არაკვალიფიცური და სასაცილოა მათი გაკეთებული განცხადებები

არაკვალიფიცური და სასაცილოა მათი გაკეთებული განცხადებები

დაანებონ თავი ორმაგი სტანდარტებით განცხადებების კეთებას, – ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია „ქალთა მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო მდივნის პოსტზე „გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანის დანიშვნა, რომელმაც სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად წარმოაჩინა“ მიუღებელია. მისივე თქმით, სადაც მის მიმართ კრიტიკის ზღვარი იქნება გადაცილებული, ისინი სამართლებრივ პასუხს მიიღებენ.

„ერთხელ და სამუდამოდ რომ დავასრულოთ ინსინუაციები ამ ყოველგვარ ცრუ ბრალდებებზე. ადვოკატთა ასოციაციამ გააკეთა საკმაოდ კომპეტენტუი განცხადება. გაეროს კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება ადვოკატის გაიგივება კლიენტთან. აქ გაიგივებულია, თითქოს მე თუ წარმოვადგენდი ერთი კონკრეტული პირის ინტერესებს, მე ვიზიარებ ან არ ვიზიარებ მის პოზიციას.

რაც შეეხება იმ აზრს, რომ მე როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თითქოს ხელს შევუშლი სექსუალური უმცირესობების კანონპროექტს და ა.შ. მე ისინი მინდა დავამშვიდო. საპარლამენტო მდივანს ამ კანონპროექტზე რაიმე სახის გავლენის მოხდენა არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ეს არგუმენტიც თითიდან გამოწოვილია და დაანებონ თავი კონტექსტიდან ამოგლეჯილი განცხადებების გაკეთებას.

აქვე ვიტყვი, დაანებონ თავი ორმაგი სტანდარტებით განცხადებების კეთებას. არჩევნების მეორე ტურის განმავლობაში ეს ხალხი არც თუ ისე სასიამოვნო ტერმინებით ამკობდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მე ამ თემაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. არასერიოზული, არაკომპეტენტური, არაკვალიფიცური და სასაცილოა ამ მოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები. მე მათ ვურჩევდი გაიარონ იურიდიული კონსულტაციები და ცრუ ბრალდებებს მოეშვან. დასაშვები კრიტიკის ზღვარი, სადაც იქნება გადაცილებული, ისინი მიიღებენ სამართლებრივ პასუხს,“ – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.