ჰოლანდია, თურქეთი, რუსეთი... ოქრიაშვილის მენეჯერი თორნიკეს ვარიანტებზე

ჰოლანდია, თურქეთი, რუსეთი... ოქრიაშვილის მენეჯერი თორნიკეს ვარიანტებზე

ცნობილი ამბავია - თორნიკე ოქრიაშვილმა „კრასნოდარი“ დატოვა. თემურ ლეფსაიამ, რომელიც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ინტერესებს კონტრაქტის გაფორმების დროს იცავდა, რუსული კლუბიდან თორნიკეს წამოსვლაზე განმარტება გააკეთა და ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა „კრასნოდარი“ საკუთარი სურვილით დატოვა.

ოქრიაშვილის მენეჯერი მამუკა ამიროვია, რომელსაც ბელგიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...

რეალურად, ოქრიაშვილსა დაკრასნოდარსშორის რა მოხდა? ფეხბურთელი, რომლის გოლებმაც რუსეთი აღაფრთოვანა, ასე იოლად გაუშვეს?

- მე უფრო ის რეაქციები გამიკვირდა, რაც საქართველოში იყო. კარგია, რომ რუსებმა თორნიკე თავად გაუშვესო. კონტრაქტის გაწყვეტა არა „კრასნოდარს“, არამედ, თავად თორნიკეს ინიციატივა იყო. პირიქით, რუსული კლუბის მადლიერები ვართ, რადგან ფეხბურთელის ინტერესი გაითვალისწინეს და გაუშვეს.

არ ჰქონდა იმედი, რომკრასნოდარშიშანსს მისცემდნენ?

- ახლა ტრავმირებული იყო და გასაგებია, რომ ეგრევე ძირითადში არ დააყენებდნენ. მაგრამ ჯანმრთელად და ფორმაში რომ იყო, სათამაშო დრო მაშინაც არ ჰქონია.

თემურ ლეფსაია ოქრიაშვილის მენეჯერი არ ყოფილა დაკრასნოდართანურთიერთობა მან რატომ წარმართა?

- როდესაც „კრასნოდარის“ ინტერესი გაჩნდა, მაშინაც ასე ვამჯობინეთ. თორემ თორნიკესთან დღემდე ვთანამშრომლობ და ახლაც მის გუნდზე ვმუშაობ. მისი გაშვება დიდად არ სურდათ. ეგაა, ტრავმებმა ფორმიდან ამოაგდო და საერთოდაც, „კრასნოდარი“ მაგის გუნდი არ აღმოჩნდა - ძალიან არ უმართლებდა. მანამდე ტრავმას არასოდეს შეუწუხებია. აქ კი ერთდროულად ორჯერ უმძიმესი ოპერაცია დასჭირდა. ბევრი ფაქტორი გადაება, რის გამოც გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

ახლა ტრავმისგან სრულად განიკურნა?

- დიახ და ექიმებს მისი რეაბლიტაციის ტემპი ახარებდათ, დღეში სამჯერ უდიდესი ენთუზიაზმით ვარჯიშობდა და ორგანიზმიც სწრაფად მომჯობინდა.

კრასნოდარსკონტრაქტის გაწყვეტაში კომპენსაცია არ მოუთხოვია?

- საერთოდ არაფერი, რაც მათი მხრიდან დიდსულოვანი საქციელი იყო. თორემ, რომ იცოდეთ, გუნდში თორნიკეს სურვილი დიდად არ გაუხარდათ. თამამად ვიტყვი, რომ „კრასნოდარის“ ისტორიაში შევიდა. რომ არა „ოქრი“, გუნდი ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდოდა. გუნდის ისტორია მნიშვნელოვანი გამარჯვებებით იწერება. თორნიკემ კი „ზენიტთან“ და „სევილიასთან“ ისეთი ლამაზი და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა, ამ კლუბის ისტორიიდან ვერავინ ამოშლის. ფანებს ძალიან უყვართ და თავისი წამოსვლით გული დაწყვიტა. ხალხი წლები თამაშობს და მსგავსი მკაფიო მომენტებით გულშემატკივრებს თავი მაინც ვერ დაამახსოვრეს.

ბოლო ორი წლის ტრავმიანობის გამო გუნდები ოქრიაშვილის აყვანას ხომ არ ერიდებიან?

- ამის საუკეთესო წამალი სამედიცინო შემოწმებაა, რომლისაც ნამდვილად არ გვეშინია. ბოლო ექიმებმა რომ შეამოწმეს, თორნიკე ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო.

საინტერესოა, ახლა რეალური ვარიანტები თუ აქვს?

- ჰოლანდიიდან, თურქეთიდან და ისევ რუსული კლუბებიდან. რომ იცოდეთ, თორნიკეს „გენკშიც“ ძალიან კარგი სახელი აქვს, როგორც ფეხბურთელს. მართალია, მერე პრობლემებიც შეექმნა, მაგრამ დიდი ხანია, ეს პერიოდი დაძლია.

თავად სად სურს თამაში?

- მთავარია, კარგი ლიგა იყოს, მწვრთნელი და გუნდი ენდობოდეს და ითამაშოს. ქვეყანას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამავე დროს, თორნიკეს სურს, მისთვის ჩვეულ პოზიციაზე ითამაშოს.

ანუ?

- არა ფლანგზე, არამედ - მოედნის ცენტრში, სადაც თავს კარგად გრძნობს. ამ როლში უფრო მეტი მუშაობა მოუწევს, მაგრამ ყველამ იცის, ოქრიაშვილს რა ფიზიკური მონაცემებიც გამოარჩევს. „კრასნოდარში“ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მონაცემები ჰქონდა, რადგან ფიზიკურად ძლიერია და ისეთი გულის პულსი დაუფიქსირეს, რუსები ამბობდნენ, ოქრიაშვილს ისეთი ორგანიზმი აქვს, ორ თამაშს გადაბმულად ითამაშებსო. ამის გამო, ხუმრობით, ზედმეტსახელად „ფერარის“ მატორიც“ კი შეარქვეს.

ახალ კლუბს კიდევ რა კრიტერიუმებით შეარჩევთ?

- შესაძლოა, სადაც წავა, სახელიანი კლუბი არ იყოს. მაგრამ დროებით ითამაშოს და მერე კარიერას მაინც გაიკვალავს. „ოქრი“ „კრასნოდარშიც“ თავისუფლად დარჩებოდა, მაგრამ მწვრთნელისაც მესმის - ტრავმების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენებდნენ, რაც თორნიკეს არ აწყობდა. მას თამაში უნდა, ფორმა სწრაფად რომ აღიდგინოს და საქართველოს ნაკრებს დაეხმაროს. რეალურად, მისი გადაწყვეტილება ამით იყო ნაკარნახევი.

თორნიკეს ტრანსფერის ამბავი როდის გადაწყდება?

- ამაზე ზუსტ პასუხს ვერავინ გაგცემთ. შესაძლოა, წლის ბოლომდეც, შესაძლოა, იანვარში. მთავარია, რომ ამ საქმეში აჩქარება არ ივარგებს. სხვათა შორის, ახლაც გული მწყდება, რომ „მარსელში“ ჩაშლილი ტრანსფერის გამო... ძალიან სწრაფად მოხვდა ის „კრასნოდარში“, არადა, საფრანგეთსა და გერმანიაში 3-4 საინტერესო ვარიანტი ჰქონდა. იმედია, ახლა მაინც ყველაფერი კარგად აეწყობა და სასურველ კლუბში ჩაირიცხება.