თითქმის ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიხაელ შუმახერს საფრანგეთის ალპებში უმძიმესი ინციდენტი შეემთხვა. ექიმებმა ის სასწაულად გადაარჩინეს დაღუპვას, მაგრამ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მოწყვეტილია სრულფასოვან ცხოვრებას.
შვეიცარიაში არსებულ ვილაში მას პერიოდულად აკითხავენ მეგობრები, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის მისი ფოტოები და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დაფარულია. ამ დროის განმავლობაში, მისი შვილი მიკი, ვინც სახელოვანი მამის ინციდენტისას 14 წლის იყო, უკვე ფორმულა 1-ის კარს უკაკუნებს. ფ1-ის ყველაზე ტიტულოვანი პილოტი კი რბოლებს ტელეეკრანის მეშვეობითღა უყურებს...
შუმახერის მენეჯერი საბინა კემი ყვება, თუ რატომ არ ავრცელებს ინფორმაციას ლეგენდარული გერმანელის ჯანმრთელობის შესახებ: „ერთხელ, ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, მიხაელმა მითხრა: საჭირო არაა, რომ მომავალ წელს დამირეკო, უნდა გავუჩინარდე. როგორც ჩანს, ის დიდი ხანია ამაზე ფიქრობს. სწორედ ამიტომ არის, რომ მასზე არაფერს ვამბობთ“.
შუმახერის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოების მიუხედავად, ახლახანს „დეილი მეილმა“ მისი ჯანმრთელობის შესახებ, გარკვეული ინფორმაცია მაინც მოიპოვა. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ გერმანელი აღარც წევს და არც წამლებს ღებულობს. უბრალოდ, მას ექთნები ემსახურებიან. ეს მომსახურება კი ოჯახს კვირაში 50 000 გირვანქა სტერლინგი უჯდება.
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტი ჟან ტოდტი თვეში ორჯერ ნახულობს თავის მეგობარს. ახლახანს მან განაცხადა, რომ ბრაზილიის დიდ პრიზს მიხაელთან ერთად უცქირა.
„ყოველთვის ვფრთხილობ მიხაელზე განცხადების გაკეთებისას. ეს მართალია, ბრაზილიის დიდი პრიზის რბოლას მის შვეიცარიის სახლში, მასთან ერთად, ტელეეკრანით ვუყურე“, - ამბობს ტოდტი, ვინც 2000-2004 წლებში, როცა შუმახერმა მსოფლიო ჩემპიონის ზედიზედ ხუთი ტიტული მოიპოვა, „ფერარის“ ხელმძღვანელი იყო.