დეპუტატები გახარიას 21 დეკემბერს მოუსმენენ

დეპუტატები გახარიას 21 დეკემბერს მოუსმენენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს პარალელურად, ველისციხეში განვითრებულ მოვლენებს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს. ნინო ლომჯარია დამოუკიდებელი გამოძიების წარმოების აუცილებლობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ გასარკვევია ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი.

„ჩვენ ვსწავლობთ მასალებს, რომ დავადგინოთ ვისი მხრიდან ჰქონდა გადაცდომას ადგილი. მათ შორის როგორ შეასრულეს ფუნქცია პოლიციელებმა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას და ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მოსაზრებები და ასეთ დელიკატურ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება არ იყოს მხოლოდ ცალმხრივი და იყოს სრულყოფილი და ყოვლისმომცველი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საპროტესტო აქციას აგრძელებს გაერთიანებული ოპოზიცია. ლიდერები ამბობენ, რომ დავით კირკიტაძის დაკავება არის მაგალითი იმის, თუ როგორ უბიძგებს ხელისუფლება ოპოზიციას, მიმართოს რადიკალურ ზომებს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრის გიორგი ვაშაძეს განცხადებით, საპროტესტო აქციის პარალელურად ოპოზიციის ლიდერები დავით კირკიტაძის დროულად გათავისუფლებისთვის იბრძოლებენ. ვაშაძემ იცის, რომ კირკიტაძის შემდეგ მას დააკავებენ. ასევე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს ხანებში სხვა პოლიტიკური ლიდერებიც დააკავონ.

„ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია მათი მხრიდან. რისთვის? რომ შემდგომ დაეწყოთ დაკავებები პოლიტიკური ლიდერების. რატომ კირკიტაძე? იმიტომ, რომ რუსთავში მოუგო არჩევნები მათ შტაბს და აქედან გამომდინარე, კირკიტაძე ერთ–ერთი პირველია, ვინც მათი სამიზნე გახდა, ეს საჯარო განცხადებებშიც თქვეს. შემდეგი ალბათ, ვიქნები მე, ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, ვინც იქ იყო. ზუსტად მაქვს ინფორმაცია, რომ ჭრიან ვიდეოებს და ეძებენ მაქსიმალურად იმ ფაქტებს, რომელსაც შეუძლიათ ჩაეჭიდონ.

ეს არის ჩვეულებრივი კანონგარეშე ქმედება პოლიციის ფორმაში ჩაცმული დაჯგუფების, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ კრიმინალური დაჯგუფება. ისინი პოლიციელებად, როცა უკანონოდ მოქმედებენ, ვერაფრით ვერ ჩაითვლებიან. ჩვენ ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე და ვერ შეძლებს ჩვენ შეშინებას ვერც ერთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ველისციხეში განვითარებული მოვლენები დაპირისპირების მიზეზი გახდა პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. ოპოზიციამ ფრაქციის სხდომაზე შს მინისტრის მისვლა და ველისციხეში განვითარებულ მოვლემენბზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მოსმენა მოითხოვა, რასაც კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს სალომე სამადაშვილსა და ოთარ კახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ეკა ბესელიამ სამადაშვილის მისამართით განმარტა, რომ მას შესაძლებლობა ჰქონდა ესაუბრა მხოლოდ პროცედურაზე და დაეყენებინა ის კონკრეტული საკითხები, რასაც პროცედურა ითვალისწინებს.

„ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და წესი. აქ მხოლოდ დებოშის ასატეხად მოდიხართ, თქვენ რეგლამენტში უნდა იმეცადინოთ და ხანდახან წაიკითხეთ“, – მიმართა ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილს.

კამათში ჩაერთო „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე, რომელმაც ეკა ბესელიას მიმართა, რომ მას აზრის დაფიქსირების შეზღუდვის უფლება არ ჰქონდა, არ იყო რევიზორი.

„ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული და კირკიტაძის დაკავება კიდევ უფრო ძაბავს შექმნილ ვითარებას“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

საპასუხოდ ეკა ბესელიამ მიმართა: „ინდულგენცია აქვს დავით კირკიტაძეს? თქვენი სენტიმენტები გამოხატეთ სხვაგან. დაწყნარდი და დანარჩენს გაარკვევენ საგამოძიებო ორგანოები. ზონდერები მოიკითხე მანდ. დაწყნარდი, საკმარისია, გეყოფათ. თქვენი მეგობრებისადმი სენტიმენტები გამოხატეთ იქ და იმ ფორმით, სადაც გინდათ“, – მიმართა ეკა ბესელიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

მწვავე დაპირისპირების შემდეგ ოპოზიციამ კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ოთარ კახიძის განცხადებით, გახარიას სურვილი, პლენარულ სხდომაზე წარსდგეს, მისი უფლებაა, მაგრამ ოპოზიცია მას კომიტეტის სხდომაზე ელოდება. უმცირესობა პარლამენტში შს მინისტრის მისვლასა და მოსმენას რეგლამენტის იმ მუხლის საფუძველზე ითხოვს, რომლის მიხედვით, შს მინისტრს ფრაქციის მოთხოვნით კომიტეტში იბარებენ. კახიძეს განცხადებით, ახალი რეგლამენტის მე-40-ე მუხლის საფუძველზე ფრაქციამ გიორგი გახარია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიბარა და ის ვალდებულია აღნიშნულ კომიტეტში გამოცხადდეს.

„ჩვენ პარლამენტის რეგლამენტის დაცვით გიორგი გახარიას კომიტეტის სხდომაზე ველოდებით. მასთან გვაქვს კონკრეტული კითხვები, რომელიც ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს, ზუგდიდის მე–6 საჯარო სკოლის გარდაცვლილ დირექტორთან დაკავშირებულ საქმეს, ახალქალაქის ინციდენტს, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო სისხლის სამართლის საქმეებს და ოპოზიციის შელახულ უფლებებს, როცა აქციის გამართვის საშუალება არ მიეცათ. ჩვენ მინისტრს ამ საკითხებზე ვიბარებთ. რაც შეეხება გიორგი გახარიას სურვილებს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარსდგეს, ეს არის მისი უფლება და მისი გადასაწყვეტი საკითხი“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

საქართველოს პარლამენტი, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, სავარაუდოდ, 21 დეკემბერს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოუსმენს. გახარიას პარლამენტში მოსმენის საკითხი სხდომის დღის წესრიგში ასახულია. შს მინისტრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმ პროცედურის მიხედვით მოდის, როცა მინისტრი პარლამენტს მოსმენის ინიციატივით თავად მიმართავს.

პარლამენტის ვიცე–სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, შს მინისტრი მზად არის პლენარულ სხდომაზე მოვიდეს და დეპუტატების ყველა კითხვას პასუხი გასცეს. ვოლსკის შეფასებით, „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნის მიზანი, მინისტრი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მივიდეს, დესტრუქცია და პოლიტიკური ცირკის მოწყობაა.

„ევროპული საქართველო პროცედურას იშველიებს. რეალურად კი არ უნდათ მის დანაყოფს „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციაში ჩამორჩნენ. დარწმუნებული ვარ, ყველა შეხვედრა, ყველა საკითხი, რომელიც პარლამენტში მიმდინარე პროცესებს ეხება, მომავალშიც ისე იქნება ინტერპრეტირებული და იმ კუთხით წაყვანილი, რომ როგორმე დაპირისპირება, შეუთანხმებლობა, ყვირილი და ხმაური მოხდეს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ, რომ ოპოზიციის მიმართ რაღაც უსამართლობა ხდება.

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოვა, ყველა კითხვას გასცემს პასუხს და თავადაც წარმოდგენს ინფორმაციას. ოპოზიციის მიზანი ცირკის მოწყობაა, რაც უნისონშია გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან, რომ არც ერთ დონეზე, არსად არანაირ მოლაპარაკებას არ აპირებენ. აქვთ ულტიმატუმები და მათი მიზანია ხელისუფლებას ულტიმატუმების შესრულება აიძულონ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.