როგორი იქნება ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია?

როგორი იქნება ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია?

ნატო-ს სამიტზე, რომელიც 19-21 ნოემბერსაა დაგეგმილი, ხუთ თემაზე შეაჩერებენ ყურადღებას: ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიღება, ავღანეთში მიმდინარე ოპერაციები, სარაკეტო თავდაცვა, ირანის ბირთვული პროგრამა და ნატო-რუსეთის ურთიერთობები

 

ბოლო ორი საკითხი ყურადღებას სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებისკენ მიმართავს. ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მთიანი-ყარაბახის გარშემო არსებული მყიფე სიტუაცია, ნატო-რუსეთის ურთიერთობათა გარკვეული რეგრესი და სამხრეთ-კავკასიის კონტექსტში ამ მოვლენების გავლენა - ყველაფერი ეს სამხრეთ- კავკასიის სტრატეგიული პოზიციისთვის სამიტს განსაკუთრებულობას მიანიჭებს და  სამომავლოდ ის კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატო-ს ლისაბონური დღის წესრიგი და მისი იმპლიმენტაცია, როგორც ჩანს, შავი ზღვის აუზისა და კავკასიის უფრო ფართო სივრცეზე იქონიებს გავლენას. თუ ლისაბონის სამიტი ნატო-რუსეთის დიალოგს ახალი პერსპექტივების კარს გაუღებს, ამან შეიძლება პოზიტიურად იმოქმედოს ნატო-საქართველოსა და ნატო-რუსეთის ურთიერთობებზე.

 

ოპტიმიზმი რეალობის წინააღმდეგ

სამივე  ქვეყანა ნატო-სთან თანამშრომლობას ავითარებდა, თუმცა სხვადასხვა ხარისხის ვალდებულებებით. სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანსა და საქართველოს უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდათ, რადგან ისინი 9/11-ის მოვლენების შემდეგ ანტი-ტერორისტული კოალიციის აქტიური წევრები არიან და სამხედრო წვლილი შეაქვთ ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში – ბალკანეთში, ავღანეთსა და ერაყში. ისინი აშშ-ს ავიაციას სამოკავშირეო ოპერაციებისთვის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერით უზრუნველყოფდნენ, ისინი პასუხისმგებლები არიან დასავლეთისკენ მიმავალი ენერგეტიკული სატრანზიტო მარშრუტების უსაფრთხოებაზე და მათ წარმატებით აღკვეთეს საკუთარ ტერიტორიებზე ფუნდამენტალისტებისა და ტერორისტების შეღწევა.

 

აზერბაიჯანი ჯერ არ ჩართულა არც ერთ ინსტიტუციონალიზებულ სამხედრო ალიანსში. ქვეყანა მონაწილეობდა მხოლოდ გუამის აღორძინებაში – ორგანიზაციისა, რომელიც  დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებას ემსახურება. ეს პოზიცია ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკურ-თავდაცვითი დამოუკიდებლობის ჩვენებას ისახავს მიზნად. აზერბაიჯანმა ასევე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ, მაგრამ არც ნატო-ში და არც ევროკავშირში გაწევრიანება არ მოუთხოვია.

 

ევროკავშირმა ამაზე იმით მოახდინა რეაგირება, რომ აზერბაიჯანი უშუალოდ ჩართო ”ნაბუქოს” პროექტში, რათა ბაქოსთვის მისი ენერგეტიკული მარშრუტების გაფართოების საშუალება მიეცა. ამ პერსპექტივიდან ნატო-ს დამოკიდებულება აზერბაიჯანზე იზრდება და აზერბაიჯანთან თანამშრომლობა ახლა უფრო სიცოცხლისუნარიანია ვიდრე ოდესმე – ნატო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა რუსეთის ინტერესებს აზერბაიჯანში ზიანს არ აყენებს ისე, როგორც ეს შეიძლება საქართველოს შემთხვევაში მოხდეს. არის რა ნატო-ს პარტნიორის – თურქეთის მოკავშირე, აზერბაიჯანის თანამშრომლობა ნატო-სთან უფრო იოლი და მოქნილია.

 

საქართველოს პრო-დასავლური ორიენტაცია ძირითადად ნატო-სთან მტკიცე ურთიერთობების კულტივირებით ძლიერდებოდა. მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ღრმა ერთგულებას ევრო-ატლანტიკური  სწრაფვისადმი, შესაბამისი რეაქცია მოჰყვა, 2008 წლის ზაფხულის რუსულ-ქართულმა შეიარაღებულმა კონფრონტაციამ ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის სიმტკიცის დაბალი და გათიშულობის მაღალი ხარისხი ასახა. ამავე დროს, საქართველოს კონტექსტში ნატო-ს ვალდებულებებისა და მოტივაციის ხარისხი საქართველოს თანაბარი არ იყო. ნატო-ს და უფრო ფართოდ – დასავლეთს, მათ შორის აშშ-საც  არ სურდათ რუსეთთან კონფლიქტში შესვლა, რადგან ისინი რუსეთთან უფრო მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ცდილობენ, ვიდრე ცივი ომის მსგავსი კონტაქტებისა.

