„დაშავდნენ პოლიციელები და, თუ ხელისუფლებისგან არ იქნება შესაბამისი რეაქცია, ის პოლიციელებს დაკარგავს“

„დაშავდნენ პოლიციელები და, თუ ხელისუფლებისგან არ იქნება შესაბამისი რეაქცია, ის პოლიციელებს დაკარგავს“

ოპოზიციის მხრიდან პრეზიენტის ინაუგურაციის დღეს არეულობის მოწყობის მცდელობა ჯერჯერობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის დაკავებით დასრულდა, თუმცა კირკიტაძე ბრალდებას არ ეთანხმება და შიმშილობას აცხადებს. გაამწვავებს თუ არა პოლიტიკურ დაპირისპირებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შს სამინისტროს ეს გადაწყვეტილება, ადვილად პროგნოზირებადია. თუმცა იმ უწყების პროფესიონალიზმზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, რომელიც კირკიტაძის მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტს გამოიძიებს.

საექსპერტო წრეებში თვლიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად შეეცდება საკუთარი წევრის დაკავებით პოლიტიკური ქულების მაქსიმუმი მიიღოს, თუმცა, მეორე მხრივ საინტერესოა, რამდენად დამაჯერებელი აღმოჩნდება მათი არგუმენტები საზოგადოებისთვის - ანუ რეალურად ვინ აღმოჩნდება დაჩაგრული, კირკიტაძე თუ - პოლიციელი, რადგან ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მახასიათებელი სწორედ დაჩაგრულის მხარდაჭერაა.

როგორც ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, ყველა ხელისუფლება განსაკუთრებით მგრძნობიარეა გადატრიალების მიმართ და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ მხრივ ჩამორჩება კიდეც სხვებს.

„გაიხსენეთ, ნახევარი თურქეთი დაიჭირა ერდოღანმა და კვლავ ითხოვს გიულენის გადაცემას. მით უმეტეს, რომ მას ტელეეკრანიდან მოწოდებები არ გაუკეთებია და არ დაუსახელებია თურქებისთვის არც შეკრების ადგილები და არც გადატრიალების სტრატეგიაზე ულაპარაკია საჯაროდ - გიულენი უშუალო დირიჟორის ფუნქციას არ ასრულებდა, მაგრამ მას მიაწერენ ყველაფერს. ამ ფონზე, როდესაც ისმენ სხვა ქვეყნის მოქალაქის მოწოდებებს გადატრიალებაზე და არ აქვს მნიშვნელობა, მშვიდობიანია თუ არა ეს - გადატრიალება გადატრიალებაა!“- მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, თუ მათი ამოცანა ხელისუფლების შეცვლაა, შეცვალონ არჩევნების გზით, კონსტიტუციური მეთოდით.

„რატომ უბიძგებენ სიტუაციის რყევისკენ? - სხვა ლოგიკა აქვს მათ ქმედებას“?- აცხადებს საყვარელიძე.

თუ ბოლო წლების მანძილზე „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ დაპირისპირების ისტორიას გადავხედავთ, აშკარაა, რომ ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკა გაცილებით ხისტი და სასტიკი იყო ოპოზიციის მიმართ, თუმცა, თუ კირკიტაძის დაკავების ფაქტს გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ შედარებით, ხელისუფლება მეტ პრინციპულობას იჩენს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ვიდრე დღემდე გამოუვლენია.

რაც შეეხება კირკიტაძის დაკავებას, როგორც რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, დაშავდნენ პოლიციელები და, თუ ხელისუფლებისგან არ იქნება შესაბამისი რეაქცია, ის პოლიციელებს დაკარგავს.

„მსგავსი შემთხვევის დროს სხვა გზა არ აქვს არც ამ და არც სხვა, ნებისმიერ ხელისუფლებას. თუ პოლოიციელი დაშავდა, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. ყველა ქვეყანაში პოლიციელზე ხელის აღმართვა უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე სხვა შემთხვევები“,- აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დაკავებას სახალხო დამცველიც საკმად ზომიერი პოზიციით ეხმაურება და როგორც ნინო ლომჯარია აღნიშნავს, სახალხო დამცველი იმ შემთხვევაში დაიცავს კირკიტაძის პოზიციას, თუკი მას აღმოაჩნდება არგუმენტები, რატომ არ უნდა მომხდარიყო დაკავება.

