კეთილების ზანზარი

კეთილების ზანზარი

(გიგი მესვეტე)

არა მგონია, საქართველოში ჩატარებულ რომელიმე არჩევნებს ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა, როგორიც იმას, ხუთი ოქტომბრის დილის რვა საათზე კარზე რომ მოგვიკაკუნებს და საღამოს 8 საათზე ხელს რომ დაგვიქნევს, აბა, კარგად მეყოლეთო.

“კარგად მეყოლეთ” - ამ ორ სიტყვაში ზოგჯერ კეთილი სურვილები იგულისხმება, ზოგჯერ – პესიმიზმი და ირონია. თუ დაგვემშვიდობა და ჩვენსკენ აღარ მოიხედა...

მაშინ იქნება შავად საქმე, მაგრამ არა მგონია საქმე აქამდე მივიდეს – ადამიანებს დღეში ორჯერ მაინც აქვთ კვების მოთხოვნილება, საკვებს, სასუქის სახით სახნავ-სათესი მიწაც ითხოვს. გარდა ამისა, არც სულიერი საზრდო უნდა დაგვავიწყდეს – აგუტინი, რუსლანა, გლუკოზა, გაფუჭებული კოშკი რიყეზე და საქანელა, რომელიც ერთნაირად ტრიალებს გლდანში, საღორიაზე და ბათუმის ბულვარში. ყველა ეს სიკეთე არჩევნებს მოაქვს. უფრო ზუსტად – წინასაარჩევნო კამპანიას, რომლის დროსაც ხმებზე მონადირენი ტყუილებში მწყერებზე მონადირეებს და მეთევზეებს ეჯიბრებიან.

მაშ ასე – არჩევნებამდე ჯერ შორია. მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია. სიებს ადგენენ და ერთმანეთს უჩივიან. შიდაპარტიული ბრძოლები, პრინციპში, დასრულდა. უკან დარჩა ბოღმიანი ჩურჩული პატარ-პატარა პარტიული მუშაკების კაბინეტებში და უკვე ღვარძლიანი დებატების ეტაპზე გავედით. ბოლოს, 6 ოქტომბერს, ერთმანეთისკენ თითებს რომ გაიშვერენ, ასე დარჩებიან მომავალ არჩევნებამდე.

რამდენს სურს არჩევნებში გამარჯვება და ხალხის კეთილდღეობისთვის უანგარო ზრუნვა, მუხლჩაუხრელი შრომა და...

ძალიან მინდოდა გამომეყენებინა სიტყვა ”რუდუნებით”, მაგრამ ვერ მოვახერხე.

მოკლედ, ტოტალიტარულ ქვეყნებში სხვებს საკუთარი კეთილდღეობისთვის ლანძღავენ, ქრესტომათიული დემოკრატიის ისეთ ქვეყნებში კი, როგორიცაა, მაგალითად საქართველო, სხვათა ლანძღვა ისევ სხვათა კეთილდღეობისთვის ხდება.

დაახლოებით შემიძლია აღვადგინო (ცოტათი, რასაკვირველია, გავაფორმებ კიდეც) მონოლოგი, რომელიც თბილისში, გოგი დოლიძის ქ. #17-ში მოვისმინე:

“ვინ?! ლეიბორისტები გააკეთებენ საქმეს?! რომელს გინახავთ რომ მაგათ ლაყაფის გარდა რამე ეკეთებინოთ? ან, დავითაშვილი ვინ ოხერია და გრანტიჭამია ხიდაშელს როგორ უნდა მისცეთ ხმა? ერთმანეთში ვერ მოილაპარაკეს და ვერ გაერთიანდნენ, ეგენი გააერთიანებენ საქართველოს?”

ამომრჩევლის სტატუსამდე ამაღლებული გლახაკნი და უპოვარნი იდგნენ და თავებს აკანტურებდნენ.

აქამდე მეც ვეთანხმებოდი.

“უგულავას და სუბელიანს უნდა მისცეთ ხმა. ეგენი ყველა პრობლემას გადაგიწყვეტენ. აი, თქვენ, ქალბატონო, რა გაწუხებთ. ფსორიაზი? თქვენ ეგზემა? თქვენ ბუასილი? ჩვენ დაგეხმარებით. ააა, თქვენ ქრონიკული ყაბზობა და პერმანენტული ფაღარათი გტანჯავთ? ეგ ცოტა რთული საკითხია, მაგრამ მივხედავთ. მთავარია, გიგი იყოს მერი და კობა მისი მოციქული”.

დავითაშვილი - ხიდაშელი - ბერძენიშვილის და ნათელაშვილი -ნათელაშვილი - ნათელაშვილის აგიტატორები არაფრით ჩამოუვარდებიან მიშას მოციქულებს. როგორც წესი, მათი სეფე-სიტყვებიც ორ ნაწილად იყოფა ხოლმე და, როგორც წესი, პირველ ნაწილში მეც უსიტყვოდ ვეთანხმები.

საქართველოში არჩევნები კეთილების ზანზარით იწყება და კეთილების ზანზარით მთავრდება. ბოლოს 6 ოქტომბერს, ერთმანეთისკენ თითებს გაიშვერენ და ასე დარჩებიან მომავალ არჩევნებამდე.

არჩევნებში დამარცხებულები საჩვენებელ თითს იშვერენ - “თქვენ მოკალით დემოკრატია”, არჩევნებში გამარჯვებულები აქტიურად იყენებენ შუა თითს - “... ... ...”. ცხოვრებაში დამარცხებულებს თავისი წილი სამი თითი ხვდებათ.

ადგილი აქვს კეთილების ზანზარს, კარგების ჟრიალს და კრავთა დუმილს.

კაკო ბობოხიძე საკრებულოში დაჯდება? კი, მაგრამ, ეგ ხომ სარდალია?! მერე რა - იულიუს კეისარიც დადიოდა ხოლმე სენატის სხდომებზე. კაკოც ივლის და სადაც ჟურნალისტს დაინახავს, კეთილების ზანზარიც იქ ატყდება.

კაკო ბობოხიძით არ იწყება ცხოვრება და არც მთავრდება. უბრალოდ, ცხოვრება გრძელდება, და გრძელდება კაკო ბობოხიძესთან ერთად, მესხიშვილთან ერთად, ბაღათურიასთან ერთად...

ყველანი მაგარი ბიჭები არიან. ერთი, ჩვენ ვართ სულელები. ჩვენ – მოტყუებული ამომრჩევლები.

ისე, მე არც ეგზემა მაწუხებს და არც ის ვიცი, პანკრიასი სად იმყოფება და ამიტომ არც არჩევნებზე წავალ. თუ ღმერთი გამიწყრა და მაინც ჩავდექი შეურაცხყოფილთა და დამცირებულთა რიგში, შალვა ნათელაშვილს მივცემ ხმას – ათი წელია უფასო შუქს, უფასო გაზს, უფასო განათლებას და უფასო სამედიცინო მომსახურებას გვპირდება და ისე როგორ იქნება უფასო ხინკალზე და უფასო ლუდზე არ ეფიქროს.