 

პარადოქსულია მაგრამ სომხეთის საზოგადოებაში, ზოგადად, როგორც ჩანს, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დიდი ენთუზიაზმი არ არსებობს. ადამიანთა უმეტესობამ არც კი იცის ამ პროგრამის შესახებ და ზოგიერთს ისიც კი ჰგონია, რომ რადგან CSTO-ს წევრები არიან, ამიტომ ნატო მათთვის აგრესიული სამხედრო ბლოკია. მაგრამ მიუხედავად რუსეთთან მტკიცე სამხედრო კავშირისა, რომელშიც გაერთიანებულია ყველა კომპონენტი – სომხეთის უსაფრთხოება ეკონომიკური და პოლიტიკური ზრდა – სომხეთის თანამშრომლობა ნატო-სთან სიცოცხლისუნარიანი და ქმედითია მანამდე, სანამ ის ზიანს არ მიაყენებს სომხურ-რუსულ ურთიერთობებს. რუსეთი საშინლად ეჭვიანი პარტნიორია და მას არ მოსწონს, როდესაც სომხეთი სხვა ალიანსებს უკავშირდება, ან რუსეთის ვიზავის ფარულ ქმედებებს ახორციელებს.

 

ანტაგონიზმი პერსპექტივის წინააღმდეგ

გასაგებია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი თავის რეგიონალურ კონფლიქტებში ნატო-ს მხრიდან მეტ ჩართულობას მოელიან, მაგრამ ნატო-ს ასეთი ქმედებები ოფიციალურად გეგმაში არ შეუტანია. კავკასიის რეგიონში ”ახალი სტრატეგიული კონცეფციის” მიღებამდე ნატო-ს მომავალი  ამ ანტაგონისტურ რეგიონში და საერთაშორისო დინამიკის კონტექსტში დაძაბულია. გარდა რეგიონალური ანტაგონიზმისა, რომელიც გადაუწყვეტელი კონფლიქტებისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ძირეულად ნეგატიური ურთიერთობებიდან იღებს სათავეს, ნატო-ს შესაძლო აქტივობამ რეგიონში შეიძლება ასევე შექმნას ”ანტაგონიზმი”.

 

თუ ლისაბონის სამიტი ნატო-რუსეთის დიალოგს ახალი პერსპექტივების კარს გაუღებს, ამან შეიძლება პოზიტიურად იმოქმედოს ნატო-საქართველოსა და ნატო-რუსეთის ურთიერთობებზე. როგორც 5 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Le Monde-ს განუცხადა, ”ქართველები არც სულელები არიან და არც თვითმკვლელები: რუსეთთან მტრობა ფატალური შეიძლება გახდეს”. შესაბამისად, რუსეთსა და ნატო-ს შორის დაპირისპირების შესაძლებლობის დაბალი ხარისხის პირობებში სამხრეთ-კავკასიას უფრო მეტი სარგებლის ნახვა შეეძლება ნატო-ს ორივე პროგრამიდან, ესენია: პარტნიორობა მშვიდობისათვის და ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა. ორივე პროგრამა წარმოადგენს ბრწყინვალე ინსტიტუციურ ინსტრუმენტს, რომელიც კოოპერაციის მაღალ ხარისხს ყველასთვის სახიფათო მოდელების გარეშე უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, რუსეთს ნატო არც მტრად უნდა და არც მოკავშირედ. ეს პარადოქსული პოზიცია ართულებს ისეთი საკითხების გარშემო კოოპერაციას და მათ  მოგვარებას, როგორიცაა მთიანი-ყარაბახი და პრობლემებს უქმნის ენერგეტიკულ სექტორსაც.

 

აზერბაიჯანმა ყურადღება იმაზე უნდა გადაიტანოს, თუ როგორ განსაზღვრავს ნატო ”ტერორიზმზე” და სხვა რეგიონალურ საფრთხეებზე კოლექტიური პასუხის არსს. სეპარატისტების მიერ მართული მთიანი-ყარაბახი საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანს და მთელს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას. მთიანი-ყარაბახის რეგიონის, რომელიც შეიარაღებისა და ნარკოტიკების ტრანსფერის თავშესაფარია, ”უსაფრთხო ზონის” სტატუსი  მთელ კავკასიას უქმნის საფრთხეს.

 

ეს პრობლემა არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ რუსეთისთვისაც, ჩრდილო-კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში. შეუძლებელია, ერთის მხრივ, ნატო და ევროკავშირი ქება-დიდებას ასხამდნენ აზერბაიჯანს, როგორც უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მოკავშირეს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის და ამავე დროს ვერ ახერხებდნენ აზერბაიჯანის მხარდაჭერას საკუთარ ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნებისა და მისთვის ”უსაფრთხოების გარანტიის” მიცემის პროცესში. როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აზარ აზიმოვი 2 ნოემბერს  ამტკიცებდა”ამ დაუცველ გარემოში”, ნატო-ს შეეძლო აზერბაიჯანისთვის ”უსაფრთხოების გარანტიები” შეეთავაზებინა. ის მოუწოდებდა ისეთი ფორმულისკენ, რომელიც ნატო-ს იმ შემთხვევაში, თუ მისი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება, მზადყოფნაში მოსვლას შეაძლებინებდა.

 

და ბოლოს, გადაუწყვეტელი რეგიონალური კონფლიქტები და მათი შემაფერხებელი ზემოქმედება სამხრეთ-კავკასიის უსაფრთხოებაზე, ნატო-საც და ევროკავშირსაც უქმნის პრობლემას. სამხრეთ-კავკასიის უსაფრთხოებისთვის ევროკავშირმა პოლიტიკური, ხოლო ნატო-მ რბილი სამხედრო ქმედებების საჭიროება უნდა დაინახოს. ეს ხისტი-რბილი ძალების ერთობლიობა ახალ გამოწვევებს შექმნიდა და შესძლებდა რუსეთის ”წარმოუდგენელი” ნაბიჯების შეკავებას, თუმცა  ნატო-რუსეთის კარგი ურთიერთობების  გარეშე. ამავე დროს რუსეთის ეგიდით მოქმედი CSTO და ნატო შემდგომშიც შესძლებდნენ მხოლოდ ”სეპარატულ, მაგრამ მეგობრულად განწყობილ მტრებად” დარჩენას.

[foreignpress.ge]