როგორც რამაზ საყვარლიძე ვარაუდობს, მოსახლეობის განწყობებიც არ უნდა იყოს „ნაციონალების“ მიმართ დადებითი - სულ უფრო კლებულობს მათ მხარდამჭერთა რიცხვი და ამასაც აქვს თავისი მიზეზი.

„ერთი, რომ მდგომარეობა იმაზე მეტად გაუსაძლისი არ არის, ვიდრე ნაციონალური ხელისუფლების დროს იყო. გამოდის, ხალხი ქუჩაში იმიტომ უნდა გამოვიდეს, რომ წავიდეს ხელისუფლება, რომელიც არ მოსწონს და მოვიდეს სხვა ხელისუფლება, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდეს? როგორც ჩანს, სახალხო დამცველის პოზიციაში საზოგადოების ეს განწყობაც აისახა“, - აღნიშნავს საყვარელიძე.

ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ რეალურად არავინ იცის რა მოხდა, მათ შორის, არც სახალხო დამცველმა, რადგან ერთი ტელევიზია ერთს აჩვენებს, მეორე - მეორეს.

„როდესაც ლაპარაკია სამართალდარღვევაზე, აქ დაზუსტებული ფაქტების გარეშე სიტუაციას ვერ შეაფასებენ. გარდა ამისა, ქვეყანაშიც საკმაოდ რთული ვითარებაა და იმასაც ყველა გრძნობს, რომ უცოდველი კრავი არც ერთი მხარეა და არც მეორე. ამასაც თავი რომ დავანებოთ, საკმაოდ ხისტი დაპირისპირებაა ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის და არავის ინტერესში არ შედის ამ დაპირისპირების გაღვივება, ახალი სამოქალაქო კონფლიქტისკენ პროცესების წაყვანა“,- აცხადებს ძაბირაძე.

რაც შეეხება „ნაციონალებს“, სავარაუდოდ, მათ ინტერესში ამჯერადაც არ შედის საზოგადოებრივი განწყობების გათვალისწინება და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნის პარალელურად, შეეცდებიან, ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით, საარჩევნო კომისიის გადადგომა და ა.შ. ახალი ტალღის აგორების საბაბად გამოიყებნონ.

პრინციპში, ეს ის მოთხოვნებია რითაც „ნაციონალური მოძრაობა“ არეულობის შექმნის მცდელობებს ამართლებს, თუმცა რეალურად ვადამდელი არჩევნები სურთ თუ რევოლუციური სცენარის გამეორება, სავარაუდოდ, თავად „ნაციონალებისთვისაც“ შესაძლოა, ბოლომდე ცხადად ჩამოყალიბებული არ იყოს. როგორც რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, ზღაპრებში დედინაცვალს გერის თავიდან მოცილება რომ უნდა, თავს მოიავადმყოფებს და უკვდავების წლის მოტანას სთხოვს - ისეთი პრეტენზია წაუყენა, რომ უკან აღარ უნდა მობრუნებულიყო, მაგრამ ზღაპარმა თავისი ქნა და გერმა უკვდავების წყალი მოიტანა. შეუსრულებელი მოთხოვნების დაყენება ერთგვარი ხერხია და მხოლოდ ზღაპრისთვის არა.

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ამ შემთხვევაში შეუსრულებელი მოთხოვნის დაყენება საჭიროა იმისათვის, რომ უკმაყოფილების მუხტი მუდმივად არსებობდეს. იმხელა სია აქვთ მოთხოვნების და ერთი მაინც რომ დარჩეს შეუსრულებელი, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც უკმაყოფილო იქნება, ეს კი სასბაბია იმისათვის, რომ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდონ.

„გაიხსენეთ, სააკაშვილის მხრიდან როდისმე ყოფილა მოწოდება, მოემზადეთ არჩევნებისთვის ისე, რომ მოიგოთო? - მე მსგავსი არ მახსოვს. ეს არის რევოლუციური სცენარი, რადგან რევოლუცია უკმაყოფილო ადამიანებით კეთდება“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტის აზრით, მათ რომ არჩევნების მოგება უნდოდეთ, არსებობს ძალიან მარტივი სტრატეგია, რომელიც არ გახსენებიათ.

