, დაელოდოს როდის ჩამოატარებს მდინარე რომელიმე ამ ორი პოლუსის გვამს და შემდეგ იმოქმედოს".

"სხვათაშორის, რადიკალიზმი, შესაძლოა, ნაციონალებს ძვირად დაუჯდეთ. ბოლოს და ბოლოს, ისინი თუ მარგინალიზაციისკენ წავლენ, ბევრი, გაერთიანებული ოპოზიციიდან, მათ სამარეში არ გაჰყვებათ. პაატა ბურჭულაძე უკვე არ გაჰყვა, არჩევნებიდან მეორე დღესვე გაუჩინარდა, ბოლოს კი პეტერბურგის თეატრში მიაგნეს, თავად სცენაზე მღეროდა, პუტინი პარტერში უსმენდა.

არ არის გამორიცხული, გაერთიანება სხვებმაც დატოვონ. ამაზე საუბარი უკვე დაიწყო. სააკაშვილი იმდენად არის უკვე რეალობას აცდენილი და ისეთი დაჟინებით ითხოვს რევოლუციური ნაღმის ამოქმედებას, რომ, არ არის გამორიცხული, ამ ნაღმზე თავად პარტია აფეთქდეს," - განაცხადა ხუხაშვილმა.