ძალიან საინტერესო წყვილია "მანჩესტერ იუნაიტედი"-"პარი სენ-ჟერმენი". ისინი არასოდეს შეხვედრია ერთმანეთს ევროტურნირებში. ძალიან საინტერესო იქნება ჟოზე მოურინიო ნეიმარის, კილიან მბაპესა და ედინსონ კავანის კომპანიასთან, თუ პორტუგალიელი თებერვლამდე დარჩა "იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტზე.
"შალკე"-"მანჩესტერ სიტი" შედგა 2008/09 წლების სეზონში უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე. ინგლისურმა კლუბმა გელზენკირხენში 2:0 გაიმარჯვა. ამ გუნდების გზები გადაიყარა 1969/70 წლების სეზონის თასების მფლობელთა თასის გადათამაშების ნახევარფინალში, როცა "სიტიმ" 0:1 წააგო სტუმრად, ხოლო შინ 5:1 გაიმარჯვა.
"ატლეტიკო" და "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს 2014/15 წლების სეზონში. "ატლეტიკომ" შინ 1:0 მოიგო, ტურინული მატჩი კი 0:0 დასრულდა.
"ტოტენჰემი"-"დორტმუნდი" კარგად უნდა გვახსოვდეს ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების ჯგუფური ეტაპიდან, როცა ინგლისურმა კლუბმა ორივე თამაში მოიგო: 3:1 ლონდონში, 2:1 - დორტმუნდში. სამაგიეროდ, გერმანული გრანდი უკეთესი იყო "მამლებზე" ევროპალიგის 2015/16 წლების გათამაშებაში, როცა 1/8 ფინალში მეტოქე 3:0 (შინ) და 2:1 (სტუმრად) დაამარცხა.
"ლიონისა" და "ბარსელონას" ევროპული დაპირისპირებებიდან ბოლო იყო კატალონიური გრანდისთვის ტრიუმფალურ (2008/09) სეზონში, როცა "ბარსელონამ" ჯამში 6:3 მოუგო ფრანგულ კლუბს - 5:2 შინ, 1:1 სტუმრად. სულ კი ისინი ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც "ბარსამ" მოიგო 4, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
"რომა"-"პორტუ" ვნახეთ ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების ჩემპიონთა ლიგი პლეი ოფშიც, როცა პორტუგალიურმა გრანდმა საპასუხო მატჩში 3:0 გაიმარჯვა "ოლიმპიკოზე", ხოლო მანამდე შინ ფრე (1:1) იკმარა. მანამდე, ისინი 1981/82 წლების სეზონშიც გადაეყარნენ ერთმანეთს. თასების მფლობელთა თასის მეორე რაუნდში "პორტუმ" შინ 2:0 მოიგო, ხოლო რომში 0:0 ითამაშა და მეოთხედფინალში გავიდა. სხვათა შორის, ეს ის სეზონი იყო, როცა ამავე ტურნირში თამაშობდა თბილისის "დინამოც". მაშინ ჩვენი გუნდი ნახევარფინალში დამარცხდა ლიეჟის (ბელგია) "სტანდარდთან", რომელთანაც ასევე ვერაფერს გახდა "პორტუ" - 0:2, 2:2 მეოთხედფინალში.
"აიაქსისა" და "რეალის" ბოლო 6 დაპირისპირებიდან ყველა "სამეფო კლუბმა" მოიგო, გაიტანა რა ამ თამაშებში 20 გოლი და გაუშვა მხოლოდ 2. უკანასკნელად "აიაქსი" და "რეალი" ერთმანეთს 2012/13 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. მადრიდულმა გრანდმა ორივე თამაში ერთნაირი ანგარიშით, 4:1 მოიგო.
"ლივერპული"-"ბაიერნი" ევროპული კლასიკაა. გასული საუკუნის 70-იან წლებში, კერძოდ, 1974-დან 1978 წლის ჩათვლით ჩემპიონთა თასს მხოლოდ "ბაიერნი" და "ლივერპული" იგებდნენ - ზედიზედ 3-ჯერ გაიმარჯვა "ბაიერნმა", ხოლო ორჯერ - "ლივერპულმა". ბოლოს ისინი ერთმანეთს 2001 წელს, მონაკოში, უეფას სუპერთასის მატჩში შეხვდნენ. მაშინ "ლივერპულმა" 3:2 მოუგო ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ "ბაიერნს".