„ეს 6 წელი ჩუმად რომ ყოფილიყვნენ, ტკბილები, თბილები და კეთილები, გაცილებით მეტ ხმას მიიღებდნენ, გნებავთ, საპრეზიდენტო, გნებავთ - საპარლამენტო არჩევნებზე. ხალხს ბევრი რამ ავიწყდება ხოლმე და უშუალოდ იმაზე რეაგირებს, რაც იმ მომენტში ხდება. იგივე, ქრისტიანობამ მთელი მსოფლიო დაიპყრო სიკეთით - გინებით და დაშინებით მხარდამჭერები არ მოუპოვებიათ. როგორც ჩანს, ნაციონალებს მშვიდობიანი გზით სიარული არ სურთ, რადგან სიმშვიდის პერიოდში ძველი ცოდვების გახსენებას დაიწყებს ხალხი და ეს მათ არ აწყობთ“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე შეფასებით ახლა თუ გაუხსენებენ ამ ცოდვებს „ნაციონალებს“, აყვირდებიან პოლიტიკური დევნააო და კირკიტაძის დაკავებაც გახდება „ნაციონალებისთვის“ საბაბი, რომ პოლიტიკურ დევნაზე განაახლონ საუბარი.

ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, თუ ის დაინიშნა ხელისუფებაზე ზეწოლით, ანუ თუ საზოგადოების მხრიდან ზეწოლად იქნა აღქმული, მაშინ გადატრიალება აღარ არის საჭირო.

„როდესაც საქართველოში ამგვარი სიტუაციაა, ყოველთვის იმარჯვებს ოპოზიცია. საქმე იმაშია, ხელისუფლება რომ აიძულო, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, ეს შეიძლება იყოს დაპირისპირების სგანი. როგორ უნდა მოახერხოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება აიძულოს ამ ნაბიჯის გადადგმაზე, ეს არის პრობლემა თორემ ამისი მექანიზმი თუ ექნებათ, სულ აღარ სჭირდებათ გადატრიალება, ამის გარეშეც მიიღებდნენ ძალაუფლებას“,- მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

რახ შეეხება კირკიტაძის შემთხვევას, ვახტანგ ძაბირაძე თვლის რომ ასეთი დაკავება ზოგადად, სარისკო ნაბიჯია, თუმცა არის საკითხის მეორე მხარეც - ზუსტადც არავინ იცის, იქ რა მოხდა და წყაროდ არც ხელისუფლება გამოდგება და მით უმეტეს, არც „ნაციონალური მოძრაობა“. ექსპერტის შეფასებით, საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია იმ ვიდეომასალის მიხედვით, რომელიც, როგორც ამბობენ, არსებობს.

ძაბირაძის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება ფაქტი წარმოაჩინოს არა კანონის დარღვევად არამედ, რეპრესიების დაწყებად „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ - სწორედ ამიტომ, ხელისუფლებისთვის მომგებიანია მომხდარის შესახებ სრული ინფორმაციის გამოქვეყნება.

„მეორე მხრივ, არ მგონია, ამ ფაქტმა რაღაც ახალი ტალღის აგორება გამოიწვიოს და პერმანენტული აქციების საფუძველი გახდეს, ისე, რომ მოსახლეობის მხრიდანაც მხარდაჭერა მიუღონ. გარდა ამისა, თუ კირკიტაძემ მართლაც დაარღვია კანონი, თუ ხელისუფლება არ მიიღებდა შესაბამის ზომებს, ის ადამიანები, ვინც დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ, თავს უსაფრთხოდ იგრძნობდნენ და მოსალოდნელი იქნებოდა კიდევ უფრო მეტი კანონდარღვევა. კარგი იქნება თუ გამოძიებას პროკურატურა ჩაატარებს, რადგან შს სამინისტრო არის ერთი მხარე“,- აღნიშნავს ძაბირაძე.

ექსპერტის აზრით, არის ერთი მომენტიც - ნათელი უნდა გახდეს საზოგადოებისთვის, ხელისუფლების მხრიდან გზის გადაკეტვა და „ნაციონალური მოძრაობის“ თელავში არჩაშვება იყო თუ არა ოპოზიციის უფლებების დარღვევა - ანუ, იყო თუ არა ამის შესახებ გაფრთხილებული ოპოზიცია და თუ არ იყო - რატომ? როგორც ძაბირაძე აღნიშნავს, თუკი ეს არ იქნება გამოძიებული და არ დაიდება ობიექტური სურათი, მოგვიანებით ისევ ხელისუფლებას მოუბრუნდება.